ადამიანის ნორმალური ანატომია. თეძოს გარეთა არტერია Arteria iliaca externa; External iliac artery
ლალი დათეშიძე
თეძოს გარეთა არტერია – a. iliaca externa, წყვილი სისხლძარღვია; გამოდის თეძოს საერთო არტერიიდან, მდებარეობს რეტროპერიტონეულად, მიყვება სუკის დიდი კუნთის – m. psoas major მედიალურ კიდეს, გაივლის საზარდულის იოგის ქვეშ სისხლძარღვოვან შუალედში – lacuna vasorum, სადაც თავსდება თანამოსახელე ვენის ლატერალურად. სისხლძარღვოვანი შუალედიდან – lacuna vasorum გამოდის ბარძაყზე და გრძელდება ბარძაყის არტერიის – a. femoralis სახით. თეძოს გარეთა არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს:
1. ქვემო ეპიგასტრული არტერია – a. epigastrica inferior, გამოდის წვრილი ღეროების სახით თეძოს გარეთა არტერიის წინა ზედაპირიდან, მისი სისხლძარღვოვან შუალედში – lacuna vasorum შესვლამდე და მიყვება მუცლის წინა კედლის უკანა ზედაპირს ზემოთ და მედიალურად, პერიტონეუმსა და განივ ფასციას – fascia transversalis შორის. ქვემო ეპიგასტრული არტერია თავდაპირველად მიყვება საზარდულის არხის უკანა კედელს, ადის ზემოთ, შედის მუცლის სწორი კუნთის ბუდეში, წვება ამ კუნთისა და მისი ბუდის უკანა კედელს შორის, უგზავნის ტოტებს მათ და ჭიპის დონეზე იყოფა ტოტებად, რომლებიც ეანასტომოზებიან ზემო ეპიგასტრულ არტერიას – a. epigastrica superior (გულმკერდის შიგნითა არტერიის – a. thoracica interna ტოტი). თავის გზაზე ქვემო ეპიგასტრული არტერია ამყარებს ანასტომოზურ კავშირს ქვემო 4 – 5 ნეკნთაშუა უკანა არტერიებისა – aa.. intercostales posteriores და წელის არტერიების – aa.. lumbales საბოლოო ტოტებთან, რომლებიც ასევე შედიან მუცლის სწორი კუნთის ბუდეში. ესენია: ა) ბოქვენის ტოტი – ã. pubicus პატარა ტოტია, იწყება ქვემო ეპიგასტრული არტერიის დასაწყისთან და მიყვება ბოქვენის ძვლის უკანა ზედაპირს ბოქვენის სიმფიზამდე, ქმნის ანასტომოზურ კავშირს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ტოტთან და დამხურავი არტერიის – a. obturatoria ბოქვენის ტოტთან – ã. pubicus. თავის გზაზე ბოქვენის ტოტი კვებავს მუცლის სწორი და პირამიდული კუნთების ქვემო ნაწილებს; ბ) სათესლის ამწევი კუნთის არტერია – a. cremasterica (საშვილოსნოს მრგვალი იოგის არტერია – a. lig. teretis uteri, – ქალებში) შედის სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში, ეშვება სათესლე პარკში. კვებავს სათესლეს ამწევ კუნთს – m. cremaster და სათესლე ჯირკვლის ყველა გარსს, ქმნის ანასტომოზურ კავშირს სათესლის არტერიასთან – a. testicularis (მუცლის აორტის – aorta abdominalis ტოტი), გარეთა სასირცხო არტერიებთან – aa.. pudendae externae (ბარძაყის არტერიის – a. femoralis ტოტები), და თესლის გამომტანი სადინარის არტერიასთან – a. ductus deferentis (თეძოს შიგნითა არტერიის – a. iliaca interna ტოტი). ქალებში ეს არტერია საშვილოსნოს მრგვალ იოგთან ერთად მიემართება დიდი სასირცხო ბაგეებისაკენ – Labium majus pudendi.
2. თეძოს ღრმა შემომხვევი არტერია – a. circumflexa ilium profunda, იწყება თეძოს გარეთა არტერიის ლატერალური კედლიდან, ადის ზემოთ თეძოს წინა ზემო წვეტამდე – spina iliaca anterior superior, შემდეგ წვება თეძოს ქედის – crista iliaca გასწვრივ, აძლევს ტოტებს მუცლის წინა გვერდითი კედლის კუნთებს. თავის გზაზე თეძოს ღრმა შემომხვევი არტერია ექცევა თეძოს ფასციასა – fascia iliaca და განივ ფასციას – fascia transversalis შორის; მისი საბოლოო ტოტები ქმნიან ანასტომოზურ კავშირს თეძოს-წელის არტერიის – a. iliolumbalis თეძოს ტოტთან – ã. iliacus.
