სისხლი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

დასაწყისი იხ. >>

ბიოქიმია. სისხლის ქსოვილებთან (ერითროციტებთან) ჟანგბადის გადატანა ხორციელდება სპეციალური ცილების – ჟანგბადის გადამტანები ცილების მეშვეობით. ესენი არიან რკინის ან სპილენძის შემცველი ქრომოპროტეინები, რომელთაც ეწოდებათ სისხლის პიგმენტები. თუკი გადამტანი დაბალმოლეკულური ნაერთია, ის ზრდის კოლოიდურ–ოსმოსურ წნევას, თუკი მაღალმოლეკულური – ზრდის სისხლის სიბლანტეს და აძნელებს მის მოძრაობას.

ადამიანის სისხლის პლაზმის მშრალი ნარჩენი დაახლოებით 9%–ია, საიდანაც 7%–ს შეადგენენ ცილები, მათ შორის 4% მოდის ალბუმინზე, რომელიც უზრუნველყოფს კოლოიდურ–ოსმოსური წნევის შენარჩუნებას. ერითროციტებში მკვრივი ნივთიერებები გაცილებით მეტია (35–40%), მათგან 90% მოდის ჰემოგლობინზე.

მთლიანად სისხლის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა ფართოდ გამოიყენება დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობაზე კონტროლის მიზნით. გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციის გაადვილების მიზნით სისხლის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს ყოფენ რამდენიმე ჯგუფად. პირველ ჯგუფში შედიან ნივთიერებები (წყალბადის იონები, ნატრიუმი, კალიუმი, გლუკოზა და სხ.), რომელთაც გააჩნიათ მუდმივი კონცეტრაცია, რაც აუცილებელია უჯრედების გამართული ფუნქციონირებისათვის. მათ მიმართ გამოიყენება შინაგანი გარემოს მუდმივობის (ჰომეოსტაზის) ცნება. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ნივთიერებები (ჰორმონები, პლაზმოსპეციფიკური ფერმენტები და სხ.), რომლებიც პროდუცირდებიან სპეციალური სახის უჯრედების მიერ; მათი კონცეტრაციის ცვლილება მეტყველებს შესაბამისი ორგანოს დაზიანებაზე. მესამე ჯგუფი მოიცავს ნივთიერებებს (ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურიცაა), რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ სპეციალური სისტემების მეშვეობით (შარდოვანა, კრეატინინი, ბილირუბინი და სხ.); მათი სისხლში დაგროვება მეტყველებს აღნიშნული სისტემების დაზიანებაზე. მეოთხე ჯგუფს შეადგენენ ნივთიერებები (ორგანოსპეციფიკური ფერმენტები), რომლებითაც მდიდარია მხოლოდ ზოგიერთი ქსოვილი; მათი სისხლის პლაზმაში გაჩენა მეტყველებს აღნიშნული ქსოვილების უჯრედების დაშლაზე ან დაზიანებაზე. მეხუთე ჯგუფში შედიან ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან მცირე რაოდენობით; პლაზმაში ისინი ჩნდებიან ანთებების, ახალწარმონაქმნების არსებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და სხ. დროს. მეექვსე ჯგუფს მიეკუთვნებიან ეგზოგენური წარმოშობის ტოქსიკური ნივთიერებები.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაადვილების მიზნით შემოღებულია ნორმის ანუ სისხლის ნორმალური შემადგენლობის ცნება – კონცეტრაციების დიაპაზონი, რომელიც არ მეტყველებს დაავადების არსებობაზე. თუმცა საზოგადოდ მიღებული ნორმალური სიდიდეები ყველა ნივთიერებისთვის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ უმეტეს შემთხვევაში ინდივიდუალური განსხვავებები მნიშვნელოვნად აღემატება კონცეტრაციების მერყეობას ერთი და იმავე ადამიანში სხვადასხვა პერიოდში. ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია ასაკთან, სქესთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან (ნივთიერების ნორმალური ცვლის გენეტიკურად განპირობებული ვარიანტები), გეოგრაფიულ და პროფესიულ; თავისებურებებთან, განსაზღვრული საკვების მოხმარებასთან.

