გული

ადამიანის ნორმალური ანატომია. გული

გული – cor, წარმოადგენს კონუსისებრი ფორმის ღრუ ორგანოს; აქვს კარგად განვითარებული კუნთოვანი კედლები; მდებარეობს წინა შუასაყარში, შუასაძგიდის მყესოვან ცენტრზე, პლევრის მარჯვენა და მარცხენა პარკებს შუა, მოთავსებულია პერიკარდში (გულის პერანგი) – pericardium, და ფიქსირებულია მსხვილ სისხლძარღვებზე.

გული

მამაკაცის გულის ზომა და წონა მეტია ქალის გულის ზომასა და წონაზე, ასევე მამაკაცის გულის კედლები შედარებით სქელია. გულის უკანა ზემო ნაწილს გულის ფუძე – basis cordis ეწოდება; მასში იხსნება მსხვილი ვენები და მისგან გამოდიან მსხვილი არტერიები. გულის წინა ქვემო, თავისუფლად მდებარე ნაწილს გულის მწვერვალი – apex cordis ეწოდება. გულს აქვს ორი ზედაპირი: გულის ქვემო ზედაპირს შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი – facies diaphragmatica ეწოდება და ესაზღვრება შუასაძგიდს; წინა ზედაპირი გამოდრეკილია და მას მკერდ – სანეკნე ზედაპირი – facies sternocostalis ეწოდება. ორივე ზედაპირი ერთმანეთში გადადის  მომრგვალებული კიდეებით; ამასთან, მარჯვენა კიდე შედარებით გრძელი და მახვილია, მარცხენა კი – მოკლე და მომრგვალებული.

გულის ზედაპირებზე არჩევენ სამ ღარს – ერთი, გვიგვინოვანი, რომელიც მდებარეობს წინაგულებისა და პარკუჭების საზღვარზე, და ორი – წინა და უკანა გასწვრივი ღარები, რომლებიც პარკუჭებს განაცალკევებენ ერთმანეთისაგან.  გვირგვინოვან ღარში – sulcus coronarius მდებარეობს გულის საკუთარი სისხლძარღვები. მკერდ – სანეკნე ზედაპირზე გვირგვინოვანი ღარი აღწევს მხოლოდ ფილტვის ღეროს კიდემდე. პარკუჭების წინა ზედაპირზე, გულის ფუძიდან მწვერვალისაკენ გაივლის წინა პარკუჭთა შუა ღარი – sulcus interventricularis cordis anterior, რომელიც უკანა ზედაპირზე გრძელდება უკანა პარკუჭთაშუა ღარში – sulcus interventricularis cordis posterior; ღარების ერთმანეთში გადასვლის ადგილი შეესაბამება გულის მწვერვალის ნაჭდევს – incisura apicis cordis;  ღარებში მდებარეობს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების გასწვრივ მიმავალი ტოტები.

გული

გულის ღრუ. გულის იყოფა 4 საკნად: მარჯვენა წინაგული – atrium dextrum, მარჯვენა პარკუჭი – ventriculus dexter, მარცხენა წინაგული – atrium sinistrum, და მარცხენა პარკუჭი – ventriculus sinister. წინაგულების ღრუებს ერთმანეთისაგან ყოფს წინაგულთაშუა ძგიდე – septum interatriale, პარკუჭების ღრუებს კი – პარკუჭთაშუა ძგიდე – septum interventriculare. წინაგულები გულის შესაბამის პარკუჭებს უკავშირდებიან წინაგულებსა და პარკუჭებს შორის არსებული წინაგულ – პარკუჭის ხვრელებით – ostia atrioventricularia; გულის მარჯვენა წინაგული მარჯვენა პარკუჭს უკავშირდება მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელით – ostium atrioventriculare dextrum; მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭს უკავშირდება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელით – ostium atrioventriculare sinistrum.

