კუჭი

 ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

კუჭი (ventriculus, gaster) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ღრუ ორგანო, რომელიც განლაგებულია საყლაპავსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის. მასში ხორციელდება საკვების დაგროვება, მისი ნაწილობრივი გადამუშავება და შეწოვა.

ფუნქციონალური ანატომია. კუჭი მდებარეობს ეპიგასტრიუმში. იგი შედგება ორი კედლისგან – წინა და უკანა, რომლებიც ერთმანეთთან შეერთების ადგილებზე ქმნიან კიდეებს – დიდ და მცირე სიმრუდეებს; კუჭს გააჩნია ორი ხვრელი – შემავალი (კარდიალური) გულმკერდის X-XI მალების დონეზე და გამავალი (პილორუსის ხვრელი) გულმკერდის XII – წელის I მალების დონზე. კუჭში გამოყოფენ 4 ნაწილს: კარდიალურს (კარდია), რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კარდიალურ ხვრელს; ფუძეს (თაღს) – ზემოთ მიმართული გუმბათის სახით, რომელიც განლაგებულია კარდიალურ ხვრელზე გამავალი ჰორიზონტალური ხაზის მაღლა; სხეულს – კუჭის ყველაზე დიდ ნაწილს, რომელიც მოთავსებულია ფუძესა და პილორუსის ნაწილს შორის; ეს უკანასკნელი მოიცავს პილორუსის ჩაღრმავებას (კლინიკაში მას ეწოდება ანტრალური ნაწილი) და პილორუსის არხს, რომელსაც გააჩნია სფინქტერი და უშუალოდ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში.
კარდიის, ფუძის და სხეულის არეში კუჭის წინა კედელი ესაზღვრება დიაფრაგმას, ხოლო მცირე სიმრუდეზე – ღვიძლის მარცხენა წილს. უკანა კედელი ესაზღვრება მუცლის აორტას, პანკრეასს, ელენთას, მარცხენა თირკმელს და თირკმლეზედა ჯირკვალს და განივ კოლინჯს. კუჭის უკან მდებარეობს ბადექონის აბგა. საჭმლის მონელების პროცესში კუჭი იცვლის ფორმას და ზომებს, რის გამოც მოზრდილ ადამიანში მისი მოცულობა მერყეობს 1,5–დან 4 ლ–მდე. კუჭის შიგნითა ზედაპირი წარმოქმნის დატოტილ, სიგრძივად განლაგებულ ნაოჭებს, რომლებიც ქრებიან ორგანოს გაჭიმვის შედეგად.

კუჭის მცირე სიმრუდის სისხლმომარაგება ხორციელდება ფაშვის ღეროს (კუჭის მარცხენა არტერია) და ღვიძლის საერთო არტერიის (კუჭის მარჯვენა არტერია) ტოტებით. კუჭის დიდი სიმრუდის სისხლმომარაგება – გასტროდუოდენალური არტერიის (კუჭ–ბადექონის მარჯვენა არტერია) და ელენთის არტერიის (კუჭ–ბადექონის მარცხენა არტერია) ტოტებით, ფუძე – ელენთის არტერიიდან გამომავალი კუჭის მოკლე არტერიებით. ზემოთაღნიშნული არტერიები ერთმანეთთან ქმნიან ანასტომოზებს, რითაც აყალიბებენ არტერიულ რგოლს. ვენური სისხლი არტერიების თანამოსახელე ვენების საშუალებით ჩაედინება კარის ვენაში. ლიმფა ჩაედინება კუჭის, კუჭ–ბადექონის და პილორუსის ლიმფურ კვანძებში. კუჭის ინერვაცია ხორციელდება ფაშვის წნულით (სიმპათიკური ინერვაცია) და ცდომილი ნერვის ტოტებით (პარასიმპათიკური ინერვაცია).

