პლევრა

ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

პლევრა (pleura; ბერძ. pleura ნეკნი, გვერდი) – სეროზული გარსი, რომლითაც დაფარულია ფილტვები, გულმკერდის შიგნითა ზედაპირი, შუასაყარი და დიაფრაგმა.

ფუნქციონალური ანატომია. განასხვავებენ ვისცერულ და პარიეტულ პლევრას. ვისცერული პლევრა ყველა მხრიდან ფარავს ფილტვებს, შედის წილებს შორის არსებულ ღარებშიც, მჭიდროდ არის ფილტვებთან შეხორცებული და მისი მოცილება ფილტვის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელია. ფილტვის ფესვის ქვემოდან ვისცერული პლევრიდან დიაფრაგმისკენ, ვერტიკალური მიმართულებით, მიემართება ფილტვის იოგი, რომელიც განლაგებულია ფრონტალურ სიბრტყეზე.

ფილტვების ფესვების მიდამოში ვისცერული პლევრა ფილტვების მედიალური ზედაპირიდან გადადის პარიესულ პლევრაში, რომელიც ესაზღვრება შუასაყრის ორგანოებს (მედიასტინური პლევრა) და გულმკერდის შიგნითა ზედაპირს (ნეკნების პლევრა). ნეკნების და მედიასტინური პლევრა ქვემოთ გადადიან დიაფრაგმულ პლევრაში, რომელიც ფარავს დიაფრაგმის კუნთოვან და მყესოვან ნაწილებს. პარიესული პლევრის ზედა ნაწილი წარმოქმნის გუმბათს, რომელშიც განლაგებულია ფილტვის მწვერვალი. პარიესული პლევრის ერთმანეთში გადასვლის ადგილებს ეწოდება პლევრული სინუსები (უბეები); ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის შემთხვევაშიც კი ისინი არ ივსებიან ფილტვის ქსოვილით. ნეკნ–დიაფრაგმული სინუსი განლაგებულია ნეკნის და დიაფრაგმულ პლევრას შორის. ნეკნის პლევრის მედიასტინურში გადასვლის მიდამოში მდებარეობს ვერტიკალურად ორიენტირებული ნეკნ–მედიასტინური სინუსები, მადიასტინურსა და დიაფრაგმულ პლევრას შორის – საგიტალურად ორიენტირებული დიაფრაგმულ–მედიასტინური სინუსი. ვისცერულ და პარიესულ პლევრას შორის არსებობს ვიწრო ნაპრალი – პლევრის ღრუ, რომელშიც არის 1–2 მლ სითხე, რაც უზრუნველყოფს ერთმანეთის მიმართ პლევრის ფურცლების თავისუფალ მოძრაობას სუნთქვითი მოძრაობების დროს. პლევრის ღრუს სეროზული საფარის ფართობი შეადგენს დაახლოებით 22 000 სმ2.
ვისცერული და პარიესული ფურცლების პლევრის ღრუსკენ მიმართული ზედაპირები დაფარულია მეზოთელიუმით – ხაოიანი, ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. პლევრის შემაერთბელქსოვილოვან საფუძველს შეადგენს ელასტიური და კოლაგენური ბოჭკოები. ვისცერულ პლევრაში ელასტიური ბოჭკოები უფრო მეტია, ვიდრე პარიესულში. ორივე გარსის ბოჭკოები გადადიან ფილტვების ინტერსტიციალურ ქსოვილში. ვისცერული პლევრა აგრეთვე შეიცავს გლუვკუნთოვან უჯრედებს, რომლებიც პარიესულ პლევრაში იშვიათობაა.

ვისცერული პლევრის საზღვრები ემთხვევა ფილტვების საზღვრებს. პარიესული პლევრის უკანა საზღვარი, რომელიც შეესაბამება ნეკნის პლევრის მედიასტინურში გადასვლის ადგილს, I ნეკნის ყელიდან, ხერხემლის გასწვრივ, მიემართება XII ნეკნის თავამდე, სადაც გადადის პარიესული პლევრის ქვედა საზღვარში. პარიესული პლევრის წინა საზღვარი იწყება I ნეკნის წინა ბოლოდან 3–4 სმ–ით მაღლა, გადაჭრის მკერდ–ლავიწის სახსარს და გადადის ქვემოთ: მარჯვნივ – მკერდის ძვლის მარჯვენა კიდის მედიალურად VI ნეკნის ხრტილის მიმაგრების ადგილამდე, სადაც იწყება პარიესული პლევრის ქვედა საზღვარი, ხოლო მარცხნივ – მკერდის ძვლის მარცხენა კიდის გასწვრივ IV ნეკნის ხრტილამდე, შემდგომ მიემართება ქვემოთ და შიგნით, აღწევს VI ნეკნს და გადადის პერიესული პლევრის ქვედა საზღვარში. ფილტვების ქვედა საზღვარი მდებარეობს პარიესული პლევრის ქვედა საზღვრის მაღლა, ამასთან ფართო გულმკერდის შემთხვევაში პარიესული პლევრის ქვედა საზღვარს უკავია უფრო მაღალი მდებარეობა, ვიდრე ვიწრო გულმკერდის შემთხვევაში.