გული

მარჯვენა წინაგული  – atrium dextrum,  მდებარეობს გულის ფუძის მარჯვენა ნაწილში; აქვს არასწორი კუბის ფორმა, რომლის მწვერვალი წარმოქმნის წინ მიმართულ მარჯვენა ყურს – auricula dextra. მარჯვენა წინაგულში არჩევენ შემდეგ კედლებს: გარეთა კედელი, რომელიც მიმართულია მარჯვნივ, შიგნითა კედელი – რომელიც მიმართულია მარცხნივ და საერთოა მარჯვენა და მარცხენა წინაგულისათვის, წინაგულთაშუა ძგიდე – septum interatriale, ასევე ზემო, უკანა და წინა კედლები. ქვემოთ კედელი არ არის, აქ მდებარეობს მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელი, რომელიც მარჯვენა წინაგულს აკავშირებს მარჯვენა პარკუჭთან. მარჯვენა წინაგულის შედარებით ფართო ნაწილს, რომელშიც იხსნება მსხვილი ვენური ღეროები, ეწოდება ღრუ ვენების წინუსი – sinus venarum cavarum. წინაგულების შევიწროებული ნაწილი გადადის მარჯვენა ყურში – auricula dextra. წინაგულების ორივე ნაწილი წინა ზედაპირზე გაყოფილია სასაზღვრო ღარით – sulcus terminalis. იგი იწყება ქვემო ღრუ ვენის ქვეშ და მთავრდება ზემო ღრუ ვენის წინ. მარჯვენა ყური – auricula dextra, წინაგულის ყველაზე გამოწეული ნაწილია; აქვს კონუსისებრი ფორმა, რომლის წვერო მარცხნივაა მიმართული, ფილტვის ღეროსაკენ. თავისი შიგა ზედაპირით ყური მიმართულია აორტის ფუძისაკენ. გარედან ყურის ზემო და ქვემო კიდეებს აქვთ მცირედი უსწორმასწორობები. მარჯვენა წინაგულში იხსნება ზემო და ქვემო ღრუ ვენები, ვენური სინუსი და გულის საკუთარი ვენები. ზემო ღრუ ვენას – v. cava superior, სისხლი მოაქვს თავიდან, კისრიდან, ზემო კიდურებიდან და ტანის კედლებიდან და იხსნება მარჯვენა წინაგულის ზემო და წინა კედლების საზღვარზე ზემო ღრუ ვენის ხვრელით – ostium venae cavae superiors. ქვემო ღრუ ვენას – v. cava inferior, სისხლი მოაქვს ქვემო კიდურებიდან, მენჯისა და მუცლის ღრუს კედლებიდან და ორგანოებიდან; იგი იხსნება მარჯვენა წინაგულის ზემო და უკანა კედლების საზღვარზე ქვემო ღრუ ვენის ხვრელით – ostium venae cavae inferioris. ქვემო ღრუ ვენის ხვრელის წინა კიდეზე, წინაგულების ღრუს მხრიდან მდებარეობს ნამგლისებრი ფორმის კუნთოვანი ქვემო ღრუ ვენის სარქველი – valvula venae cavae inferioris. ნაყოფის ორგანიზმში ამ სარქვლით სისხლი ქვემო ღრუ ვენიდან ოვალური ხვრელით გადადის მარცხენა წინაგულში. სარქველში ხშირად მდებარეობს ერთი მსხვილი გარეთა და რამდენიმე მცირე მყესოვანი ძაფი. ორივე ღრუ ვენა ერთმანეთის მიმართ ქმნიან კუთხეს; წინაგულის შიგნითა ზედაპირზე ზემო ღრუ ვენისა და ქვემო ღრუ ვენის შესვლის ადგილას, მდებარეობს ვენათაშორისი ბორცვი – tuberculum intervenosum.