სისხლის პლაზმა შეიცავს 100–ზე მეტ სხვადასხვა ცილას, მათ შორის დაახლოებით 60 ცილაა გამოყოფილი სუფთა სახით. მათი დიდი უმეტესობა გლიკოპროტეიდებია. პლაზმური ცილები ძირითადად წარმოიქმნებიან ღვიძლში, რომელიც, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, გამოიმუშავებს დაახლოებით 15–20 გრ ცილას დღეში. პლაზმური ცილები უზრუნველყოფენ კოლოიდურ–ოსმოსური წნევის შენარჩუნებას (მათ შორის წყლისა და ელექტროლიტების შეკავებას), ასრულებენ სატრანსპორტო, დამცველობით და მარეგულირებელ ფუნქციებს, უზრუნველყოფენ სისხლის შედედებას (ჰემოსტაზს) და შესაძლოა ასრულებდნენ ამინომჟავების რეზერვის ფუნქციას. განასხვავებენ ცილების 5 ძირითად ფრაქციას: ალბუმინები, α1–, α2–, β–, გამა–გლობულინებს. ალბუმინები შეადგენენ შედარებით ერთგვაროვან ჯგუფს, რომელიც შედგება ალბუმინისგან და პრეალბუმინისგან (ცილების საერთო რაოდენობის დაახლოებით 66%). 3%–ზე დაბლა ალბუმინის შემცველობის შემთხვევაში ვითარდება შეშუპება. განსაზღვრული კლინიკური ღირებულება გააჩნია ალბუმინების (უფრო მეტად ხსნადი ცილების) რაოდენობის შეფარდებას გლობულინების (ნაკლებად ხსნადი ცილები) რაოდენობასთან – ე.წ. ალბუმინ–გლობულინური კოეფიციენტი, რომლის დაქვეითებაც მეტყველებს ანთებითი პროცესის არსებობაზე.

ქიმიური სტრუქტურით და ფრაქციებით გლობულინები არაერთგვაროვანნი არიან. α1–გლობულინების ჯგუფში შედიან შემდეგი ცილები: ოროზომუკოიდი (α1–გლიკოპროტეიდი), α1–ანტიტრიფსინი, α1–ლიპოპროტეიდი და სხ. α2–გლობულინების რიცხვს მიეკუთვნებიან α2–მაკროგლობულინები, ჰაპტოგლობულინი, ცერულოპლაზმინი (სპილენძის შემცველი ცილა, რომელსაც გააჩნია ფერმენტ ოქსიდაზას თვისებები), α2–ლიპოპროტეიდი, თიროქსინშემბოჭველი გლობულინი და სხ. β–გლობულინები ძალიან მდიდარნი არიან ლიპიდებით, მათ შემადგენლობაში აგრეთვე შედიან ტრანსფერინი, ჰემოპექსინი, სტეროიდდამაკავშირებელი β–გლობულინი, ფიბრინოგენი და სხ. გამა–გლობულინები – ცილები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმუნიტეტის ჰუმორულ ფაქტორებზე, მათ შემადგენლობაში განასხვავებენ იმუნოგლობულინების 5 ჯგუფს: IgA, IgD, IgE, IgM, IgG. სხვა ცილებისგან განსხვავებით მათი სინთეზი ხორციელდება ლიმფოციტებში. მრავალი ზემოთჩამოთვლილი ცილა არსებობს გენეტიკურად განპირობებული რამდენიმე ვარიანტის სახით. მათი სისხლში არსებობა ერთ შემთხვევაში მეტყველებს დავადების არსებობაზე, მეორე შემთხვევაში კი წარმოადგენს ნორმის ვარიანტს. ზოგჯერ არატიპიური ანომალური ცილის არსებობა იწვევს უმნიშველო დარღვევებს. თანდაყოლილ დაავადებებს შესაძლოა თან სდევდეთ სპეციალური ცილების – პარაპროტეინების დაგროვება, რომლებიც წარმოადგენენ იმუნოგლობულინებს და რომელთა შემცველობაც ჯანმრთელ ადამიანებში ძალიან მცირეა. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ბენს–ჯონსის ცილა, ამილოიდი, M, J, A კლასის იმუნოგლობულინი, აგრეთვე კრიოგლობულინი. სისხლის პლაზმის ფერმენტებს შორის ჩვეულებრივ გამოყოფენ ორგანოსპეციფიკურ და პლაზმოსპეციფიკურ ფერმენტებს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებსაც შეიცავენ ორგანოები, ხოლო მნიშვნელოვანი რაოდენობით პლაზმში ხვდებიან შესაბამისი უჯრედების დაზიანების დროს. ცნობილია რა პლაზმაში ორგანოსპეციფიკური ფერმენტების სპექტრი, შესაძლებელია დადგინდეს თუ რომელი ორგანოდან მოდის ფერმენტების მოცემული კომბინაცია და რამდენად მნიშვნელოვნადაა ის დაზიანებული. პლაზმოსპეციფიკური ფერმენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ფერმენტები, რომელთა ძირითადი ფუნქციაც რეალიზდება უშუალოდ სისხლის ნაკადში; პლაზმაში მათი კონცეტრაცია ყოველთვის მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ორგანოში. პლაზმოსპეციფიკური ფერმენტების ფუნქცია მრავალფეროვანია.
სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ცილების შემადგენლობაში შემავალი ყველა ამინომჟავა, აგრეთვე ზოგიერთი მათი მონათესავე ანიმონაერთი – ტაურინი, ციტრულინი და სხ. გადაამინირების, აგრეთვე ცილების შემადგენლობაში ჩართვის გზით, სწრაფად ხორციელდება ამინომჟავების შემადგენლობაში შემავალი აზოტის ცვლის პროცესი. პლაზმის ამინომჟავების აზოტის საერთო შემცველობა (5–6 მმოლ/ლ) დახლოებით ორჯერ მცირეა, ვიდრე შლაკების (წიდა) შემადგენლობაში შემავალი აზოტის შემცველობა. ძირითადად დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ზოგიერთი ამონომჟავის შემცველობის მატებას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში,რაც მეტყველებს მათი მეტაბოლიზმის განმახორციელებელი ფერმენტების უკმარისობაზე.
არააზოტოვან ორგანულ ნივთიერებებს მიეკუთვნებიან ლიპიდები, ნახშირწყლები და ორგანული მჟავეები. პლაზმის ლიპიდები წყლაში უხსნადია, ამიტომაც სისხლში მათი ცირკულაცია ხორციელდება მხოლოდ ლიპოპროტეინების შემადგენლობაში. ეს არის ნივთიერებების სიდიდით მეორე ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ცილებს ჩამოუვარდება. მათ შორის ყველაზე მეტია ტრიგლიცერიდები (ნეიტრალური ცხიმები), შემდგომ მოდიან ფოსფოლიპიდები – ძირითადად ლეციტინი, აგრეთვე კეფალინი, სფიგმომიელინი და ლიზოცეტინი. ცხიმოვანი ცვლის დარღვევების (ჰიპერლიპიდემია) გამოვლენის და ტიპირების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პლაზმაში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცველობის განსაზღვრას.
სისხლის გლუკოზა (ზოგჯერ ხდება მისი იდენტიფიცირება შაქართან, რაც მართებული არ არის) – ენერგიის ძირითადი წყარო მრავალი ქსოვილისთვის და ერთადერთი თავის ტვინისთვის, რომლის უჯრედებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან მისი შემცველობის დაქვეითებისადმი. გლუკოზის გარდა, სისხლში მცირე რაოდენობით ცირკულირებენ სხვა მონოსაქარიდებიც: ფრუქტოზა, გალაქტოზა, აგრეთვე შაქრის ფოსფორული ეთერები – გლიკოლოზის შუალედური პროდეუქტები.