კუჭის, ისევე როგორც, საჭმლის მომნელებელის სისტემის ყველა ორგანოს, კედელი შედგება 4 შრისგან – ლორწოვანი გარსი, ლორწქვეშა შრე, კუნთოვანი და სეროზული გარსები. ყველაზე რთული აგებულება გააჩნია კუჭის ლორწოვან გარსს. სკანირებული მიკროსკოპის მეშვეობით მასში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ დიდი რაოდენობით ხვრელები (კუჭის ორმოები), რომლებშიც იხსნებიან საკუთრივ ლორწოვან გარსში განლაგებული კუჭის ჯირკვლების სადინრები. კუჭის ორმოები დაფარულია ცილინდრული ეპითელიუმის შრით, რომელიც გამოყოფს ლორწოს. ფარავს რა კუჭის შიგნითა გარსს, ლორწო კუჭს იცავს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების, პირველ რიგში კუჭის წვენის, ზემოქმედებისგან. კუჭის მფარავი ეპითელიუმი, კუჭის ჯირკვლების ყელის არედან ახალგაზრდა უჯრედების მიგრაციის ხარჯზე სწრაფად განიცდის რეგენერაციას. განასხვავებენ კარდიალურ, ფუნდალურ და პილორუსის ჯირკვლებს. კარდიალური ჯირკვლები შედგებიან მცირე ზომის ლორწოვანი უჯრედებისგან, რომელთაც გააჩნიათ დაბალი სეკრეტორული აქტივობა, აგრეთვე ერთეული პარიესური (ამომფენი) უჯრედებისგან. კუჭის (ფუნდალური) ჯირკვლებს, რომლებიც განლაგებულნი არიან კუჭის სხეულში, ფუძეში და პილორუსის ანტრალურ ნაწილში, გააჩნიათ მთავარი ნაწილი (სხეული და ფუძე) და ყელი; ისინი იხსნებიან უშუალოდ შესართავების კუჭის ორმოებში. მთავარ ნაწილში, ძირითადად ლოკალიზებულნი არიან მთავარი (ზიმოგენური) უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭის წვენის ფერმენტებს. მათ შორის მცირე რაოდენობით არიან პარიესული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ მარილმჟავას და ანტიანემიურ კასლის შინაგან ფაქტორს. პილორუსის ჯირკვლების შემადგენლობაში შედიან პეპსინის და ლორწოს მაპროდუცირებელი, კუჭის ჯირკვლების ანალოგიური უჯრედები. გარდა ამისა, კუჭის და პილორუსის ჯირკვლები შეიცავენ ენდოკრინულ უჯრედებს. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ენტეროქრომაფინული Ec-უჯრედები, ენტეროქრომაფინულის მსგავსი Ec L-უჯრედები, A-მსგავსი, D-, D1-, G-, S-, P-უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ გასტროინტესტინალურ ჰორმონებს (შესაბამისად სეროტონინს, ჰისტამინს, გლუკაგონს, სომატოსტატინს, ვაზოაქტიურ ინტესტინალურ პოლიპეპტიდს – VIP, გასტრინს, სეკრეტინს და ბომბეზინს.)

ლორწოვან და კუნთოვან გარსებს შორის მდებარე ლორწქვეშა შრე წარმოადგენს ფაშარ, ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს დიდი რაოდენობით ელასტიური ბოჭკოებით, სადაც განლაგებულია სისხლძარღვოვანი და ნერვული ლორწქვეშა (მეისნერის) წნულები.
კუჭის კუნთოვანი გარსი შედგება 3 გლუვკუნთოვანი შრისგან (გარეთა – სიგრძივი, შუა – ცირკულარული და შიგნითა – ირიბი), რომელთა ტონური შეკუმშვაც უზრუნველყოფს კუჭის ფორმის და ზომების შენარჩუნებას. პილორუსის არხის ზონაში ცურკულარულად განლაგებული კუნთები სქელდებიან და ქმნიან პილორუსის სფინქტერს. გარეთა და შუა შრეებს შორის მდებარეობს კუნთებშუა ნერვული (აუერბახის) წნული.
გარეთა სეროზული გარსი წარმოადგენს ფაშარ ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს, რომელიც ამოფენილია მეზოთელური უჯრედების შრით; იგი ასრულებს საყრდენ ფუნქციას, აფიქსირებს ორგანოს განსაზღვრულ მდებარეობაში. მის სისქეში გადიან სისხლძარღვები და ლიმფური სადინრები, აგრეთვე ნერვები.

