გულმკერდის ზედაპირული კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ზედაპირული კუნთები      Superficial muscles of thorax

გულმკერდის ზედაპირული კუნთებია:

მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major
მკერდის მცირე კუნთი – m. pectoralis minor
ლავიწქვეშა კუნთი – m. subclavius
წინა დაკბილული კუნთი – m. serratus anterior

გულმკერდის კუნთები

1. მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major წყვილი, ოთხკუთხა ფორმის კუნთია და განლაგებულია გულმკერდის კედლის წინა ზემო ნაწილში. ზემო გვერდითი კიდით კუნთი უახლოვდება დელტისებრი კუნთის წინა კიდეს და მასთან ერთად ქმნის დელტისებრ – მკერდის ღარს, რომელიც ზემოთ გადადის ლავიწქვეშა ფოსოში. მკერდის დიდი კუნთი იწყება ლავიწის სამკერდე ბოლოდან – ლავიწისეული ნაწილით – pars clavicularis, მკერდის წინა ზედაპირიდან და Ï-VII ნეკნების ხრტილებიდან – მკერდ – ნეკნებისეული ნაწილით – pars stemocostalis, და მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა კალთიდან – მუცლისეული ნაწილით – pars abdominalis. მკერდის დიდი კუნთის კონები მიემართებიან ლატერალურად და ზემოთ და ერთდებიან, ისე, რომ კუნთის ქვემო ნაწილის კონები წვებიან ზემო ნაწილის კონების უკან, რის გამოც კუნთი ამ ადგილზე საგრძნობლად გასქელებულია. კუნთის ამ შევიწროებულ, მაგრამ გასქელებულ ნაწილში კუნთი გადადის მხრის ძვალზე და ქმნის იღლიის ფოსოს – fossa axillaris წინა კედელს; შემდეგ კუნთი გადადის მყესში და უმაგრდება მხრის დიდი ბორცვის ქედს – crista tuberculi majoris humeri.

გულმკერდის კუნთები

მოქმედება: მოზიდავს და შიგნით აბრუნებს მხარს (pronatio); ხელის ჰორიზონტალური მდებარეობისას მოზიდავს მას საგიტალური მიმართულებით (anteversio), ხოლო ზემო კიდურის გამაგრებისას კუნთი მკერდ – ნეკნებისეული ნაწილით ხელს უწყობს გულმკერდის გაფართოებას სუნთქვის დროს.
ინერვაცია: nn. pectorales medialis et lateralis (C5-Th1).

სისხლმომარაგება: aa. thoracoacromialis, thoracica lateralis, thoracica suprema, intercostales.

2. მკერდის მცირე კუნთი – m. pectoralis minor ბრტყელი, სამკუთხა ფორმის კუნთია, მოთავსებულია მეორე შრეში და ფარავს მკერდის დიდი კუნთი. მკერდის დიდი კუნთი იწყება II-V ნეკნებიდან, მათი ხრტილოვანი ნაწილის ძვლოვან ნაწილში გადასვლის ადგილის ახლოს, მიემართება ზემოთ და ლატერალურად და მოკლე მყესებით უმაგრდება ბეჭის ნისკარტისებრ მორჩს – processus coracoideus scapulae.
მოქმედება: სწევს ბეჭს წინ და ქვემოთ, ხოლო ბეჭის გამაგრებისას მაღლა სწევს ნეკნებს.
ინერვაცია: nn. pectoralis medialis et lateralis (C7-Th1).
სისხლმომარაგება: aa. thoracoacromialis, intereostales, thoracica suprema.

3. ლავიწვქვეშა კუნთი – m. subclavius მოგრძო ფორმის კუნთია, მდებარეობს ლავიწის ქვემოთ და თითქმის მის პარალელურად; ზევიდან ფარავს მკერდის დიდი კუნთი. იწყება პირველი ნეკნის წინა ბოლოზე, მიემართება ლატერალურად და ზემოთ და უმაგრდება ლავიწის სამხრე ბოლოს – Extremitas acromialis ქვემო ზედაპირს.

მოქმედება: სწევს ლავიწს ქვემოთ და მედიალურად; ზემო კიდურის გამაგრებისას ზემოთ სწევს პირველ ნეკნს.
ინერვაცია: n. subclavius (C5).
სისხლმომარაგება: aa. transversa scapulae, thoracoacromialis.

გულმკერდის კუნთები

4. წინა დაკბილული კუნთი – m. serratus anterior ბრტყელი კუნთია, მდებარეობს გულმკერდის წინა გვერდით ნაწილში. მისი ზემო ნაწილი დაფარულია მკერდის დიდი კუნთით, ქვემო ნაწილი კი ზედაპირულად მდებარეობს და ფარავს მკერდის ზედაპირული ფასცია. კუნთი იწყება 8-9 კბილით ზევითა 8-9 ნეკნის გარეთა ზედაპირიდან და პირველ და მეორე ნეკნებშუა მყესოვანი რკალიდან; მიემართება უკან და ზემოთ, ფარავს ნეკნების გარეთა ზედაპირს, აღწევს ბეჭის ქვეშ და უმაგრდება მის მედიალურ კიდესა და ქვემო კუთხეს.
მოქმედება: ბეჭის ძვალს ამაგრებს გულმკერდთან და სწევს მას წინ; კუნთის ქვემო კონები ბეჭის ქვედა კუთხეს სწევენ ლატერალურად. ზემო კიდურის სარტყლის გამაგრებისას წინა დაკბილული კუნთი მონაწილეობს ჩასუნთქვის აქტში.
ინერვაცია: n. thoracicus longus (C5-C7).
სისხლმომარაგება: aa. thoracodorsalis, thoracica lateralis, intereostales.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.