სისხლის პლაზმის ორგანული მჟავები (რომლებიც არ შეიცავენ აზოტს) წარმოდგენილნი არიან გლიკოლიზის პროდუქტებით (მათი უმეტესობა ფოსფოლირებულია), აგრეთვე ტრიკარბონატული ციკლის შუალედური ნივთიერებებით. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რძემჟავას, რომელიც დიდი რაოდენობით გროვდება ორგანიზმში, თუკი ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო დიდი მოცულობის სამუშაოს, ვიდრე ღებულობს ამისთვის ჟანგბადს (ჟანგბადის ვალი). ორგანული მჟავების დაგროვება აგრეთვე ხდება სხვადასხვა სახის ჰიპოქსიის დროს. β–ოქსიზეთოვანი და აცეტოძმარმჟავები, მათგან წარმოქნილ აცეტონთან ერთად მიეკუთვნებიან კეტოსხეულებს, ნორმაში მათი გამომუშავება ხორციელდება შედარებით მცირე რაოდენობით, როგორც ზოგიერთი ამონომჟავის ნახშირწყლოვანი ნარჩენების ცვლის პროდუქტები. თუმცა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად შიმშილის და შაქრიანი დიაბეტის დროს, მჟაუმჟავას უკმარისობის შედეგად, იცვლება ძმარმჟავას ნარჩენების ნორმალური უტილიზაციის პროცესი ტრიკარბონატული მჟავების ციკლში, სწორედ ამიტომაც სისხლში დიდი რაოდენობით შეიძლება დაგროვდეს კეტოსხეულები.

ადამიანის ღვიძლი გამოიმუშავებს ქოლის, უროდეზოქსიქოლის და ქენოდეზოქსიქოლის მჟავებს, რომლებიც ნაღვლის მეშვეობით გამოიყოფიან თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც ახდენენ ცხიმების ემულგირებას და ფერმენტების აქტივაციას, რითაც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. ნაწლავებში მიკროფლორის ზემოქმედებით მათგან წარმოიქმნება დეზოქსიქოლის და ლითოქოლის მჟავები. ნაწლავებიდან ხდება ნაღვლის მჟავების ნაწილობრივი შეწოვა სისხლში ტაურინთან ან გლიცინთან შენაერთების სახით (კონიუგირებული ნაღვლის მჟავები).
სისხლში ხორციელდება ენდოკრინული სისტემის მიერ პროდუცირებული ყველა ჰორმონის ცირკლულაცია. ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი და იგივე ადამიანში მათი შემცველობა შესაძლებელია მნიშვნელოვნად მერყეობდეს. მათთვის აგრეთვე დამახასიათებელია დღეღამური, სეზონური, ხოლო ქალებში მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ცვლილებები. სისხლში ყოველთვის წარმოდგენილია ჰორმონების არასრული სინთეზის, აგრეთვე დაშლის (კატაბოლიზმის) პროდუქტები, რომელთაც ხშირად გააჩნიათ გარკვეული ბიოლოგიური მოქმედება, ამიტომაც კლინიკურ პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთდრულად მონათესავე ნივთიერებების მთელი ჯგუფის განსაზღვრას, მაგალითად, 11–ოქსიკორტიკოსტეროიდების, იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებების. სისხლში მოცირკულირე ჰორმონები სწრაფად გამოიყოფიან ორგანიზმიდან; მათი ნახევრადგამოყოფის პერიოდი განისაზღვრება წუთობით, იშვიათად საათობით.

სისხლი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს. ნატრიუმი შეადგენს პლაზმის ყველა კათიონის 90%, მისი კონცეტრაცია შენარჩუნებულია საკმაოდ მყარი მუდმივობით. ანიონების შემადგენლობაში დომინირებს ქლორი და ბიკარბონატი; მათი შემცველობა ნაკლებად მუდმივია, ვიდრე კათიონების, რამეთუ ფილტვების გზით ნახშირმჟავას გამოყოფა იწვევს იმას, რომ ვენური სისხლი უფრო მდიდარია ბიკარბონატებით, ვიდრე არტერიული. სუნთქვითი ციკლის პროცესში ქლორის გადანაცვლება ხორციელდება ერითროციტებიდან პლაზმაში და უკან. იმ დროს როდესაც პლაზმის ყველა კათიონი წარმოდგენილია მინერალური ნივთიერებებით, მასში შემავალი ანიონების დაახლოებით 1/6 მოდის ცილებზე და ორგანულ მჟავებზე. ადამიანში და თითქმის ყველა ძუძუმწოვარში ერითროციტების ელექტროლიტური შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება პლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობისგან: ნატრიუმის მაგივრად ჭარბობს კალიუმი, ქლორის შემცველობაც გაცილებით დაბალია.