გული

გვირგვინოვანი სინუსი – sinus coronarius, – გულის საკუთარი სისხლძარღვების საერთო კოლექტორია. ვენური სინუსი იხსნება მარჯვენა წინაგულის მედიალურ და უკანა კედლებს შორის საზღვარზე, ქვემო ღრუ ვენის სარქვლის – valvula venae cavae inferioris ქვეშ. გვირგვინოვანი სინუსის მარჯვენა კიდე მოსაზღვრულია გვირგვინოვანი სინუსის სარქვლით – valvula sinus coronarii. სარქვლის თავისუფალი კიდე მიმართულია წინაგულების ძგიდისაკენ. სარქვლის სისქეში მდებარეობს გულის უმცირესი ვენების ხვრელები. გულის უმცირეს ვენები – vv. cordis minimae სისხლს აგროვებენ მისი კედლებიდან. ისინი იხსნებიან გულის უმცირესი ვენების ხვრელებით – foramina venarum minimarum ძირითადად წინგულების გამყოფ ძგიდეზე, და წინაგულების მარჯვენა და წინა კედლების ქვემო ნაწილებზე.

მარჯვენა წინაგულის შიგნითა ზედაპირი არაერთგვაროვანია. მისი შიგნითა (მარცხენა) და უკანა კედლები გლუვია. გარეთა (მარჯვენა) და წინა ზედაპირები უსწორმასწოროა აქ მოთავსებული სავარცხელა კუნთების – mm. pectinati გამო; არჩევენ ზემო და ქვემო კუნთოვან კონებს: ზემო მიიმართება ღრუ ვენების ხვრელებიდან წინაგულის ზემო კედლისაკენ, ქვემო – მიიმართება მარჯვენა კედლის ქვემო საზღვრის გასწვრივ, გვირგვინოვანი ღარის ზემოთ. სავარცხელა კუნთები იწყება სასაზღვრო ქედის – crista terminalis,  მიდამოში, რომელსაც წინაგულის გარეთა ზედაპირზე შეესაბამება სასაზღვრო ხაზი – sulcus terminalis. მარჯვენა ყურის შიგნითა ზედაპირი არათანაბარია; იგი დაფარულია სავარცხელა კუნთებით – mm. pectinati. მარჯვენა წინაგულის შიგნითა, შედარებით  გლუვ კედელზე, მდებარეობს ოვალური ფოსო – fossa ovalis, – შეხორცებული ოვალური ხვრელი – foramen ovate, რომელიც ემბრიონულ პერიოდში ერთმანეთთან კავშირებს მარჯვენა და მარცხენა წინაგულების ღრუებს ერთმანეთთან. ოვალური ფოსოს ფსკერი ძალიან თხელია და მოზრდილებში ხშირად ნაპრალისებრი ფორმა აქვს. ოვალური ფოსოს კიდე – limbus fossae ovalis, წარმოქმნიალია კუნთოვანი ლილვაკით; მის წინა ნაწილზე ფიქსირებულია ქვემო ღრუ ვენის სარქვლის მედიალური ბოლო.

