ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ლიმფური კვანძები Nodi lymphatici Lymph nodes
ლიმფური კვანძები – nodi lymphatici – იმუნური სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანოებია; ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა 500-მდეა. ლიმფური კვანძები განლაგებულია ლიმფური ძარღვების გზაზე; ისინი ორგანიზმში ასრულებენ ბარიერულ-ფილტრაციულ ფუნქციას, მონაწილეობენ ლიმფოციტების წარმოქმნაში და ამიტომ განიხილებიან როგორც იმუნური სისტემის ორგანოები.
ლინფური კვანძები ფორმით სხვადასხვაგვარია – მრგვალი, ოვალური, ლობიოსმაგვარი სხვ; ზომა ვარირებს 25 – 30 მმ-ის ფარგლებში. კვანძს აქვს ამობურცული მხარე, რომლისკენაც მოდიან ე. წ. მომტანი ლიმფური ძარღვები – vas lymphaticum afferena და ჩადრეკილი მხარე – კვანძის კარი – hilum. კარიდან კვანძში შედიან მისი მკვებავი არტერიები და ნერვები და გამოდიან ლიმფის გამომტანი ლიმფური ძარღვები – vas lymphaticum efferens და ვენები.
ლიმფური კვანძს გარედან ფარავს კაფსულა – capsula. კაფსულა შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან, რომელსაც შერეული აქვს გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები, რაც უზრუნველყოფს კვანძის კუმშვადობას. კაფსულიდან კვანძის სიღრმეში მიემართებიან ხარიხები, ანუ ტრაბეკულები – trabecula; ლიმფური კვანძის ხარიხები რეტიკულურ უჯრედებთან და ბოჭკოებთან ერთად ქმნიან კვანძის სტრომას. სტრომის მარყუჟებში განლაგებულია ლიმფური კვანძის ელემენტები, ძირითადად ლიმფოციტები. ხარიხებს შორის სივრცეები ამოვსებულია ლიმფოიდური ქსოვილით.
ლიმფური კვანძის გამოდრეკილ მხარეზე წარმოქმნილია ქერქოვანი ნივთიერება – cortex, მის შიგნით კი ტვინოვანი ნივთიერებაა – medulla. იგი შეიცავს ლიმფით სავსე სინუსებს. კვანძის შიგნით ლიმფა ცირკულირებს სინუსების სისტემაში. მომტანი ძარღვებს ლიმფა მიაქვთ განაპირა სინუსში, რომელიც წარმოადგენს ქერქოვან ნივთიერებასა და კაფსულას შორის არსებულ ნაპრალს. იგი უერთდება შუალედურ ქერქოვან სინუსს – sinus corticalis, საიდანაც ლიმფა ხვდება შუალედურ ტვინოვან სინუსში – sinus medullaris. ტვინოვანი სინუსები ერთიანდებიან და ქმნიან კარის სინუსს, საიდანაც ლიმფა გადადის კვანძის კარში, აქედან კი – გამომტან ლიმფურ ძარღვებში. ქერქოვან ნივთიერებაში მდებარეობს ლიმფოიდური კვანძები – nodulus lymphaticus, რომლებიც ახლოს არიან კაფსულასთან და აქვთ მრგვალი ფორმა. კვანძებს შორის შუალედები შევსებულია ლიმფოიდური ქსოვილით და მას კვანძთაშუა ლიმფოიდური ქსოვილი ეწოდება; ქერქსა და ტვინოვანი ნივთიერების საზღვარზე მდებარეობს ქერქისახლო (პარაკორტიკული) ზონა, რომელიც შეიცავს T – ლიმფოციტებს.
ლიმფური კვანძების კლასიფიკაცია ხორციელდება სხეულის მიდამოებისა და მისი ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებების თანაფარდობის მიხედვით. ლიმფურ კვანძებს ყოფენ ვისცერულ, სომატურ, პარიეტულ და შერეულ ტიპებად. ვისცერულ ლიმფურ კვანძში ლიმფა იკრიბება შინაგანი ორგანოებიდან, ესენია: ტრაქეობრონქული, მეზენტერული და სხვ. სომატურ ლიმფურ კვანძებში (მაგ,: მუხლქვეშა და იდაყვის ლიმფური კვანძები) ლიმფა იკრიბება კიდურებიდან და სხეულის კედლებიდან; ლიმფურს კვანძებს, რომლებშიც ლიმფა იკრიბება როგორც სომატური, ასევე ვისცერული ორგანოებიდან, შერეული ლიმფური კვანძები ეწოდება. (მაგალითად, კისრის ღრმა ლიმფური კვანძი).
ლიმფური კვანძები განლაგებულია ორგანიზმის კონკრეტულ უბნებზე ჯგუფებად და მათი რაოდენობა მეტად განსხვავებულია.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.