ფიზიოლოგია. კუჭის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს პირის ღრუდან მასში მოხვედრილი საკვების მექანიკური და ქიმიური დამუშავება, ქიმუსის ფორმირება და მისი ევაკუაცია თორმეტგოჯა ნაწლავში. კუჭში ძირითადად ხორციელდება ცილების მონელება. საჭმლის მონელება იწყება საკვების ზედაპირული შრეებისგან, რომლებიც თანდათანობით გადაინაცვლებენ კუჭის პერისტალტიკური შეკუმშვის ხარჯზე. კუჭში ნახშირწყლების და ცხიმების დაშლა ნაკლებად ხდება, პირველი მათგანის დაშლა ხორციელდება ნერწყვის ამილაზას ზემოქმედებით, ხოლო მეორესი – კუჭის ლიპაზას მეშვეობით.
კუჭში საკვების მონელებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კუჭის წვენის სეკრეცია, რომლის ძირითადი კომპონენტებია მარილმჟავა, ლორწო და ფერმენტები. კუჭის წვენის მოცულობა დამოკიდებულია მოფუნქციონირე ჯირკვლოვანი უჯრედების რაოდენობაზე და მათ მდგომარეობაზე, აგრეთვე გამღიზიანებლის ხასიათზე. ნორმალური საკვები რაციონის პირობებში ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ გამომუშავდება დაახლოებით 2 ლ კუჭის წვენი დღე–ღამის განმავლობაში. უზმოზე კუჭის შიგთავსის pH უდრის 6,0. კუჭის სეკრეციის სტიმულაციის ფონზე pH ქვეითდება 1,0–1,5–მდე, რაც ძირითადად განპირობებულია მარილმჟავას, ნაკლებად კუჭის წვენში არსებული სხვა მჟავების (ნახშირმჟავა, რძემჟავა) სეკრეციაზე. მარილმჟავა შლის საკვების ბოჭკოვან კომპონენტებს, ხელს უწყობს კუჭის პეპტიდაზების მაქსიმალურ აქტიურობას და უზრუნველყოფს კუჭის წვენის ბაქტერიოციდულ მოქმედებას. უზმოზე თავისუფალი მარილმჟავას სიდიდე ნორმაში შეადგენს არა უმეტეს 20 ტიტრაციულ ერთეულისა, ჰისტამინით სტიმულაციის შემთხვევაში – 60–86 ერთეულს. საერთო ბაზალური მჟავიანობა უდრის 40 ტიტრაციულ ერთეულს, სტიმულირებული – 80–100 ტიტრაციულ ერთეულს.
კუჭის ლორწო (მუცინი) შედგება 2 ფრაქციისგან – უხსნადი (ხილული), რომელიც მოიცავს პოლისაქარიდებს, გლიკოპროტეიდებს, პროტეოგლიკანებს, პროტეინებს, ადსორბირებულ ფერმენტებს, და სხნადი, რომელიც შეიცავს უხსნადი ლორწოს ენზიმური დაშლის პროდუქტებს, მუკოპროტეიდებს, მჟავა მუკოპოლისაქარიდებს და სხ. ლოწროს უხსნადი ნაწილი, წარმოქმნის რა კუჭის ზედაპირზე კოლოიდურ მემბრანას (ქოლენდერის ლორწოვანი ბარიერი), იცავს მას თვითმონელებისგან. ხსნადი ფრაქციის კომპონენტებს გააჩნიათ ბიოლოგიური აქტივობა, კერძოდ ლიპოტროპული ეფექტი, შეიცავენ ზრდის და კასლის შინაგან ფაქტორებს.
