გული

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გული Cor Heart

დასაწყისი იხ. >>

აორტის ხვრელში მდებარეობს აორტის სარქველი – valva aortae, რომელიც სამი – მარჯვენა, მარცხენა, და უკანა ნამგლისებრი აფრით –  valvulae semilunares dextra, sinistra et posterior იქმნება. აორტის ნამგლისებრი აფრები, ისევე როგორც ფილტვის ღეროს ნამგლისებრი აფრები, წარმოქმნილია ენდოკარდის დუბლიკატურით, მაგრამ უკეთაა განვითარებული. თითოეულ მათგანში მდებარეობს აორტის სარქვლის კვანძები – nodulus valvulae aortae.

გულის კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა – ეპიკარდიუმი – epicardium, შუა – მიოკარდიუმი – myocardium, შიგნითა – ენდოკარდიუმი – endocardium.

გულის კედელი

გულის გარეთა სეროზული გარსი ორი ფურცლისგან შედგება: ვისცერული და პარიეტული. ვისცერული ფურცელი, ანუ ეპიკარდიუმი შეზრდილია პარკუჭებისა და, ნაწილობრივ, წინაგულების კედლებთან, ფარავს ფილტვის ღეროს და აორტის ასწვრივ ნაწილს, ქმნის საერთო პარკს მათთვის და გადადის წინაგულების წინა კედელზე; ამ სისხლძარღვების უკან და წინაგულების წინა კედლების წინ მდებარე ნაპრალს პერიკარდის განივი სინუსი – sinus transvrsus pericardii ეწოდება. სეროზული გარსის პარიეტულ ფურცელს გულის პერანგი, ანუ პერიკარდი – pericardium ეწოდება. იგი ფარავს გულს ყველა მხრიდან და შეზრდილია შუასაძგიდის მყესოვან ცენტრთან და პლევრის პარიეტული ფურცლის შუასაყრის ნაწილთან. პერიკარდიუმი, ანუ გულის პერანგი შედარებით უფრო სქელია, ვიდრე ეპიკარდიუმი. სეროზული გარსის ვისცერულ და პარიეტულ ფურცლებს შორის რჩება გულის პერანგის სივრცე – პერიკარდიუმის ღრუ – cavum pericardii, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობის სეროზულ სითხეს.

გული

გულის კუნთოვანი გარსი, ანუ მიოკარდიუმი – myocardium, გულის კუნთი, გულის კედლის მნიშვნელოვან ნაწილია. გულის კედლის სისქეს ძირითადად მისი კუნთოვანი გარსი ქმნის. წინაგულების კუნთოვან გარსსა და პარკუჭების კუნთოვან გარსებს შორის მდებარეობს მჭიდრო ბოჭკოვანი ქსოვილი, რომელიც ქმნის მარჯვენა და მარცხენა ფიბროზულ რგოლებს – anuli fibrosi, dexter et sinister. გულის გარეთა ზედაპირის მხრიდან მათი მდებარეობა შეესაბამება გვირგვინოვანი ღარის მიდამოს. მარჯვენა ფიბროზული რგოლი – anulus fibrosus dexter მდებარეობს მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის გარშემო და აქვს ოვალური ფორმა. მარცხენა ფიბროზული რგოლი – anulus fibrosus sinister მდებარეობს მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის ირგვლივ და აქვს ნალისებრი ფორმა. მარცხენა ფიბროზული რგოლი წინა ნაწილებით ემაგრება აორტის ფესვს, და მის უკანა პერიფერიაზე წარმოქმნის სამკუთხა ფორმის შემაერთებელქსოვილოვან ფირფიტებს – მარჯვენა და მარცხენა ფიბროზულ სამკუთხედებს – trigonum fihrosum dextrum et trigonum fibrosum sinistrum. მარჯვენა და მარცხენა ფიბროზული სამკუთხედები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან საერთო ფირფიტით, რომელიც იზოლირებას უკეთებს წინაგულების მუსკულატურას პარკუჭების მუსკულატურისაგან (გარდა მცირე უბნისა). შემაერთებელი ფიბროზული ფირფიტის შუაში მდებარეობს ხვრელი, საიდანაც წინაგულების მუსკულატურა უკავშირდება პარკუჭების მუსკულატურას გამტარი იმპულსებით. ფიბროზული რგოლები მდებარეობენ ასევე აორტის ხვრელისა და ფილტვის ღეროს ხვრელის ირგვლივ.

