საშო

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

საშო (vagina) – ქალის შიგნითა სასქესო ორგანო. ზრდასრული ასაკის ქალში იგი წარმოადგენს 7–9 სმ სიგრძის და 2–3 სმ სიგანის, კუნთოვან–ელასტიკურ მილისებრ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში და წინიდან შემოსაზღვრულია შარდსადენი მილით და შარდის ბუშტით, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავით.

საშო – ანატომია. ზედა ბოლოთი საშო მოიცავს საშვილოსნოს ყელს, ხოლო ქვემოთ სრულდება საშოს ხვრელით, რომელიc ქალწულებში შემოსაზღვრულია საქალწულე აპკით. საშოს კედლებსა და საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილს შორის არის ჩაღრმავება – საშოს თაღი, რომელშიც გამოყოფენ წინა, უკანა (ყველაზე ღრმა) და გვერდით ნაწილებს. საშო ყველა მხრიდან დაფარულია მიმდებარე ქსოვილებით; მისი უხვი სისხლმომარაგება ხორციელდება საშვილოსნოს, შიგნითა სასქესო და შარდის ბუშტის ქვედა არტერიებით.

საშო

საშოს გარშემო მრავალრიცხვოვანი ვენები წარმოქმნიან ვენურ ქსელს, საიდანაც ვენური სისხლი ჩაედინება თეძოს შიგნითა ვენის სისტემაში. საშოდან ლიმფის უკუდინება ხდება საზარდულის, თეძოს და გავის ლიმფურ კვანძებში. საშოს ინერვაცია ხორციელდება ფაშვის ქვედა წნულის ტოტების, მენჯის შიგნითა და  ზურგის ტვინის გავის ნერვების მეშვეობით.
საშოს კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური (შემაერთებელქსოვილოვანი) გარსებისგან. ლორწოვანი გარსი დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, რომელშიც განასხვავებენ სამ ძირითად შრეს: ბაზალური, შუალედური და ზედაპირული ანუ ფუნქციონალური. ასაკთან, მენსტრუალურ ფაზებთან და ორსულობასთან დაკავშირებით ეპითელიუმი განიცდის ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საკვერცხეების ჰორმონულ ცვლილებებთან. ყველაზე სქელი ეპითელიუმი აღინიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალებში მენსტრუაციული ციკლის შუაში; ამასთან, ეპითელური უჯრედების ციტოპლაზმა შეიცავს გლიკოგენის მაქსიმალურ რაოდენობას. მსგავსი სახის ცვლილებები ვითარდება ახალშობილ გოგონებში დედის ესტროგენული ჰორმონების ზეგავლენით. საშოს ლორწოვან გარსში ჯირკვლები არ არის.

საშო

საკუთარი კუნთოვანი ბოჭკოების და მენჯის ფუძის კუნთების შეკუმშვის შედეგად საშოს გააჩნია ფორმის, დიამეტრის და სიღრმის ცვლილების უნარი. სქესობრივი აგზების პერიოდში მატულობს საშოს სისხლსავსეობა, ძლიერდება ტრანსუდაცია (კაპილარებიდან და ვენულებიდან სისხლის თხევადი ნაწილის გამოსვლა) საშოს სანათურში, ხდება მისი დაგრძელება. ლორწოვან გარსს გააჩნია სპერმის პლაზმის შეწოვის უნარი. ორსულობის დროს, კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტების ჰიპერტროფიის და ჰიპერპლაზიის გამო ხდება საშოს დაგრძელება და გაგანიერება. მშობიარობის დროს ხდება საშოს ძლიერი გაჭიმვა; დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი მისი ზომები მცირდება, თუმცა საშოს სანათური რჩება გაგანიერებული.

საშო, საშვილოსნო

საშოს სანათური შეიცავს 0,5–1,5 მლ სითხეს, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების ტრანსუდატს, ენდომეტრიუმის ჯირკვლების და საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის სეკრეტს. აღნიშნული სითხე შეიცავს საშოს ეპითელიუმის უჯრედებს სხვადასხვა ბაქტერიულ ფლორას, აგრეთვე რძემჟავას, რომელიც ხელს უწყობს საშოს თვითგაწმენდას.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.