გული

მარჯვენა პარკუჭი – ventriculus dexter წინა და უკანა პარკუჭთაშუა ღარებით შემოსაზღვრულია მარცხენა პარკუჭისაგან; გვირგვინოვანი ღარი მას განაცალკევებს მარჯვენა წინაგულისაგან. მარჯვენა პარკუჭის გარეთა (მარჯვენა) კიდე მახვილია და ეწოდება მარჯვენა კიდე – margo dexter. მარჯვენა პარკუჭს აქვს არასწორი სამგვერდა პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე მიმართულია ზემოთ, მარჯვენა წინაგულისაკენ, წვერი – ქვემოთ და მარცხნივ. მარჯვენა პარკუჭის წინა კედელი გამოდრეკილია, უკანა – გაბრტყელებული. მარჯვენა პარკუჭის მარცხენა, უკანა კედელი წარმოადგენს პარკუჭთაშუა ძგიდეს – septum interventriculare. მარჯვენა პარკუჭის ღრუში არჩევენ ორ ნაწილს: შედარებით ფართო უკანა, საკუთრივ პარკუჭის ღრუს და შედარებით ვიწრო – წინა ნაწილს. პარკუჭის ღრუს უკანა ნაწილი მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელით – ostium atrioventriculare dextrum, რომელიც მდებარეობს მარჯვნივ და უკან, უკავშირდება მარჯვენა წინაგულის ღრუს. პარკუჭის ღრუს წინა ნაწილს, არტერიული კონუსს – corns arteriosus (infundibulum) აქვს ცლინდრის ფორმა და გლუვი კედლები. გარეთა მხრიდან იგი გამოდრეკილია. მისი ღრუ ფილტვის ღეროს ხვრელის – ostium trunci pulmonalis მეშვეობით გადადის ზემოთ მიმართულ ფილტვის ღეროში – truncus pulmonalis. მარჯვენა პარკუჭის წინა და უკანა ნაწილებს შორის მდებარეობს კარგად გამოხატული კუნთოვანი – პარკუჭზედა ქედი – crista supraventricularis, რომელიც მიიმართება რკალისებურად წინაგულ – პარკუჭის ხვრელიდან არტერიული კონუსის მიდამომდე. იმავე ხვრელის ირგვლივ ფიქსირებულია გულის შიგნითა გარსით – ენდოკარდით – endocardium, წარმოქმნილი მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის სარქველი (სამკარიანი სარქველი) – valva atrioventricularis dextra (valva tricuspidalis), რომელიც ხელს უშლის სისხლის გადასვლას მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინაგულში. სარქვლის სისქეში მდებარეობს შემაერთებელი, ელასტიკური ქსოვილებისა და კუნთოვანი ბოჭკოების მცირე რაოდენობა; კუნთოვანი ბოჭკოები დაკავშირებულია წინაგულების მუსკულატურასთან. სამკარიანი სარქველი წარმოქმნილია სამკუთხა ფორმის სამი საგდულისაგან – cuspides; ესენია: ძგიდისეული საგდული – cuspis septalis, უკანა საგდული – cuspis posterior, წინა საგდული – cuspis anterior; სამივე საგდული თავისუფალი ბოლოებით გადიან მარჯვენა პარკუჭის ღრუში. სამი საგდულიდან ყველაზე დიდი – ძგიდისეული საგდული – cuspis septalis, მდებარეობს პარკუჭების ძგიდეთან ახლოს და დამაგრებულია მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელის მედიალურ ნაწილთან. უკანა საგდული – cuspis posterior, შედარებით პატარაა, ფიქსირებულია იმავე ხვრელის უკანა გარეთა ნაწილზე. წინა საგდული – cuspis anterior, ყველაზე პატარაა და ფიქსირებულია ამავე ხვრელის წინა ნაწილზე და მიმართულია არტერიული სინუსის მხარეს. საგდულების თავისუფალი კიდეებს აქვთ მცირე ზომის ნაჭდევები. თავისი თავისუფალი კიდეებით საგდულები მიმართულია პარკუჭის ღრუში. საგდულების კიდეებს ემაგრება თხელი, არაერთნაირი სიგრძისა და სისქის მყესოვანი სიმები – chordae åendineae, რომლებიც დასაბამს ღებულობენ დვრილისებრი კუნთებიდან – mm. papillares; ზოგიერთი მათგანი ფიქსირებულია საგდულების პარკუჭის ღრუსკენა ზედაპირზე. სიმების ერთი ნაწილი გამოდის არა დვრილისებრი კუნთებიდან, არამედ პარკუჭის კუნთოვანი გარსიდან (ხორციანი ხარიხებიდან). მყესოვანი სიმების ნაწილი, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან დვრილისებრ კუნთებთან, მიიმართებიან პარკუჭის ძგიდიდან ძგიდისეული საგდულისაკენ. სამკარიანი სარქვლის სამ საგდულს ემაგრება სამი დვრილისებრი კუნთის მყესოვანი სიმები, ისე, რომ თითოეული კუნთი თავისი ძაფებით უკავშირდება ორ მეზობელ საგდულს.