წინაგულების კუნთოვანი გარსი. წინაგულების კედელში არჩევენ ორ კუნთოვან შრეს: ზედაპირულსა და ღრმას. ზედაპირული შრე საერთოა ორივე წინაგულისათვის და წარმოადგენს კუნთოვან კონებს, რომლებიც მიიმართებიან უპირატესად განივი მიმართულებით; ისინი განსაკუთრებით კარგად არიან გამოხატული წინაგულების წინა ზედაპირზე. წინაგულების უკანა ზედაპირზე ზედაპირული შრის კუნთოვანი კონები ნაწილობრივ ეწვნებიან ძგიდის უკანა ნაწილებში.

გულის უკანა ზედაპირზე, ზედაპირული შრის კუნთების კონებს შორის მდებარეობს ეპიკარდით დაფარული ჩაღრმავება. მისი გავლით წინაგულების ძგიდეში შედის ნერვული ღეროები, რომლებიც აინერვირებენ წინაგულების ძგიდეს, პარკუჭების ძგიდესა და წინაგულების მუსკულატურის პარკუჭების მუსკულატურასთან დამაკავშირებელ, ე. წ. წინაგულ – პარკუჭის კონას – fasciculus atrioventricularis. მარჯვენა და მარცხენა წინაგულების კუნთების ღრმა შრე არ არის საერთო ორივე წინაგულისათვის. მასში არჩევენ ირგვლივ, და მარყუჟისებრ, ანუ ვერტიკალურ კუნთოვან კონებს. ირგვლივი კუნთოვანი კონები დიდი რაოდენობითაა განვითარებული მარჯვენა წინაგულში; ისინი ძირითადად განლაგებულნი არიან ღრუ ვენების ხვრელების ირგვლივ, გადადიან მათ კედლებზე, ასევე გულის გვირგვინოვანი სინუსის ირგვლივ, ოვალური ფოსოს კიდესთან; მარცხენა წინაგულში ისინი განლაგებულნი არიან ფილტვის ოთხი ვენის ხვრელის ირგვლივ და მარცხენა ყურთან. ვერტიკალური კუნთოვანი კონები მდებარეობს პერპენდიკულარულად წინაგულ – პარკუჭის ხვრელის ბოჭკოვანი რგოლების მიმართ. ვერტიკალური კუნთოვანი კონების ნაწილი შედის მიტრალური და სამკარიანი სარქვლების საგდულების სისქეში. კუნთოვანი გარსის ღრმა შრის კონები ქმნიან სავარცხელა კუნთებს – mm. pectinati. ისინი განსაკუთრებით კარგად არიან განვითარებული მარჯვენა წინაგულის წინა მარჯვენა კედლის შიგნითა ზედაპირზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა ყურის; მარცხენა წინაგულში კუნთები ნაკლებადაა გამოხატული. სავარცხელა კუნთებს შორის შუალედებში წინაგულებისა და ყურების კედელი გათხელებულია. ორივე ყურის შიგნითა ზედაპიზე მდებარეობს მოკლე და თხელი კონები, ე. წ. ხორციანი ხარიხები – trabeculae carneae, რომლებიც წარმოქმნიან თხელ მარყუჟისებრ ბადეს.

პარკუჭების კუნთოვანი გარსი. კუნთოვან გარსში არჩევენ სამ კუნთოვან შრეს: გარეთა, შუა და ღრმა. გარეთა და ღრმა შრეები საერთოა ორივე პარკუჭისათვის; შუა შრე ცალკ-ცალკე აქვს თითოეულ პარკუჭს.

გული

გარეთა, შედარებით თხელი შრე შედგება ირიბი, ნაწილობრივ ირგვლივი კონებისაგან. გარეთა შრის კონები იწყება გულის ფუძესთან ორივე პარკუჭის ფიბროზული რგოლიდან და ნაწილობრივ აორტისა და ფილტვის ღეროს ფესვიდან. გულის წინა ზედაპირზე გარეთა კონები მიიმართება მარჯვნიდან მარცხივ, ხოლო უკანა ზედაპირზე – მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხენა პარკუჭის მწვერვალზე გარეთა შრის ორივე კონა წარმოქმნის ე. წ. გულის მორევს (ქოჩორს) – vortex cordis, აღწევს გულის კედლის სიღრმეში და გადადის ღრმა კუნთოვან გარსში.