კუჭის წვენის ძირითად პროტეოლიზურ ფერენტებს მიეკუთვნებიან პეპსინი, გასტრიქსინი, პეპსინი В და რენინი. პეპსინი – ენდოპეპტიდაზების წარმომადგენელი, წარმოიქმნება კუჭის ლორწოვანი გარსის მთავარ უჯრედებში პეპსინოგენის პროფერმენტისგან, გააჩნია მრავალი ფერმენტის (პროტეაზების, პეპტიდაზების, ტრანსპეპტიდაზების და ესტერაზების) თვისებები. გასტრიქსინი თავისი თვისებებით ახლოს არის პეპსინთან. მთლიანობაში ორივე მათგანი უზრუნველყოფს კუჭის წვენის პროტეოლიზური აქტივობის დაახლოებით 95%–ს. პეპსინი В–ს (პარაპეპსინი) გააჩნია ტრანსპეპტიდაზური და ჟელატინაზური თვისებები, ახდენს ჰემოგლობინ–სუბსტრატის ჰიდროლიზს. რენინი (ქიმოზინი) თავისი სუბსტრატული სპეციფიკურობით ახლოსაა პეპსინთან, თუმცა მისთვის აგრეთვე დამახასიათებელია ქიმაზური აქტივობაც.
კუჭის წვენის არაპროტეოლიზურ ფერმენტებს მიეკუთვნებიან: ლიზოციმი, რომელიც გამომუშავდება ზედაპირული ეპითელიუმის უჯრედებისგან და უზრუნველყოფს კუჭის წვენის ბაქტერიოციდულ მოქმედებას; მუკოლიზინი, რომელიც ახდენს კუჭის ლორწოს ჰიდროლიზს; კარბოანჰიდრაზა, რომელიც, როგორც ჩანს, მონაწილეობას ღებულობს მარილმჟავას სინთეზში; ამილაზა; ლიპაზა და სხ.
კუჭის სეკრეტორული ფუნქციის რეგულაციაში მონაწილეობს როგორც გამაღიზიანებელი, ასევე დამთგუნველი გავლენა. ყველაზე დიდ გამაღიზიანებელი მოქმედება გააჩნია საკვებს. საჭმლის მომნელებელი სეკრეცია პირობითად იყოფა 3 ფაზად – ტვინისმიერი, კუჭის და ნაწლავური. ტვინისმიერი (რთულრეფლექსური ან ე.წ. ფსიქიკური) ფაზა იწყება საკვების დანახვის და პირის ღრუში მისი მოხვედრის შემდეგ ყნოსვითი, მხედველობითი და სხვა რეცეპტორების გაღიზიანების მომენტიდან. კუჭის (ჰუმორული) ფაზა იწყება უშუალოდ კუჭის კედელთან საკვების კონტაქტის შემდეგ. სეკრეციის ყველაზე მძლავრი ბუნებრივი სტიმულატორებია ხორცის ექსტრაქტები, ამინომჟავები, სპირტები. საკვების მიღებიდან 1–3 საათის შემდეგ, ნაწლავების ქემო–, ოსმო– და მექანორეცეპტორების გაღიზიანების შედეგად დგება ნაწლავური ფაზა, რომელიც ხასიათდება კუჭის სეკრეციის მცირე მოცულობით, თუმცა აღნიშნულ ფაზას უდიდესი როლი ენიჭება კუჭის, პანკრეასის და ღვიძლის ფუნქციების კოორდინაციაში. კუჭის სეკრეციის გაღიზიანების უშუალო მექანიზმი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კუჭში არსებული 3 რეცეპტორული ველის გაღიზიანებასთან – აცეტილქოლინური, გასტრინული და ჰისტამინური.
ფიზიოლოგიურ დამთრგუნველ მექანიზმს მიეკუთვნება ანტრუმის აციდიფიკაციის ეფექტი (ანტრალურ ნაწილში pH-ის დაქვეითება 1,0–1,5–მდე იწვევს მარილმჟავას სეკრეციის შეწყვეტას). კუჭის სეკრეციას აგრეთვე თრგუნავენ გასტრონები (ბულბოგასტრონი, სეკრეტინი, ქოლეცისტოკინინი, გლუკაგონი), რომლებიც მოქმედებენ როგორც გასტრინის ინჰიბიტორები.
ფუნქციური ან ორგანული ხასიათის დარღვევების დროს კუჭის წვენში მარილმჟავას სეკრეცია შესაძლოა გაიზარდოს (ჰიპერქლორჰიდრია, ან დაქვეითდეს (ჰიპოქლორჰიდრია) მისი სრულ გაქრობამდეც კი (აქლორჰიდრია).
