შარდსაწვეთი

ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

შარდსაწვეთი (ureter) – გამომტანი სადინარი, რომლის მეშვეობითაც შარდი თირკმლის მენჯიდან მიედინება შარდის ბუშტში.

ანატომია. შარდსაწვეთის საწყის ნაწილს წარმოადგენს თირკმლის მენჯის შევიწროებული მონაკვეთი, მისი ბოლო კი გადის შარდის ბუშტის კედელში და შარდსაწვეთის ნაპრალისებური ხვრელით – შარდსაწვეთის შესართავით – იხსნება ამ უკანასკნელის ლორწოვან გარსში. ერთვის რა შარდის ბუშტს, შარდსაწვეთის კედლის ზედა ნაწილისგან ყალიბდება ნაოჭი, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია ლორწოვანი გარსით.

მის სისქეში კუნთოვანი ბოჭკოების არსებობის გამო, ლორწოვან გარსი იკუმშება და ხურავს შარდსაწვეთის სანათურს, რაც ხელს უშლის შარდის ბუშტიდან შარდის უკუდინებას. შარდსაწვეთის კედელი შეიცავს კუნთოვან გარსს, რომელიც წარმოადგენს ირიბი, სიგრძივი და განივი მიმართულების, სხვადასხვა სისქის კუნთოვანი კონების წნულს. შარდსაწვეთის ამომფენი ლორწოვანი გარსი შედგება მრავალშრიანი გარდამავალი ეპითელიუმისგან და ელასტიკური ბოჭკოებით მდიდარი ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტისგან. შარდსაწვეთის მთელ სიგრძეზე ლორწოვანი გარსი წარმოქმნის გრძივ ნაოჭებს. გარედან შარდსაწვეთი დაფარულია ადვენტიციური გარსით და ფასციით.

შარდსაწვეთი განლაგებულია მუცლის უკანა კედლის რეტროპერიტონეალურ სივრცეში და გადმოდის მცირე მენჯის გვერდით კედელზე.
შესაბამისად, განასხვავებენ შარდსაწვეთის მუცლის და მენჯის ნაწილებს. ზრდასრულ ადამიანში, მისი სიმაღლიდან და თირკმლების განლაგებიდან გამომდინარე, შარდსაწვეთის სიგრძე მერყეობს 28–დან 34 სმ–მდე; მარჯვენა შარდსაწვეთი დაახლოებით 1 სმ–ით მოკლეა მარცხენაზე. შარდსაწვეთის დაახლოებით 1,5 სმ სიგრძის მონაკვეთი განლაგებულია ინტრამურალურად – შარდის ბუშტის კედლის სისქეში. განაკვეთზე შარდსაწვეთი არაერთგვაროვანია – შევიწროებები ენაცვლება თითისტარისებურ გაგანიერებებს.

შარდსაწვეთის სანათური ყველაზე მეტად შევიწროებულია დასაწყისში (დიამეტრი 2–4 მმ) და მცირე მენჯში გადასვლის ადგილას (დიამეტრი 4–6 მმ). მისი ყველაზე განიერი ნაწილია მუცლის ნაწილი (8–15 მმ). შარდსაწვეთის მენჯის ნაწილი წარმოადგენს დაახლოებით 6 მმ დიამეტრის, თანაბრად გაგანიერებულ მილს. შარდსაწვეთის კედელი ძალიან ელასტიკურია, შარდის დინების გაძნელების პირობებში, მას გააჩნია მნიშვნელოვნად გაგანიერების (8 მმ დიამეტრამდე) უნარი.
შარდსაწვეთის სისხლძარღვები განლაგებულია ადვენტიციაში, გრძელი და წვრილი, აღმავალი და დაღმავალი ტოტების სახით. შარდსაწვეთის არტერიული ტოტები, მის ზედა ნაწილში გამოდიან თირკმლის არტერიებიდან, სათესლეების ან საკვერცხეების არტერიებიდან, ქვედა ნაწილში – თეძოს შიდა არტერიის ტოტებიდან (ჭიპის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს არტერიებიდან). ვენური სისხლი მიედინება არტერიების თანამოსახელე ვენებში. შარდსაწვეთის ქვედა ნაწილისთვის რეგიონალურია თეძოს შიგნითა ლიმფური კვანძები, შუა ნაწილისთვის – წელის (თირკმლის) ლიმფური კვანძები. ინერვაცია ხორციელდება მუცლის ღრუსა და მენჯის ვეგეტაციური ნერვული სისტემით.

ფიზიოლოგია. შარდსაწვეთებს გააჩნიათ მოტორული ფუნქციების ავტონომიური რიტმულობა. შარდსაწვეთის რიტმული შეკუმშვების გენერატორს წარმოადგენს პეისმეკერი (რიტმის წამყვანი), რომელიც ყველაზე ხშირად განლაგებულია მენჯ–შარდსაწვეთის შესართავის მწვერვალის მიდამოში. შეკუმშვების რიტმი ცვალებადობს სხეულის მდებარეობიდან, შარდის წარმოქმნის სიჩქარიდან, ნერვული სისტემის მდგომარეობიდან, ქვედა საშარდე გზების გაღიზიანებიდან გამომდინარე. შარდსაწვეთის გლუვი მუსკულატურის შეკუმშვის უნარი პირდაპირ კავშირშია მასში კალციუმის იონების შემცველობასთან. შარდსაწვეთში, თირკმლის მენჯთან და შარდის ბუშტთან შედარებით უფრო მაღალი წნევა (40 სმ. წყლის სვ. მისი ზედა ნაწილში, ხოლო 60 სმ. წყლის სვ. ქვედა ნაწილში) უზრუნველყოფს შარდის მაქსიმალურ პერფუზიას (10 მლ/წთ). ამასთან, წნევა შარდსაწვეთის მენჯის ნაწილში საკმაოდ ცვალებადობს და დამოკიდებულია შარდის ბუშტში არსებულ წნევაზე. შარდსაწვეთის ტერმინალური ნაწილის, მისი შესართავის და შარდის ბუშტის სამკუთხედის საერთო ინერვაციის წყალობით ხორციელდება შარდსაწვეთების და შარდის ბუშტის კოორდირებული მოქმედება, რაც ხელს უშლის შარდის ბუშტ–შარდსაწვეთის რეფლუქსს.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.