სოლისებრი ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სოლისებრი ძვალი  (Os sphenoidale;   Sphenoid bone)

სოლისებრი ძვალი – os sphenoidale, ქალას ფუძის ცენტრალური ნაწილია. იგი შედგება სხეულისა და მისგან გამომავალი სამი წყვილი ფრთისაგან. სოლისებრი ძვლის სხეული კუბის ფორმისაა და აქვს 6 ზედაპირი. სხეულის ზედა ზედაპირი ქალას ღრუსკენაა მიქცეული, ფორმით უნაგირს ჰგავს და თურქული კეხი – sella turcica ეწოდება. კეხის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ჰიპოფიზის ფოსო – fossa hypophysialis, რომელშიცმოთავსებულია ტვინის დანამატი (ჰიპოფიზი), hypophysis. თურქული კეხი წინიდან შემოსაზღვრულია კეხის ბორცვით – tuberculum sellae. მის უკან, გვერდებზე განლაგებულია შუა დახრილი მორჩი – processus clinoideus medius. კეხის ბორცვის წინ გადის ჯვარედინი ღარი – sulcus chiasmatis. მასზე მდებარეობს მხედველობის ჯვარედინი – chiasma opticum. აღნიშნული ღარი გადადის მხედველობის არხში – canalis opticus. ღარის წინ მდებარეობს სადა ზედაპირი- სოლისებრი შემაღლება – jugum sphenoidale.

სოლისებრი ძვალი

სოლისებრი ძვლის სხეულის ზედა ზედაპირის წინა კიდე დაკბილულია, გამოდის წინ და უერთდება ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის – lamina cribrosa,  უკანა კიდეს სოლისებრ-ცხავის ნაკერით, – sutura  sphenoethmoidalis. თურქული კეხი უკნიდან შემოსაზღვრულია კეხის ზურგით – dorsum sellae, რომელიც ორივე მხარეზე მთავრდება უკანა დახრილი მორჩით – processus clinoideus posterior. კეხი გვერდებიდან შემოსაზღვრულია საძილე ღარით – sulcus caroticus (მასში გაივლის საძილე არტერია და ნერვები). ღარის უკანა კიდესთან, გარეთ აღინიშნება წაწვეტებული მორჩი – სოლისებრი ძვლის ნაქი – lingula sphenoidalis. კეხის ზურგის უკანა ზედაპირი გადადის კეფის ძვლის ძირითადი ნაწილის ზედა ზედაპირში და წარმოქმნის თავქვეს – clivus (მასზე მდებარეობს მოგრძო ტვინი, ხიდი, ძირითადი არტერია და მისი ტოტები). სხეულის უკანა ზედაპირი ხორკლიანია; სოლისებ-კეფის სინქონდროზით – synchondrosis sphenooccipitalis იგი უკავშირდება კეფის ძვლის ძირითად ნაწილს. სხეულის წინა და ქვედა ზედაპირის ნაწილი მიქცეულია ცხვირის ღრუსაკენ. სხეულის წინა ზედაპირის შუაში მდებარეობს სოლისებრი ქედი – crista sphenoidalis. მისი წინა კიდე უკავშირდება ცხავის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტას – lamina perpendicularis. ქედის ქვედა ნაწილი წაწვეტებულია და წარმოქმნის სოლისებრ ნისკარტს – rostrum sphenoidale. ქედის გვერდებზე მდებარეობს თხელი ფირფიტა – სოლისებრი ნიჟარა – concha sphenoidalis. ეს ნიჟარა წარმოქმნის სოლისებრი წიაღის – sinus sphenoidalis, წინა და ნაწილობრივ ქვედა კედლებს და აქვს ხრელი – სოლისებრი წიაღის ხვრელი – apertura sinus sphenoidalis. ხვრელის გარეთ მდებარეობს მცირე ზომის ჩაღრმავებები, რომლებიც ხურავენ ცხავის ძვლის ლაბირინთის უკანა ნაწილის უჯრედებს. ამ ჩაღრმავებების გარეთა კიდეები ნაწილობრივ უერთდება ცხავის ძვლის თვალბუდისეულ ფირფიტას სოლისებრ-ცხავის ნაკერით – sutura sphenoethmoidalis, ხოლო ქვედა კიდეები – სასის ძვლის თვალბუდის მორჩს – processus orbitalis. სოლისებრი წიაღი – sinus sphenoidalis, წყვილი ღრუა, ავსებს სოლისებრი ძვლის სხეულის უდიდეს ნაწილს და მიეკუთვნება პარანაზალურ წიაღებს. წიაღები ერთმანეთისაგან გაყოფილი არიან სოლისებრი წიაღის ძგიდით – septum sinuum sphenoidalium. სოლისებრი წიაღის თითოეული ღრუ  სოლისებრი წიაღის ხვრელით – apertura sinus sphenoidalis უკავშირდება ცხვირის ღრუს. წოლისებრი წიაღის ღრუ ამოფენილია ლორწოვანი გარსით. სოლისებრი ძვლის მცირე ფრთები – alae minores, გამოდიან სოლისებრი ძვლის ზემო ზედაპირის წინა ნაწილიდან. მცირე ფრთის ორ ფეხს შუა მოთავსებულია მხედველობის არხი – canalis opticus, რომელშიც გაივლის მხედველობის ნერვი, n. opticus, და თვალის არტერია – a. ophthalmica. მცირე ფრთები ზედა ზედაპირით ქალას ღრუსკენაა მიქცეული, ხოლო ქვედათი – თვალბუდის ღრუში და ხურავს თვალბუდის ზედა ნაპრალს – fissura orbitalis superior. მცირე ფრთის წინა კიდე უერთდება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილს. უკანა ჩაზნექილი და სადა კიდე თავისუფლად გადის ქალას ღრუში და წარმოადგენს საზღვარს ქალას წინა და შუა ღრუებს – fossae cranii anterior et media, შორის. უკანა კიდე მედიალურად მთავრდება კარგად გამოხატული წინა დახრილი მორჩით – processus clinoideus anterior (მას ემაგება ტვინის მაგარი გარსის ნაწილი, რომელიც წარმოქმნის თურქული კეხის დიაფრაგმას – diaphragma sellae). დიდი ფრთები – alae majores, გამოდიან სოლისებრი ძვლის სხეულის გვერდითი ზედაპირებიდან. მათ აქვთ ხუთი ზედაპირი და სამი კიდე. ზედა, სატვინე ზედაპირი – facies cerebralis, ქალას ღრუსკენაა მიმართული. მასზე აღინიშნება თითისებრი ჩანაჭდევები – impressiones digitatae, სატვინე შემაღლებები და არტერიული ღარები – sulci arteriosi.