სისხლის პლაზმის რკინა მთლიანად შეკავშირებულია ცილა ტრანსფერინთან. ნორმაში იგი მას აჯერებს 30–40–%–ით. რადგანაც აღნიშნული ცილის ერთი მოლეკულა იკავშირებს ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოქმნილი Fe3+–ის ორ ატომს, ორვალენტიანი რკინა იჟანგება სამვალენტიანამდე. პლაზმა შეიცავს ვიტამინი B12-ის შემადგენლობაში შემავალ კობალტს, თუთიას უპირატესად შეიცავს ერითრიცოტები. ისეთი მიკროელემენტების ბიოლოგიური როლი, როგორებიცაა მანგანუმი, ქრომი, მოლიბდენი, სელენი, ვანადიუმი და ნიკელი, სრულად შესწავლილი არ არის; ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ შემცველობაზე მცენარეულ საკვებში, სადაც ისინი ხვდებიან ნიადაგიდან ან გარემოს დამაბინძურებელი სამრეწველო ნარჩენებიდან.

სისხლში შესაძლებელია აღმოჩნდეს ვერცხლისწყალი, კადმიუმი და ტყვია. სისხლის პლაზმაში ტყვია და კადმიუმი შეკავშირებულნი არიან ცილების, ძირითადად ალბუმინის სუბჰიდრილურ ჯგუფებთან. სისხლში ტყვიის შემცველობა მეტყველებს ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხზე; მჯო–ს რეკომენდაციებით, მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მკმმოლ/ლ.
სისხლში ჰემოგლობინის კონცეტრაცია დამოკიდებულია ერითროციტების საერთო რაოდენობასთან და თითოეულ მათგანში ჰემოგლობინის შემცველობასთან. იმის მიხედვით, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითება დაკავშირებულია თუ არა მის შემცველობის მომატებასთან ან დაქვეითებასთან ერთ ერითროციტში, განასხვავებენ ჰიპო–, ნორმო– და ჰიპერქრომულ ანემიებს. ჰემოგლობინის დასაშვები კონცეტრაციები (რომელთა ცვლილების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ანემიის განვითარებაზე) დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მოზრდილი ადამიანის ჰემოგლობინის უდიდეს ნაწილს შეადგენს HbA, მცირე რაოდენობით ვლინდება HbA2 და ფეტალური ჰემოგლობინი – HbF, რომელიც ნორმაში სისხლში გროვდება ახალშობილებში, აგრეთვე ზოგიერთი დაავადების დროს. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში სისხლში ანომალური ჰემოგლობინის (მთლიანად მათი რიცხვი ასზე მეტია) არსებობა განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ხშირად (მაგრამ არა ყოვეთვის) ამას თან სდევს დაავადების განვითარება. ჰემოგლობინის მცირე ნაწილი სისხლში იმყოფება მისი დერივატების – კარბოქსიჰემოგლობინის (CO-თან დაკავშირებული) და მეთჰემოგლობინის (მასში რკინა სამვალენტიანია) სახით; პათოლოგიური მდგომარეობების დროს ჩნდება ციანმეტჰემოგლობინი, სულფჰემოგლობინი და სხ. ერითროციტებში მცირე რაოდენობით იმყოფება ჰემოგლობინის რკინამოცილებული პროსთეტული ჯგუფი (პროტოპოტფირინ IX) და ბიოსინთეზის შუალედური პროდუქტები – კოპროპორფირინი, ამინოლევულენის მჟავა და სხ.