ღრმა შრე შედგება კონებისაგან, რომლებიც მიიმართებიან მწვერვალიდან ფუძისაკენ. მას აქვს ცილინდრული, ნაწილობრივ – ოვალური ფორმა და წარმოქმნის სხვადასხვა სიდიდის მარყუჟებს. შედარებით მოკლე კონები ვერ აღწევენ გულის ფუძეს, მიიმართებიან ირიბად გულის ერთი კედლიდან მეორისაკენ ხორციანი ხარიხების – trabeculae carneae სახით. ხარიხები განლაგებულია ორივე პარკუჭის მთელს შიგნითა ზედაპირზე, გარდა შიგნითა კედელისა (ძგიდე). მოკლე, მაგრამ ძლიერი  კონები თავისუფლად გამოდიან პარკუჭის ღრუში და  წარმოქმნიან დვრილისებრ კუნთებს – mm. papillares. მარჯვენა პარკუჭის ღრუში სამი დვრილისებრი კუნთია, მარცხენაში – ორი. თითოეული დვრილისებრი კუნთის მწვერვალიდან გამოდის მყესოვანი სიმები – chordae tendineae, რომლის საშუალებითაც დვრილისებრი კუნთები უკავშირდებიან სამკარიანი ან მიტრალური სარქვლის თავისუფალ კიდესა და ნაწილობრივ მათ ქვემო ზედაპირს. ამასთან, ყველა მყესოვანი სიმი დაკავშირებული არ არის დვილისებრ კუნთთან. რიგი მყესოვანი სიმებისა იწყება უშუალოდ ხორციანი ხარიხებიდან და ემაგრება საგდულების ქვემო პარკუჭოვან ზედაპირს. დვრილისებრ კუნთებს მყესოვან სიმებთან ერთად უჭირავთ სარქველების  საგდულები სისხლის ნაკადით მათი დახურვის დროს, როდესაც სისხლი მიედინება შეკუმშული პარკუჭიდან (სისტოლა) მოდუნებულ წინაგულში (დიასტოლა); ხვდება რა წინააღმდეგობას სარქველების მხრიდან, სისხლის გადადის არა წინაგულში, არამედ აორტის ხვრელსა და ფილტვის ღეროში, რომლის ნამგლისებრი აფრები სისხლის ნაკადით მიეკვრებიან ამ სისხლხარღვების კედლებს და სისხლძარღვის სანათურს ტოვებენ ღიად. კუნთოვანი გარსის გარეთა და ღრმა შრეებს შორის  არსებული შუა შრე  თითოეული პარკუჭის კედელში წარმოქმნის კარგად განვითარებულ ირგვლივ კონებს. შუა შრე კარგადაა განვითარებული მარცხენა პარკუჭში, ამიტომ მარცხენა პარკუჭის კედელი უფრო სქელია მარჯვენაზე. მარჯვენა პარკუჭის შუა კუნთოვანი შრის კონებს აქვთ განივი და ირიბი მიმართულება გულის ფუძიდან მწვერვალამდე.

პარკუჭთაშუა ძგიდე – septum interventriculare წარმოქმნილია ორივე პარკუჭის სამი კუნთოვანი შრით. თუმცა მის წარმოქმნაში განსაკუთრებულ მონაწილეობას ღებულობს მარცხენა პარკუჭის კუნთოვანი შრე. მისი სისქე თითქმის ტოლია მარცხენა პარკუჭის კედლის სისქისა.

ძგიდე შედგება ორი ნაწილისაგან: კუნთოვანი ნაწილი – pars muscularis და  ზემო, შედარებით  თხელი  – აპკისებრი ნაწილი – pars membranacea ნაწილი. აპკისებრ ნაწილს ემაგრება სამკარიანი სარქვლის ძგიდისეული საგდული.