ლორწო– და ფერმენტწარმოქმნის რეგულაციას გააჩნია ანალოგიური ხასიათი. გამაღიზიანებელ ფაქტორებს წარმოადგენენ საკვები, აცეტილქოლინი, გასტრინი, ნაკლებად ჰისტამინი. კუჭში ლორწოს წარმოქმნის შერჩევით სტიმულატორს წარმოადგენს სეროტონინი. მთავარი უჯრედების ფუნქციის დათრგუნვა აღინიშნება ჰიპოფიზური და თირკმელზედა ჯირკვლოვანი უკმარისობის და კუჭის იშემიის დროს. ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში, რომლებიც ხასიათდებიან კუჭის სეკრეტორული უნარის დათრგუნვით და რომელთაც თან არ სდევთ კუჭის ლორწოვანი გარსის ხილული ცვლილებები (მაგ., ფსიქიკური ტრავმების დროს), აგრეთვე ორგანული ხასიათის ცვლილებების შემთხვევაში (ლორწოვანი გარსის ატროფია გასტრიტის, კუჭის კიბოს და სხ. დროს) კუჭის წვენი შესაძლებელია არ შეიცავდეს მარილმჟავას და ფერმენტებს (კუჭისმიერი აქილია).
კუჭის სეკრეტორულ ფუნქციასთან მჭიდრო კავშირშია მისი მოტორული ფუნქცია, რომელიც მოიცავს საკვების დაგროვებას (რეზერვუარული ფუნქცია), გადამუშავებას და დაქუცმაცებას (საკუთრივ მოტორული ფუნქცია) და საკვების გადანაცვლებას თორმეტგოჯა ნაწლავში (ევაკუატორული ფუნქცია). კუჭის კუნთოვანი გარსის კუმშვადობა იყოფა პერისტალტიკურ, სისტოლურ (პილორულ ნაწილში) და ტონურ შეკუმშვებად. კუმშვადობა რეგულირდება მიოგენური (მიოციტის ტრანსმემბრანული პოტენციალის სპონტანური ცვლილება), ნერვულ (ცდომილი ნერვის ლატარჟეს ტოტი აძლიერებს კუჭის მოტორიკას, ხოლო სიმპათიკური ფაშვის ნერვი თრგუნავს მას) და ჰუმორულ (გასტრინი ასტიმულირებს კუჭის მოტორიკას, ხოლო პანკრეოზიმ–ქოლეცისტოკინინი თრგუნავს მას) მექანიზმებით. გარდა ამისა, კუჭის მოტორული აქტივობის რეგულაცია ხორციელდება რეფლექტორული გზითაც (ფუნდო–ანტრალური, ანტრო–ფუნდალური და ანტერო–გასტრალური დამამუხრუჭებელი რეფლექსები), გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია კუჭის ადგილობრივ გაღიზიანებას – გაღიზიანების ზონაში, აგრეთვე მის დისტალურად, მოტორული აქტივობის და პერისტალტიკის გაძლიერება და საპირისპირო რეაქცია პროქსიმალურ უბნებში. პილორუსის სფინქტერი, რომლის როლიც შიგთავსის ევაკუაციაში ბოლომდე გარკვეული არ არის, მონაწილოებს კუჭ–თორმეტგოჯა ნაწლავის წნევის გრადიენტის შექმნაში, აგრეთვე დუოდენალური რეფლუქსის თავიდან აცილებაში.
ინკრეტორული ფუნქციის საშუალებით კუჭის ლორწოვანი გარსიდან სისხლში ხვდებიან გასტროინტესტინალური ჰორმონები, კასლის შინაგანი ფაქტორი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია კუჭის ექსკრეტორულ ფუნქციას. ექსკრეტორული ფუნქციის საშუალებით სისხლიდან კუჭის სანათურში შეიძლება მოხვდნენ ნივთიერებები (შარდოვანა, სალიცილატები, კონგოროტი და სხ.), რომელთა ჭარბი რაოდენობაც აისახება ორგანიზმის ცხოველმყოფელობაზე.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.