ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მაჯა – ნების სახსრები Articulationes carpometacarpeae; Carpometacarpal articulations of hand
მაჯა – ნების სახსრები – articulationes carpometacarpeae, – იქმნება მაჯის მეორე რიგის ძვლების დისტალური ზედაპირებისა და ნების ძვლების ფუძეთა შენაწევრებით. არჩევენ მაჯა – ნების ორ სახსარს: ერთი წარმოქმნილია ტრაპეციული ძვლითა – Os trapezium და ნების I ძვლით, მეორე სახსარი მდებარეობს ტრაპეციულ ძვალს – Os trapezium, ტრაპეცოიდურ ძვალს – Os trapezoideum, თავდიდა ძვალსა – Os capitatum და კავიან ძვალს – Os hamatum შორის, – ერთის მხრივ, და მეორე მხრივ – ნების II-V ძვლებს შორის.
ხელის ცერის მაჯა – ნების სახსარი – Articulatio carpometacarpea pollicis წარმოქმნილია ტრაპეციული ძვლის – Os trapezium დისტალური უნაგირისებრი სასახსრე ზედაპირისა და ნების პირველი ძვლის უნაგირისებრი სასახსრე ზედაპირის შენაწევრებით. ხელის ცერის მაჯა – ნების სახსარი ორღერძიანი სახსარია და მიეკუთვნება უნაგირა სახსრების – articulatio sellaris ჯგუფს.
ნების II-V ძვლების მაჯა – ნების სახსრები იქმნება ტრაპეციული ძვლის დისტალური ბრტყელი სასახსრე ზედაპირით, ასევე ტრაპეცოიდური, თავდიდა და კავიანი ძვლებისა და ნების II-V ძვლების პროქსიმალური სასახსრე ზედაპირებით.
ნების V ძვლის მაჯა – ნების სახსარი თავისი ფორმით უახლოვდება უნაგირა სახსარს – articulatio sellaris. სასახსრე ჩანთა – capsula arlicularis, ფიქსირებულია ძვლების სასახსრე ზედაპირების კიდეებზე და დაჭიმულია. მაჯა – ნების სახსრის სასახსრე ღრუ უკავშირდება ნების ძვალთა სახსრების, მაჯის შუა სახსრისა და მაჯის ძვალთაშუა სახსრების სასახსრე ღრუებს.
მაჯა – ნების სახსრების იოგოვან აპარატს მიეკუთვნება: მაჯა – ნების პალმარული იოგები – ligg. carpometacarpea palmaria და მაჯა – ნების დორსალური იოგები – ligg. carpometacarpea dorsalia, რომლებიც გაჭიმულია მაჯისა და ნების ძვლებს შორის. მაჯა – ნების სახსრები მთლიანობაში ქმნიან მტევნის მყარ საფუძველს. ეს სახსრები ნაკლებმოძრავნი არიან და მიეკუთვნებიან ბრტყელ სახსრებს – articulationes planae.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.