ფრთის სატვინე ზედაპირზე სამი ხვრელია: 1. მრგვალი ხვრელი – foramen rotundum (მასში გაივლის ზედა ყბის ნერვი, n. maxillaris); 2. ოვალური ხვრელი – foramen ovale (იგი ატარებს ქვედა ყბის ნერვს, n. mandibularis, და სისხლძარღვოვან ქსელს); 3. წვეტიანი ხვრელი – foramen spinosum (მასში გაივლის შუა მენინგეალური არტერია, ვენა და ნერვი). დიდი ფრთის თვალბუდის ზედაპირი – facies orbitalis, სადაა, მიმართულია თვალბუდის ღრუსაკენ და წარმოქმნის მისი გარეთა კედლის უდიდეს ნაწილს. ამ ზედაპირის ქვედა კიდესა და ზედა ყბის სხეულის თვალბუდის ზედაპირის უკანა კიდეს შორის იქმნება თვალბუდის ქვედა ნაპრალი – fissura orbitalis inferior. სოლისებრი ძვლის ზედაყბის ზედაპირი – facies maxillaris, ზემოდან შემოსაზღვრულია თვალბუდის ზედაპირით, გვერდებიდან და ქვევიდან – სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის ძირით. იგი შედის ფრთა-სასის ფოსოს – fossa pterygopalatina უკანა კედლის შემადგენლობაში. საფეთქლის ზედაპირი – facies temporalis, მონაწილეობს საფეთქლის ფოსოს – fossa temporalis კედლის წარმოქმნაში (მასზეა მიმაგრებული საფეთქლის ძვალი m. temporalis). ქვემოდან ეს ზედაპირი შემოსაზღვრულია საფეთქელქვედა ქედით – crista infratemporalis, მის ქვევით მდებარე ზედაპირზე კი იხსნება ოვალური ხვრელი – foramen ovale, და წვეტიანი ხვრელი – foramen spinosum. იგი წარმოქმნის საფეთქელქვედა ფოსოს – fossa infratemporalis ზედა კედელს (აქედან იწყება  ფრთისებრი ლატერალური კუნთის m . pterygoideus lateralis ნაწილი).

