ჰიპოფიზი

 ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს.

ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას.

ანატომია. ჰიპოფიზი მდებარეობს თავის ტვინის ვენტრალურ ზედაპირზე თავის ქალას ფუძეზე სოლისებრი ძვლის თურქული კეხის ფუძეზე. იგი წარმოადგენს 1×1,3×0,6 სმ ზომის, ოვალური ფორმის წარმონაქმნს;

ჰიპოფიზის მასა საშუალოდ შეადგენს 0,5–0,6 გრ. ჰიპოფიზის მასა და ზომები შეიძლება ცვალებადობდეს მისი ფუნქციური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჰიპოფიზში განასხვავებენ 2 ძირითად წილს – წინა (ადენოჰიპოფიზი) და უკანა (ნეიროჰიპოფიზი). ადენოჰიპოფიზი შეადგენს მთლიანი ჯირკვლის მასის 70–80%. მასში განასხვავებენ წინა ანუ დისტალურ ნაწილს (pars distalis), რომელიც მდებარეობს თურქული კეხის ჰიპოფიზის ფოსოში; შუალედურ ნაწილს (pars intermedia), რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნეიროჰიპოფიზს, და ბორცვისებრ ნაწილს (pars tuberalis), რომელიც მიემართება მაღლა და უერთდება ჰიპოთალამუსის ძაბრს. ნეიროჰიპოფიზი შედგება მთავარი (ნერვული) ნაწილისგან (pars nervosa), რომელიც მდებარეობს თურქული კეხის ჰიპოფიზის ფოსოს უკანა ნაწილში, ინფუნდიბულარულ ნაწილს, რომელიც მოთავსებულია ადენოჰიპოფიზის ბორცვისებრი ზონის უკან, და შუამდებარე შემაღლებას.
ჰიპოფიზის ორივე წილი გამოირჩევა თავისი წარმოშობით, სტრუქტურით, ფუნქციით, გააჩნიათ დამოუკიდებელი სისხლმომარაგება და საკუთარის მორფო–ფუნქციური კავშირი ჰიპოთალამუსთან.
ადენოჰიპოფიზი ვითარდება პირის ღრუს სახურავის ეპითელური გამობერილობისგან (რატკეს ჯიბე). მისი წინა ნაწილი წარმოქმნილია ჯირკვლოვანი უჯრედების (ტრაბეკულების) მკვრივი დატოტილი ჭიმებისგან, რომლებიც ერთმანეთთან გადახლართვით ქმნიან ბადეს და აყალიბებენ პარენქიმას, რომელშიც წარმოდგენილია დიდი რაოდენობით რეტიკულური ბოჭკოები და სინუსოიდური ტიპის კაპილარები. ტრაბეკულების შუა ნაწილს იკავებს ქრომოფობული (ნაკლებად შეღებილი) უჯრედები, რომლებიც შეადგენენ წინა წილის უჯრედების 50–60%. ნორმაში ისინი არ შეიცავენ შესამჩნევ სეკრეტორულ ჩანართებს. ტრაბეკულების პერიფერიაზე განლაგებულია ქრომოფილური (კარგად შეღებილი) უჯრედები. შეღებვის ხასიათის მიხედვით მათ შორის გამოყოფენ აციდოფილურ (α–უჯრედები) უჯრედებს, რომლებიც იღებებიან მჟავა საღებავებით, და ბაზეოფილურ (β–უჯრედები) უჯრედებს, რომლებიც იღებებიან ტუტეებით. აციდოფილური უჯრედები შეადგენენ წინა წილის უჯრედთა დაახლოებით 40%–ს. მათში მრავლადაა 400–800 ნმ დიამეტრის დიდი ზომის სეკრეტორული გრანულები. ჰორმონული პროდუქციის ტიპის მიხედვით მათ შორის განასხვავებენ სომატოტროფებს (α–აციდოფილები) და ლაქტოტროფებს (∑–აციდოფილები). ბაზოფილებებზე მოდის ადენოჰიპოფიზის უჯრედთა დაახლოებით 10%. ისინი აციდოფილებზე დიდი ზომისანი არიან, გააჩნიათ მრგვალი ან პოლიგონალური ფორმა; მათი სეკრეტორული გრანულები გაცილებით მცირე ზომისანი არიან. ჰორმონული პროდუქციის მიხედვით ბაზოფილები იყოფიან თირეოტროფებად, გონადოტროფებად და კორტიკოტროფებად. უჯრედთა თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპს, პათოლოგიის დროს, შესაძლებელია გააჩნდეს მულტიჰორმონული სეკრეტორული აქტივობა, მაგალითად ერთდროულად გამოყოს სომატოტროპინი და პროლაქტინი.
ადენოჰიპოფიზის შუალედური ნაწილი ძირითადად წარმოქმნილია დიდი ზომის ბაზოფილური უჯრედებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ ადენოკორტიკოტროპინს (აკტჰ) და მელანოტროპინს (ინტერმედინი).
ადენოჰიპოფიზური უჯრედების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოიყენება ენზიმატური ჰისტოქიმიური მეთოდები (ხშირად შერწყმული ელექტრონულ მიკროსკოპიასთან), აგრეთვე იმუნოცისტოქიმიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოვახდინოთ ჰიპოფიზის ჯირკვლოვანი უჯრედების და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების იდენტიფიცირება.