გული

მარჯვენა პარკუჭში განასხვავებენ სამ დვრილისებრ კუნთს: დიდი დვილისებრი კუნთი, რომლის მყესოვანი სიმები ემაგრება უკანა და წინა საგდულებს; ეს კუნთი გამოდის პარკუჭის წინა კედლიდან და მას  წინა დვრილისებრი კუნთი – m.. papillaris anterior ეწოდება; ორი დანარჩენი მდებარეობს ძგიდის მიდამოში – ძგიდისეული დვრილისებრი კუნთი – m.. papillaris septalis (რომელიც ყოველთვის არ არსებობს), პარკუჭის უკანა კედლის – უკანა დვრილისებრი კუნთი – m.. papillaris posterior.

ფილტვის ღეროს ხვრელი – ostium trunci pulmonalis, მდებარეობს წინ და მარცხნივ და გადადის ფილტვის ღეროში – truncus pulmonalis; მის კიდეებზე ფიქსირებულია ენდოკარდით წარმოქმნილი სამი ნამგლისებრი აფრა: წინა, მარჯვენა და მარცხენა – valvulae semilunares anterior, dextra et sinistra. ეს სამი აფრა წარმოქმნის ფილტვის ღეროს სარქველს – valva trunci pulmonalis. თითოეული აფრის თავისუფალი კიდის შუაში მდებარეობს ნამგლისებრი აფრის კვანძი – nodulus valvulae semilunaris, საიდანაც სარქვლის ორივე მხარეს მიიმართება ჭიმი, რომელსაც ნამგლისებრი სარქვლის ნამგალი – lunula valvulae semilunaris ეწოდება. ნამგლისებრი აფრები წარმოქმნიან ჯიბეებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის დაბრუნებას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭის ღრუში.

მარცხენა წინაგულს – atrium sinistrum, ისევე როგორც მარჯვენას, აქვს არასწორი კუბისებრი ფორმა, მაგრამ შედარებით თხელი კედელები. მასში არჩევენ ზემო, წინა, უკანა და გარეთა (მარცხენა) კედლებს. შიგნითა (მარჯვენა) კედელს შეადგენს წინაგულთაშუა ძგიდე – septum interatriale. ქვემო კედელს შეადგენს მარცხენა პარკუჭის ფუძე. წინაგულის წინა ზემო კედლიდან გამოდის მარცხენა ყური – auricula sinistra; იგი იხრება წინ და მოიცავს ფილტვის ღეროს საწყის ნაწილს. წინაგულის ზემო კედლის უკანა ნაწილში იხსნება ფილტვის ვენების ხვრელი – ostia venarum pulmonalium, რომლებსც არტერიული სისხლი მოაქვთ ფილტვებიდან მარცხენა წინაგულის ღრუში.

მარცხენა წინაგულის ქვემო კედელში გამოდის მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელი – ostium atrioventriculare sinistrum, რომლის საშუალებითაც მარცხენა წინაგულის ღრუ უკავშირდება მარცხენა პარკუჭის ღრუს. მარცხენა წინაგულის შიგნითა ზედაპირი გლუვია, გარდა შიგნითა (მარჯვენა) კედლისა და ყურისა. მარცხენა წინაგულის შიგნითა (მარჯვენა) კედელს აქვს ჩაღრმავება, რომელიც შეესაბამება ოვალურ ხვრელს – fossa ovalis;  იგი გარშემოვლებულია ნაოჭით – ოვალური ხვრელის სარქვლით (ძგიდის ნამგლით) – valva foraminis ovalis (falx sepli), რომელიც წარმოადგენს ემბრიონული პერიოდის ოვალური ხვრელის სარქველის ნარჩენს. მარცხენა ყურის შიგნითა ზედაპირზე  დიდი რაოდენობითაა სავარცხელა კუნთები – musculi pectinati.