შუბლის კიდე – margo frontalis, უერთდება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილს სოლისებრ-შუბლის ნაკერით – sutura sphenofrontalis. შუბლის კიდის გარეთა ნაწილი მთავრდება თხემის კიდით – margo parietalis, რომელიც თხემის ძვალთან ქმნის სოლისებრ-თხემის ნაკერს – sutura sphemparietalis. სოლისებრი ძვლის წინა, ყვრიმალის კიდე – margo zygomaticus, დაკბილულია, უერთდება ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩს – processus frontalis,  სოლისებრ-ყვრიმალის ნაკერით, sutura sphenozygomatica.

უკანა, ქიცვისებრი კიდე – margo squamosus, უერთდება საფეთქლის ძვლის სოლისებრ კიდეს – margo sphenoidalis, სოლისებრ-ქიცვის ნაკერით, sutura sphenosquamosa. ქიცვისებრი კიდე უკან მთავრდება სოლისებრი ძვლის წვეტით – spina ossis sphenoidalis (მას ემაგრება სოლისებრ-ქვედაყბის იოგი, lig. sphenomandibulare, და სასის ფარდის გამჭიმავი კუნთის კონები).

დიდი ფრთის უკან მდებარეობს საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილი – pars petrosa, და შემოსაზღვრავს სოლისებრ-კლდოვან ნაპრალს – fissura sphenopetrosa, რომელიც მედიალურად გადადის დაფლეთილ ხვრელში – foramen lacerum; ეს ნაპრალი ამოვსებულია ხრტილით, ე. წ. სოლისებრ-კლდოვანი სინქონდროზით – synchondrosis sphenopetrosa. ფრთისებრი მორჩები, გამოდიან სოლისებრი ძვლის სხეულთან დიდი ფრთების შეერთების ადგილიდან და ეშვებიან ქვევით. თითოეული მორჩი შედგება ორი ფირფიტისაგან: ფრთისებრი მორჩის გარეთა ფირფიტა – lamina lateralis processus pterygoidei, და შიგნითა ფირფიტა – lamina medialis processus pterygoidei. ფირფიტები ერთმანეთს უერთდებიან წინა ნაპირებით, და შემოსაზღვრავენ ფრთისებრ ფოსოს – fossa pterygoidea (აქ იწყება ფრთისებრი მედიალური კუნთი, m. pterygoideus medialis). ქვედა ნაწილებით ფირფიტები შემოსაზღვრავენ ფრთისებრ ნაჭდევს – incisura pterygoidea. შიგნითა ფირფიტის თავისუფალი ნაპირი მთავრდება ფრთისებრი კავით – hamulus pterygoideus, რომლის გარეთა ზედაპირზე არის ფრთისებრი კავის ღარი – sulcus hamuli pterygoidei. შიგნითა ფირფიტის უკანა ზედა კიდე წარმოქმნის მოგრძო ფორმის ნავისებრ ფოსოს – fossa scaphoidea (ამ ფოსოში იწყება სასის ფარდის გამჭიმავი კუნთის კონები, m. tensor veli palatini). ნავისებრი ფოსოს გარეთ გაივლის სასმენი მილის ღარი – sulcus tubae audilivae, რომელიც ლატერალურად გადადის დიდ ფრთაზე და მიდის სოლისებრი ძვლის წვეტამდე – spina ossis sphenoidalis (ამ ღარში თავსდება სასმენი მილის ხრტილი). ნავისებრი ფოსოს ზემოთ და მისგან მედიალურად არის ხვრელი, რომელიც გადადის ფრთისებრ არხში – canalis pterygoideus. არხი მიემართება საგიტალურად ფრთისებრი მორჩის ძირის სისქეში და იხსნება დიდი ფრთის ზედაყბის ზედაპირზე ფრთა-სასის ფოსოს უკანა კედელზე. შიგნითა ფირფიტიდან შიგნით მიემართება საბუდე მორჩი – processus vaginalis, რომელიც მოთავსებულია სოლისებრი ძვლის სხეულის ქვემოთ, ფარავს სახნისის ფრთას, а/а vomeris. რის შედეგადაც სახნის-საბუდე ღარი – sulcus vomero-vaginalis, გარდაიქმნება სახნის-საბუდე არხში – canalis vomerovaginalis. მორჩიდან გარეთ ზოგჯერ არსებობს საგიტალურად მიმართული სასა-საბუდე ღარი – sulcus palatovaginalis. ზოგჯერ გარეთა ფირფიტის უკანა კიდიდან სოლისებრი ძვლის წვეტისაკენ მიემართება ფრთა-წვეტიანი მორჩი – processus pterygospinosus, რომელმაც შესაძლოა მიაღწიოს აღნიშნულ წვეტს და წარმოქმნას ხვრელი.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.