ფიზიოლოგია. სისხლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერებების  (მათ შორის მათიც, რომელთა საშუალებითაც ორგანიზმი დაცულია გარემო ზემოქმედებისგან ან რეგულირდება ცალკეული ორგანოების ფუნქციები) ტრანსპორტირება. გადატანილი ნივთიერებების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სისხლის შემდეგ ფუნქციებს.
სუნთქვითი ფუნქცია მოიცავს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ფილტვების ალვეოლებიდან ქსოვილებისკენ და ნახშირორჟანგის გადატანას ქსოვილებიდან ფილტვებისკენ. კვებითი ფუნქცია – საკვები ნივთიერებების (გლუკოზის, ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების, ტრიგლიცერიდების და სხ.) გადატანას ორგანოებიდან, სადაც ხორციელდება აღნიშნული ნივთიერებების წარმოქმნა ან დაგროვება, ქსოვილებისაკენ, სადაც ხდება მათი შემდგომი გარდაქმნა; ტრანსპორტირების აღნიშნული პროცესი მჭიდრო კავშირშია ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების ტრანსპორტირებასთან. ექსკრეტორული ფუნქცია მოიცავს ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების (შარდოვანა, კრეატინინი, შარდმჟავა და სხ.) ტრანსპორტირებას თირკმლებში და სხვა ორგანოებში (მაგ., კანი, კუჭი) და შარდის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობას. ჰომეოსტაზური ფუნქცია – ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩენება, რაც განპირობებულია სისხლის გადანაცვლებით უჯრედშორის სითხეში, სადაც ხდება მისი შემადგენლობის გაწონასწორება. გერულატორული ფუნქცია მოიცავს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გადატანას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ქსოვილების ცალკეული უჯრედების ფუნქციების რეგულაცია, აგრეთვე აღნიშნული ნივთიერებების მოცილებას მათი ფიზიოლოგიური როლის დასრულების შემდეგ. თერმორეგულატორული ფუნქცია ხორციელდება გარემოს ტემპერატურული ცვლილებების ზეგავლენით კანში, კანქვეშა ქსოვილში, კუნთებში და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის სიდიდის ცვლილების გზით: სისხლის ცირკულაცია მისი მაღალი თბოგამტარობის და თბომოცულობის მეშვეობით ზრდის ორგანიზმის მიერ სითბოს დაკარგვას, როდესაც არსებობს გადახურების საშიშროება, და პირიქით, უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას, როდესაც აღინიშნება გარემოს ტემპერატურის დაქვეითება. ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ასრულებენ ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ჰუმორალურ დაცვას ინფექციებისგან და სისხლში მოხვედრილი ტოქსინებისგან (მაგ., ლიზოციმი), აგრეთვე ლიმფოციტები,რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნის პროცესში. უჯრედულ დაცვას ახორციელებენ ლეიკოციტები (ნეიტროფილები, მონოციტები), რომლებიც სისხლის მეშვეობით გადაიტანებიან გამომწვევის შეჭრის კერაში, და მათთან ერთად მაკროფაგები, რომლებიც ქმნიან დამცავ ბარიერს. ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში სისხლის ნაკადის მიერ ხდება ამ დროს წარმოქმნილი დესტრუქციის პროდუქტების მოცილება და გაუვნებელყოფა. სისხლის დამცველობით ფუნქციას მიეკუთვნება აგრეთვე მისი შედედების, თრომბის წარმოქმნის და სისხლდენის შეჩერების უნარი. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობენ სისხლის შედედების ფაქტორები და თრომბოციტები. თრომბოციტების რიცხვის მნიშვნელოვნად დაქვეითების პირობებში (თრომბოციტოპენია) აღინიშნება სისხლის შედედების დაქვეითება.