ადენოჰიპოფიზის სისხლმომარაგება ხორციელდება ჰიპოფიზის პორტული სისტემის მეშვეობით ზედა ჰიპოფიზური არტერიებით (დაღმავალი სისხლმომარაგებით ჰიპოთალამუსიდან ჰიპოფიზისკენ). ჰიპოთალამური ნეიროჰორმონებით გამდიდრებული სისხლი ჰიპოფიზის ფეხების გასწვრივი გამავალი კარის ვენებით ჩაედინება ადენოჰიპოფიზის პარენქიმის მრავალრიცხვოვან სინუსოიდალურ კაპილარებში, სადაც ხდება მისი გაჯერება ადენოჰიპოფიზის ჰორმონებით, რის შემდეგაც სისხლი ვენური სისტემით ჩაედინება თავის ტვინის მაგარი გარსის ვენურ სინუსებში, საიდანაც ხვდება სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემაში. აღნიშნული კავშირის წყალობით ხორციელდება ადენოჰიპოფიზის ტროპული ფუნქციების ნეიროჰუმორული რეგულაცია.

ნეიროჰიპოფიზი წარმოადგენს შუა ტვინის ძაბრის ფუძის წარმოებულს. მისი უკანა წილი წარმოქმნილია ეპენდიმური ტიპის ნეიროგლიებით და მცირე ზომის კუნძულოვანი უჯრედებით – პიტუიციტებით. მასში მთავრდებიან ჰიპოთალამუსის სუპრაოპტიკური და პარავენტრიკულური ბირთვების ნეიროსეკრეტორული უჯრედების აქსონები, აგრეთვე არკუატული ბირთვის დოფამინერგული ნერვული ბოჭკოები. აქსონების გავლით ჰიპოთალამუსიდან ჰიპოფიზის უკანა წილში განსაკუთრებული გრანულების სახით ხვდებიან ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი. ისინი გროვდებიან საბოლოო აქსონებში (ტერმინალებში), რომლებიც უკავშირდებიან კაპილარებს, რის შემდეგაც ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში, შემდეგ კი ჰიპოფიზში მოხვედრილი ვოლუმო– და ოსმორეცეპტორებიდან მომავალი ინფორმაციის ზეგავლენით, გამოიყოფიან საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ორივე ჰორმონი სპეციფიკურად დაკავშირებულა თავის ტვინის მიერ გამომუშავებულ ე.წ. ნეიროფიზინებთან. სისხლში მათი კონცეტრაციის მიხედვით (რისი განსაზღვრაც ხდება რადიოიმუნოლოგიური მეთოდით) შეიძლება ვიმსჯელოთ ნეიროჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