როგორც ავღნიშნეთ, წინაგულების მუსკულატურა განცალკევებულია პარკუჭების მუსკულატურისაგან. გამონაკლისია ბოჭკოების კონა, რომელიც იწყება წინაგულთაშუა ძგიდიდან, გულის გვირგვინოვანი სინუსის მიდამოში. ეს კონა შედგება ბოჭკოებისაგან, რომლებიც შეიცავენ სარკოპლაზმას დიდი რაოდენობით და მიოფიბრილებს მცირე რაოდენობით; კონის შემადგენლობაში შედის ასევე ნერვული ბოჭკოები; იგი მიიმართება პარკუჭთაშუა ძგიდისაკენ და აღწევს მის სისქეში. კონაში განარჩევენ საწყის ნაწილს, რომელსაც წინაგულ – პაკუჭის კვანძი – nodus atrioventricularis ეწოდება; იგი გადადის შედარებით თხელ – წინაგულ – პარკუჭის კონაში – fasciculus atrioventricularis; კონა მიიმართება პარკუჭთაშუა ძგიდისაკენ, გაივლის ორივე ფიბროზულ რგოლს, და ძგიდის კუნთოვანი ნაწილის ზემო უკანა ნაწილში იყოფა მარჯვენა და მარცხენა ფეხად. მარჯვენა ფეხი – crus dextrum, მოკლეა და უფრო თხელი; მიიმართება ძგიდეზე მარჯვენა პარკუჭის ღრუს მხრიდან წინა დვრილისებრი კუნთის ფუძემდე და თხელი ბოჭკოების ბადის სახით (პურკინიე) ვრცელდება პაკუჭის კუნთოვან გარსში. მარცხენა ფეხი – crus sinistrum, უფრო ფართო და გრძელია, მდებარეობს პარკუჭთაშუა ძგიდის მარცხენა მხარეზე,  დასაწყისში მდებარეობს ზედაპირულად, მიიმართება დვრილისებრი კუნთების ფუძისაკენ; იგი იშლება ბოჭკოების თხელ ბადედ, წარმოქმნის წინა, შუა და უკანა კონებს, რომლებიც ვრცელდება მარცხენა პარკუჭის მიოკარდში. ზემო ღრუ ვენის  მარჯვენა წინაგულში შესვლის ადგილას მდებარეობს წინაგულ – სინუსის კვანძი – nodus sinuatrialis. აღნიშნული კვანძები და კონები, თანმხლები ნერვებითა და მათი ტოტებით, ქმნიან  გულის გამტარ სისტემას, რომელიც ემსახურება იმპულსების გადაცემას გულის ერთი ნაწილიდან მეორეზე.

გულის შიგნითა გარსი, ანუ ენდოკარდი – წარმოქმნილია კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოებისაგან, რომელთა შორის განლაგებულია შემაერთებელქსოვილოვანი და გლუვკუნთოვანი უჯრედები. გულის ღრუს მხრიდან ენდოკარდი დაფარულია ენდოთელით. ენდოკარდი ამოფენს გულის ყველა ღრუს, მჭიდროდაა შეზრდილი ქვემდებარე კუნთოვან გარსთან. წინაგულებში ენდოკარდი შედარებით სქელია, ვიდრე პარკუჭებში; ამასთან იგი უფრო გასქელებულია მარცხენა წინაგულში, ნაკლებად იქ, სადაც განლაგებულია დვილისებრი კუნთები, მყესოვანი სიმებითა და ხორციანი ხარიხებით. წინაგულების განსაკუთრებით გათხელებულ კედლებში ენდოკარდი თითქმის შეზრდილია პერიკარდთან. ფიბროზული რგოლების, წინაგულ – პარკუჭის ხვრელების, ასევე აორტისა და ფილტვის ღეროს ხვრელის მიდამოში ენდოკარდი თავისი ფურცლის გაორმაგებით, – ენდოკარდის დუბლიკატურით – ქმნის მიტრალური და სამკარიანი სარქვლის საგდულებს, და ფილტვის ღეროსა და აორტის ნამგლისებრი აფრებს. თითოეული საგდულისა და ნამგლისებრი აფრის ფურცლებს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილი უკავშირდება ფიბროზულ რგოლებს და აფიქსირებს სარქველებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.