ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ცერცვისებრი ძვლის სახსარი Articulatio ossis pisiformis Articulation of pisiform bone
ცერცვისებრი ძვლის სახსარი – articulatio ossis pisifosmis, – აკავშირებს ცერცვისებრ ძვალს – Os pisiforme სამწახნაგა ძვალთან – Os triquetrum.
ცერცვისებრ ძვალს სასახსრე ზედაპირი გააჩნია მხოლოდ მისკენ მიქცეულ სამწახნაგა ძვლის სასახსრე ზედაპირის მხარეზე. სასახსრე ჩანთა – capsula articularis ფიქსირებულია სახსარში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირების კიდეებზე. სასახსრე ღრუ ზოგჯერ უკავშირდება სხივ – მაჯის სახსრის სასახსრე ღრუს.
ცერცვისებრი ძვლის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. ცერცვ – კავის იოგი – lig. pisohamatum, – გაჭიმულია ცერცვისებრ ძვალსა და კავიანი ძვლის კავს შორის;
2. ცერცვ – ნების იოგი – lig. pisometacarpeum, – გაჭიმულია ცერცვისებრი ძვლიდან ნების III-V ძვლების ფუძეებამდე.
აღნიშნული იოგები წარმოადგენენ მაჯის იდაყვისაკენ მომხრელი კუნთის – m. flexor carpi ulnaris მყესის გაგრძელებას, რომლის სისქეში მოთავსებულია სესამოიდური ძვალი – ცერცვისებრი ძვალი – os pisiforme.
სესამოიდურის ძვლები მცირე ზომის ძვლოვანი ან ბოჭკოვან – ხრტილოვანი მრგვალი წარმონაქმნებია, რომლებიც მყესების სისქეში არიან მოქცეულნი. ეს ძვლები უზრუნველყოფენ კუნთის მყესის აწევასა და მის უფრო ხელსაყრელ მოქმედებას ძვალზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.