სისხლის ჯგუფები. ორგანიზმში სისხლის რაოდენობა საკმაოდ მუდმივი და საგულდაგულოდ კონტროლირებადი სიდიდეა. სიცოცხლის განმავლობაში არ იცვლება მისი სისხლის ჯგუფობრიობა – სისხლის იმუნოლოგიური ნიშან–თვისებებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას იძლევა გავაერთიანოთ სხვადასხვა ადამიანის სისხლი ერთ ჯგუფში ანტიგენების მსგავსების მიხედვით. ამა თუ იმ ჯგუფისადმი სისხლის მიკუთვნება და ნორმალური ან იზოიმუნური ანტისხეულების არსებობა განსაზღვრავს სხვადასხვა პირების სისხლის ბიოლოგიურად სასურველ ან პირიქით, არასასურველ თანხვდომას. ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორსულობის ან ოპერაციების დროს დედის ორგანიზმში ნაყოფის ერითროციტების მოხვედრის შემთხვევაში. დედის და ნაყოფის სისხლის განსხვავებული ჯგუფების და დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის ანტიგენების მიმართ ანტისხეულების არსებობის პირობებში ნაყოფში ან ახალშობილში ვითარდება ჰემოლიზური ანემია.
რეციპიენტის ორგანიზმში შეუთავსებელი სისხლის გადასხმა, ამ უკანასკნელში დონორის ანტიგენებთან მიმართებაში ანტისხეულების არსებობის გამო, იწვევს შეუთავსებლობას და გადასხმული ერითროციტების დაზიანებას, რასაც მივყავართ რეციპიენტისთვის მძიმე შედეგებამდე. ამიტომაც, სისხლის გადასხმის ძირითდ პირობას წარმოადგენს ჯგუფური კუთვნილების და დონორის და რეციპიენტის სისხლის შეთავსების გათვალისწინება.
სისხლის გენეტიკური მარკერები – სისხლის ფორმიანი ელემენტებისთვის და პლაზმისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები, რომლებიც გამოიყენებიან გენეტიკური კვლევების დროს ინდივიდების ტიპირების მიზნით. სისხლის გენეტიკურ მარკერებს მიეკუთვნებიან ერითროციტების ჯგუფობრიობის ფაქტორები, ლეიკოციტების ანტიგენები, ფერმენტული და სხვა სახის ცილები. აგრეთვე განასხვავებენ სისხლის უჯრედების – ერითროციტების (ერითროციტების ჯგუფური ანტიგენები, მჟავა ფოსფატაზა, გლუკოზო–6–ფოსფატდეჰიდროგენაზა და სხ.), ლეიკოციტების (HLA ანტიგენები) და პლაზმის (იმუნოგლობულინები, ჰაპტოგლობულინი, ტრანსფერინი და სხ.) გენეტიკურ მარკერებს. სისხლის გენეტიკური მარკერების შესწავლა ძალიან პერსპექტიული აღმოჩნდა სამედიცინო გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის და იმუნოლოგიის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის საკითხში, როგორებიცაა მუტაციების და გენეტიკური კოდების მექანიზმების შესწავლა, მოლეკულური ორგანიზაცია.

სისხლის თავისებურებები ბავშვებში. ბავშვის ორგანიზმში სისხლის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და წონაზე. ახალშობილებში სხეულის 1კგ. მასაზე მოდის დაახლოებით 400 მლ. სისხლი, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – დაახლოებით 100 მლ. სისხლის კუთრი წონა ბავშვებში (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში) მეტია (1,06–1,08), ვიდრე მოზრდილებში (1,053–1,058).