გული

მარცხენა პარკუჭი – ventriculus sinister, გულის დანარჩენ ნაწილებთან მიმართებით მდებარეობს მარცხნივ, უკან და ქვემოთ; აქვს მოგრძო – ოვალური ფორმა. მარცხენა პარკუჭის შევიწროვებული წინა ქვემო ნაწილი შეესაბამება გულის მწვერვალს – apex cordis. გულის ზედაპირზე მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს შორის საზღვარი შეესაბამება გულის წინა და უკანა პარკუჭთაშუა ღარებს – sulci intervenlriculares cordis anterior et posterior.  მარცხენა პარკუჭის გარეთა (მარცხენა) კიდეს აქვს მრგვალი ფორმა და ეწოდება ფილტვისმხრივი ზედაპირი – facies pulmonalis. მარცხენა პარკუჭის ღრუ უფრო გრძელი და ვიწროა, ვიდრე მარჯვენა პარკუჭისა. მარცხენა პარკუჭის ღრუში არჩევენ ორ ნაწილს: შედარებით ფართო უკანა მარცხენა ნაწილს, რომელიც წარმოადგენს მარცხენა პარკუჭის საკუთარ ღრუს, და შედარებით ვიწროს, წინა მარჯვენა ნაწილს.

გული

მარცხენა პარკუჭის ღრუს უკანა მარცხენა ნაწილი უკავშირდება მარცხენა წინაგულის ღრუს მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელით – ostium atrioventriculare sinistrum, რომელიც მდებარეობს მარცხნივ და უკან. იგი მარჯვენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელზე უფრო პატარაა და აქვს უფრო მრგვალი ფორმა. მარცხენა პარკუჭის ღრუს წინა მარჯვენა ნაწილი აორტის ხვრელით – ostium aortae უკავშირდება აორტას. მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელში მდებარეობს მარცხენა წინაგულ – პარკუჭის (მიტრალური) სარქველი – valva atrioventricularis sinistra (v. mitralis); ისევე, როგორც სამკარიან სარქველი, ისინი წარმოიქმნებიან ენდოკარდის დუბლიკატურისაგან. ეს სარქველი მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას ეწინააღმდეგება სისხლის გადასვლას მარცხენა პარკუჭის ღრუდან უკან – მარცხენა წინაგულში. სარქველში არჩევენ წინა საგდულს – cuspis anterior, და უკანა საგდულს – cuspis posterior. წინა საგდული დამაგრებულია მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის წინა ნაწილებზე, ასვეე მასთან ახლომდებარე აორტის ხვრელის შემაერთებელქსოვილოვან ფუძეზე. წინა საგდულების თავისუფალი კიდეები მყესოვანი სიმებით – chordae tendineae ფიქსირეულია  წინა დვრილისებურ კუნთთან – m.. papillaris anterior, რომელიც იწყება პარკუჭის წინა კედლიდან. წინა საგდული უკანაზე დიდია. უკანა საგდული დამაგრებულია აორტის ხვრელის უკანა ნაწილთან. მყესოვანი სიმებით იგი ფიქსირებულია უპირატესად უკანა დვრილისებრ კუნთთან – m.. papillaris posterior, რომელიც იწყება პარკუჭის უკანა მარცხენა კედელზე. მარცხენა პარკუჭის უკანა მარცხენა ნაწილის კედლის შიგნითა ზედაპირი დაფარულია ე. წ. ხორციანი ხარიხებით – trabeculae carneae. ეს ხარიხები გადახლართულნი არიან ერთმანეთში და წარმოქმნიან ბადეს; ხარიხები განსაკუთრებით მრავლადაა გულის მწვერვალთან პარკუჭთაშუა ძგიდის არეში. მარცხენა პარკუჭის ღრუს წინა მარჯვენა ნაწილი – არტერიული კონუსი – conus arteriosus აორტის ხვრელის – oslium aortae საშუალებით უკავშირდება აორტას. მარცხენა პარკუჭის არტერიული კონუსი მდებარეობს მიტრალური სარქვლის წინა საგდულის წინ და მარჯვენა პარკუჭის არტერიული კონუსის უკან, მიიმართება ზემოთ და მარჯვნივ. არტერიული კონუსის შიგნითა ზედაპირი გლუვია.

გაგრძელება იხ. >>>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.