ნეკნის პლევრის სისხლმომარაგება ხორციელდება ნეკნთაშორის არტერიებით (გულმკერდის აორტის ტოტებით) და ნაწილობრივ გულმკერდის შიგნითა არტერიების წინა ნეკნთაშუა ტოტებით; დიაფრაგმული პლევრის – ზედა დიაფრაგმული არტერიებით (გულმკერდის აორტის ტოტებით) და კუნთოვან–დიაფრაგმული არტერიებით (გულმკერდის შიგნითა არტერიების ტოტები); მედიასტინური პლევრის – პერიკარდიო–დიაფრაგმული არტერიებით, მედიასტინური და გულმკერდის შიგნითა არტერიების წინა ნეკნთაშუა ტოტებით, აგრეთვე გულმკერდის აორტიდან გამომავალი ნეკნთაშუა ტოტებით. ვისცერული პლევრის სისხლმომარაგება ხორციელდება ფილტვების არტერიების პერიფერიული ტოტებით და გულმკერდის აორტის ბრონქული ტოტებით; მასში მრავლადაა არტერიოლ–ვენულარული ანასტომოზები. პლევრიდან ვენური სისხლი არტერიების თანამოსახელე ვენების მეშვეობით მიედინება ზემო ღრუ ვენის სისტემაში.
პლევრაში განლაგებულია ლიმფური კაპილარების და ლიმფური სადინრების წნულების ხშირი ქსელი. ისევე როგორც ფილტვებიდან, ვისცერული პლევრიდანაც ლიმფა მიედინება სეგმენტურ, წილოვან, ფესვის, მწვერვალის და ქვედა ტრაქეობრონქულ ლიმფურ კვანძებში; ნეკნის პლევრის უკანა ნაწილიდან – ნეკნთაშორის და ხერხემლისწინა ლიმფურ კვანძებში, წინა ნაწილიდან – მკერდის ძვლის გარშემო არსებულ ლიმფურ კვანძებში; მედიასტინური პლევრის შუა ნაწილიდან – პერიკარდიოდიაფრაგმული სადინრების გასწვრივ შუასაყრის წინა ლიმფურ კვანძებში; წინა ნაწილიდან – გულმკერდის გარშემო არსებულ ლიმფურ კვანძებში, ხოლო უკანა ნაწილიდან – ხერხემლის წინა ლიმფურ კვანძებში. დიაფრაგმული პლევრიდან ლიმფა მიედინება 4 მიმართულებით: შუა–მედიალური ნაწილიდან – ზემოთ შუასაყრის ლიმფურ კვანძებში, წინა–ლატერალური ნაწილიდან – ზემო დიაფრაგმულ ლიმფურ კვანძებში, უკანა ნაწილიდან – ნეკნთაშორის და ხერხემლისწინა ლიმფურ კვანძებში, წინა ნაწილიდან – მკერდის ძვლის გარშემო არსებულ ლიმფურ კვანძებში.
პარიესული პლევრის ინერვაცია ხორციელდება ნეკნთაშორის და დიაფრაგმული ნერვებით, აგრეთვე შუასაყრის ვეგეტაციური ნერვული წნულისგან; ვისცერული პლევრის – ვეგეტაციური ფილტვის წნულისგან, რომელიც წარმოადგენს გულმკერდის აორტული წნულის შემადგენელ ნაწილს. პლევრაში მრავალი ნერვული რეცეპტორია. პარიესულ პლევრაში წარმოდგენილნი არიან თავისუფალი და ინკაფსულირებული ნერვული დაბოლოებები, ხოლო ვისცერულ პლევრაში – მხოლოდ თავისუფალი.

ფიზიოლოგია. პლევრა ფილტვების მიმართ ასრულებს დამცველობით ფუნქციას. პლევრის ღრუ, მასში არსებული უარყოფითი წნევის გამო ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს სუნთქვით პროცესში და გულმკერდის ღრუს ორგანოების მოცულობის რეგულაციაში. სითხის მოძრაობა პლევრის გარსების გავლით ხდება ტრანსკაპილარული მოცულობის კანონის მიხედვით. ხშირი კაპილარული ქსელის ხარჯზე ვისცერალურ პლევრის სისხლძარღვებში არსებული წნევა ფილტვისმიერი სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებული წნევის (და არა სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში არსებული არტერიული წნევის) ტოლია, რაც უზრუნველყოფს პლევრის ღრუში სითხის შეწოვას. პლევრის ღრუდან ცილების, უჯრედების, მკვრივი ნაწილაკების (ნახშირის მტვრის, ასბესტის) გამოყოფა ხორციელდება პარიესული პლევრის ლიმფური სადინრების მეშვეობით; ვისცერული პლევრის მეშვეობით მკვრივი ნაწილაკების გამოყოფა არ ხდება.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.