კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია
განასხვავებენ გარეთა ცხვირს და ცხვირის ღრუს. გარეთა ცხვირი წარმოქმნილია ძვალ–ხრტილოვანი ჩონჩხისგან, დაფარულია კუნთებითა და კანით. ცხვირის ღრუ ცხვირის ხვრელების (ნესტოების) მეშვეობით წინიდან უკავშირდება გარემოს, უკნიდან – უკანა ხვრელების (ქოანების) მეშვეობით ხახის ცხვირის ნაწილს (ცხვირ-ხახას). ცხვირის ძგიდე ცხვირის ღრუს ყოფს ორ ნაწილად – მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. ცხვირის ძგიდის წინა–ქვედა ნაწილში მდებარეობს სისხლმდენი ზონა (კისელბახის ზონა).
ლატერალურ კედელზე მოთავსებულია ცხვირის ნიჟარები, რომლებიც ცხვირის ღრუს ყოფენ ცხვირის ზედა, შუა და ქვედა სავალებად. ცხვირის ზედა სავალში იხსნება სოლისებრი წიაღი და ცხავის ძვლის უკანა უჯრედები, ცხვირის შუა გასავალში – ზედა ყბის (ჰაიმორის) და შუბლის წიაღები, აგრეთვე ცხავის ლაბირინთის წინა და შუა უჯრედები. ცხვირის შუა გასავალში მოთავსებულია ცხვირ–ცრემლის სადინრის ხვრელი. ცხვირის ღრუ ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით დაფარული ლორწოვანი გარსით, რომლის წამწამთა მოძრაობა მიმართულია უკან ქოანებისკენ. ცხვირის უკანა გასავლის მიდამოში (ყნოსვის ზონა) განლაგებულნი არიან ყნოსვის ნერვის პერიფერიული დაბოლოებები.
ცხვირის სისხლმომარაგება ხორციელდება შიგნითა და გარეთა საძილე არტერიების ტოტებით – სასა–სოლისებრი, ცხვირსასის და თვალის არტერიებით; ვენური სისხლი ჩაედინება სახის, ცხვირის გარეთა, თვალის ვენებში, მღვიმოვან (კავერნოზულ) სინუსში. ცხვირის ნიჟარების ძვლოვან ჩონჩხზე მრავალრიცხოვანი ვენური წნულები ქმნიან კავერნოზულ ქსოვილს, რომლის მოცულობაც შეიძლება რეფლექტორულად შეიცვალოს. ცხვირის ლორწოვანი გარსის ლიმფური სადინრები უერთდებიან თავის ტვინის სუბდურულ და სუბარაქნოიდულ სივრცეებს. ცხვირის ინერვაცია უპირატესად ხორციელდება სახის და სამწვერა ნერვის ტოტებით.
ცხვირი ასრულებს სუნთქვით, ყნოსვით, რეზონატორულ და დამცველობით ფუნქციებს. შესუნთქული ჰაერი გაივლის რა ცხვირის სავალებს, ნესტიანდება (ცხვირის ლორწოს მეშვეობით, რომელიც დღე–ღამეში გამოიყოფა დაახლოებით 500 მლ–მდე) და თბება. თმების ფილტრის საშუალებით მტვრის ნაწილაკები და ბაქტერიები კავდებიან ცხვირის შესასვლელში, ილექებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ნაწილობრივ მოციმციმე ეპითელიუმის მეშვეობით ხვდებიან ცხვირხახაში, საიდანაც შემდგომ ხდება მათი მოცილება ყლაპვის, დაცემინების და ამოხველების გზით. იმ ბაქტერიების გაუვნებელყოფა, რომელთა მოცილებაც არ მოხერხდა მექანიკური გზით, ხორციელდება ცხვირის ლორწოს ლიზოციმების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება.
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.