ჯანმრთელ ბავშვებში სისხლის შემადგენლობა გამოირჩევა განსაზღვრული მუდმივობით და შედარებით მცირედ ცვალებადობს ასაკის მატებასთან ერთად. სისხლის მორფოლოგიურ შემადგენლობის თავისებურებებს და უჯრედშიდა ცვლის მუდმივობას შორის არსებობს მჭიდრო კავშირი. ახალშობილებში დაქვეითებულია სისხლის ისეთი ფერმენტების შემცველობა, როგორებიცაა ამილაზა, კატალაზა და ლიპაზა, ხოლო 1 წლამდე ჯანმრთელ ბავშვებში აღინიშნება მათი კონცეტრაციის მატება. დაბადების შემდეგ მე–3 თვემდე თანდათან მცირდება სისხლის შრატის საერთო ცილის რაოდენობა, ხოლო 6 თვის ასაკში უკვე აღწევს მოზარდებისთვის დამახასიათებელ დონეს. 3 თვის ასაკის შემდეგ სისხლის შემადგენლობისთვის დამახასიათებელია გლობულინური და ალბუმინური ფრაქციების გამოხატული ლაბილობა, აგრეთვე ცილის ფრაქციების სტაბილიზაცია. სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენი, ჩვეულებრივ, შეადგენს ცილის საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%.
ერითროციტების ანტიგენები (A და B) თავიანთ აქტივობას აღწევენ მხოლოდ 10–20 წლის ასაკში, ხოლო ახალშობილების ერითროციტების აგლუტინურობა შეადგენს მოზრდილთა ერითროციტების აგლუტინურობის 1/6–ს. აზოანტისხეულების (α და β) გამომუშავება იწყება ბავშვის დაბადებიდან მე–2–3 თვეზე, ხოლო მათი ტიტრები 1 წლამდე რჩება დაბალი. ბავშვებში იზოჰემაგლუტინინების აღმოჩენა ხდება 3–6 თვის ასაკიდან და მხოლოდ 5–10 წლის ასაკში მათი დონე აღწევს მოზრდილთა მაჩვენებლებს.
ბავშვებში საშუალო ლიმფოციტები, მცირეებისგან განსხვავებით, 1,5–ჯერ დიდია ერითროციტებზე, მათი ციტოპლაზმა უფრო ფართოა, მასში უხშირესად ვლინდება აზუროფილური მარცვლოვნება, ბირთვი იღებება ნაკლები ინტენსივობით. დიდი ლიმფოციტები თითქმის ორჯერ დიდია პატარებზე, მათი ბირთვი იღებება ნაზ ტონებში, განლაგებულია ექსცენტრულად უხშირესად, გვერდზე ზეწოლის გამო, გააჩნია თირკმლის ფორმა. ცისფერ ციტოპლაზმაში შეიძლება აღინიშნებოდეს აზუროფილური მარცვლოვნება, ზოგჯერ ვაკუოლები.
ახალშობილების და პირველი თვეების ბავშვების სისხლის ცვლილებები განპირობებულია წითელი ძვლის ტვინში ცხიმოვანი კერების არარსებობით, წითელი ძვლის ტვინის დიდი რეგენერაციული შესაძლებლობებით და, აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლის წარმოქმნის ექსტრამედულური კერების მობილიზაციით ღვიძლში და ელენთაში.
ახალშობილებში პროთრომბინის, პროაქცელერინის, პროკონვერტინის, ფიბრინოგენის შემცველობის, აგრეთვე სისხლის თრომბოპლაზური აქტივობის დაქვეითება ხელს უწყობს ცვლილებებს სისხლის შემადედებელ სისტემაში და ჰემორაგიული გამოვლენებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას.
მეძუძურ ბავშვებში სისხლის შემადგენლობის ცვლილებები უფრო ნაკლებადაა გამოხატული, ვიდრე ახალშობილებში. 6 თვის ასაკში ერითროციტების რაოდენობა საშუალოდ მცირდება 4,55·1012/ლ–მდე, ჰემოგლობინის – 132,6 გ/ლ–მდე; ერითროციტების დიამეტრი შეადგენს 7,2–7,5 მკმ. რეტიკულოციტების შემცველობა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 5%. ერითროციტების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 11·109/ლ. ლეიკოციტურ ფორმულაში ჭარბობენ ლიმფოციტები, გამოხატულია ზომიერი მონოციტოზი, ხშირად გვხვდება პლაზმური უჯრედები. მეძუძურ ბავშვებში თრომბოციტების რაოდენობა შეადგენს 200–300·109/ლ. 2 წლის ასაკიდან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე ბავშვის სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობა თანდათანობით იძენს მოზრდილებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.