ფიზიოლოგია. ადენოჰიპოფიზში გამომუშავდება 4 გლანდოტროპული ჰორმონი (თირეოპროტინი, აკტჰ, ლუტროპინი, ფოლიტროპინი), რომლებიც არეგულირებენ შესაბამისი პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების (ფარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლების და გონადების) ფუნქციებს; აგრეთვე 3 ჰორმონი (სომატოტროპინი, პროლაქტინი, მელანოტროპინი), რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ ქსოვილებზე, და ლიპოტროპინები – ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ პერიფერიული ლიპოლიზური თვისებები. ჰიპოფიზის უკანა წილი გამოყოფს ვაზოპრესინს და ოქსიტოცინს. ვაზოპრესინი ახდენს პლაზმის ოსმოსური წნევის ნორმალიზებას, ხოლო ოქსიტოცინი ასტიმულირებს ლაქტაციური სარძევე ჯირკვლის მიერ რძის გამომუშავებას და საშვილოსნოს მუსკულტურის შეკუმშვას.

ჰიპოთალამუსის მეშვეობით ნერვულ სისტემასთან მჭიდროდ დაკავშირებული ჰიპოფიზი ენდოკრინულ სისტემას აერთიანებს ერთიან ფუნქიონალურ კომპლექსში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას, აგრეთვე სისხლში ჰორმონების კონცეტრაციების ცირკადულ (დღე–ღამურ), თვიურ და სეზონურ მერყეობებს. ტროპული ჰორმონების სეკრეცია რეგულირდება უკუკავშირის სისტემით. ასე მაგალითად, სისხლში პერიფერიული ჯირკვლების ჰორმონების დონის ცვლილების აღქმა ხორციელდება ჰიპოთალამუსის ზონის შესაბამისი რეცეპტორული ზონების მიერ, რომელიც მიღებული ინფორმაციის საპასუხოდ გამოყოფილი სპეციალური ჰორმონების მეშვეობით ჰიპოფოზის წინა წილზე უშულო ზემოქმედების გზით ასტიმულირებს ან თრგუნავს შესაბამისი ტროპინის სეკრეციას. სისტემა ჰიპოთალამუსი–ადენოჰიპოფიზი–პერიფერიული ჯირკვალი შედარებით ავტონომიურია. მას ძალუძს შეასრულოს თავის ფუნქცია ნაწილობრივი და სრული დიაფერენტაციის დროსაც კი. თავის მხრივ, ადენოჰიპოფიზი წარმოადგენს სამიზნ ორგანოს პერიფერიული ჯირკვლების ჰორმონებისთვის, რომლებიც ახორციელებს მათ შორის სპეციფიკურ კავშირს.

დღე–ღამის განმავლობაში ჰორმონების სეკრეცია ატარებს მოპულსირე ხასიათს. სომატოტროპინის და პროლაქტინის გამოყოფაზე გავლენას ახდენს სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობა, მაგ., გლიკემიის დონე და ამინომჟავების კონცეტრაცია. პროლაქტინის სეკრეცია იმყოფება დამამუხრუჭებელი დიფამინერგული გავლენის ქვეშ; მისი სტიმულირება შეუძლია ჰიპოთალამუსის რილიზინგ–ჰორმონს თიროლიბერინს. პროლაქტინის სეკრეციის აუტორეგულაცია აგრეთვე ხორციელდება ლიმბური სისტემის და ჰიპოთალამუსის მეშვეობით, ხოლო სომატოტროპინის – ინტრაჰიპოთალამური უკუკავშირის პრინციპით. სისხლში ზოგიერთი ჰორმონის დონის მკვეთრ რეფლექტორულ მატებას განაპირობებენ ცნს–ის ზედა ნაწილები.
ჰიპოფიზის ფუნქციის გამოკვლევა ხდება სისხლში ჰიპოფიზის ჰორმონების დონის, მათი კონცეტრაციების დღე–ღამური ცვალებადობების განსაზღვრის გზით, აგრეთვე დატვირთვის სინჯების ფონზე შესაბამისი უჯრედების ფუნქციონალური აქტივობის სტიმულატორების და ინჰიბიტორების გამოყენებით.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.