3. ბარძაყის არტერია – a. femoralis, წარმოადგენს თეძოს გარეთა არტერიის პირდაპირ გაგრძელებას; იწყება საზარდულის იოგის დონეზე, სისხლძარღვოვან შუალედში – lacuna vasorum. ბარძაყის არტერია გამოდის ბარძაყის წინა ზედაპირზე, მიემართება ქვემოთ, ბარძაყის მედიალურ მხარეზე, განმზიდველ და მომზიდველ კუნთებს შორის ღარში. ზემო მესამედში არტერია მოთავებულია ბარძაყის სამკუთხედის ფარგლებში განიერი ფასციის – Fascia lata ზედაპირულ და ღრმა ფურცლებს შორის, ბარძაყის ვენის ლატერალურად. ბარძაყის არტერია ბარძაყის ვენასთან ერთად გაივლის ბარძაყის სამკუთხედს, შემდეგ მას ფარავს თერძის კუნთი – m. sartorius და ბარძაყის შუა და ქვემო მესამედის საზღვარზე შედის მომზიდველი არხის – canalis adductorius ზემო ხვრელში. აღნიშნულ არხში ბარძაყის არტერიასთან ერთად მოთავსებულია საჩინო ნერვი – n. saphenus, და ბარძაყის ვენა – v. femoralis. ამ უკანასკნელთან ერთად იგი იხრება უკან და არხის ქვემო ხვრელით გამოდის ქვემო კიდურის უკანა ზედაპირზე მუხლქვეშა ფოსოში – Fossa poplitea, სადაც მას უკვე მუხლქვეშა არტერია – a. poplitea ეწოდება.
თავის გზაზე ბარძაყის არტერია იძლევა ტოტებს, რომლებიც კვებავენ ბარძაყის მიდამოს ორგანოებს, ასევე საზარდულის მიდამოსა და მუცლის წინა კედლს. ესენია:
ა) ზედაპირული ეპიგასტრული არტერია – a. epigastrica superficialis, იწყება ბარძაყის არტერიის წინა კედლიდან, საზარდული იოგის ქვემოთ, საჩინო ვენის შესავალს – hiatus saphenus მიდამოში გაივლის განიერი ფასციის – fascia lata ზედაპირულ ფურცელს, ადის ზემოთ მედიალურად, გადადის მუცლის წინა კედელზე, წვება კანქვეშ და აღწევს ჭიპის მიდამოს. აქ მისი ტოტები ქმნიან ანასოტმოზურ კავშირს ზემო ეპიგასტრული არტერიის – a. epigastrica superior კანქვეშა ტოტებთან. ზედაპირული ეპიგასტრული არტერიის ტოტები კვებავენ მუცლის წინა კედლის კანსა და მუცლის გარეთა ირიბ კუნთს – m. obliquus externus abdominis.
ბ) თეძოს ზედაპირული შემომხვევი არტერია – a. circumlexa ilium superficialis გამოდის ბარძაყის არტერიის გარეთა კედლიდან ან ზედაპირული ეპიგასტრული არტერიიდან და მიემართება საზარდულის იოგის გასწვრივ, თეძოს წინა ზემო წვეტისაკენ – spina iliaca anterior superior; კვებავს ლიმფურ კვანძებს, კანსა და კუნთებს.
გ) გარეთა სასირცხო არტერიები – aa.. pudendae externae, მიემართებიან მედიალურად. ერთ – ერთი არტერია მიდის ზემოთ, აღწევს ბოქვენის ზემო მიდამოს, იტოტება კანში, სხვები გაივლიან ქედის კუნთს – m. pectineus, გადიან ბარძაყის ფასციაში და უახლოვდებიან სათესლე პარკს (სასქესო ბაგეებს), მათ ეწოდებათ სათესლე პარკის წინა ტოტები – rr. scrotales anteriores (ქალებში – სასირცხო ბაგეების წინა ტოტები – rr. labiales anteriores).
დ) საზარდულის ტოტები – rr. inguinales, გამოდიან ბარძაყის არტერიის დასაწყისი ნაწილიდან 3-4 პატარა ტოტის სახით, გაივლიან ბარძაყის განიერი ფასციას დაცხრილული ფასციის – Fascia cribrosa მიდამოში; კვებავენ კანს, ასევე საზარდულის ზედაპირულ და ღრმა ლიმფურ კვანძებს.
ე) ბარძაყის ღრმა არტერია – a. profunda femoris, – ბარძაყის არტერიის ყველაზე მსხვილი ტოტია. გამოდის მისი უკანა კედლიდან, 3-4 სმ-ით ქვემოთ საზარდულის იოგიდან, წვება თეძო – სუკის კუნთსა – m. iliopsoas და ქედის კუნთზე – m.. pectineus. არტერია იხრება უკან და შედის ბარძაყის მედიალურ განიერ კუნთსა – m. vastus medialis და მომზიდველ კუნთებს შორის; მთავრდება ბარძაყის ქვემო მესამედში დიდ მომზიდელ კუნთსა – m. adductor magnus და გრძელ მომზიდველ კუნთს – m. adductor longus შორის მესამე გამგმირავი არტერიის – a. perforans tertia სახით.
ბარძაყის ღრმა არტერიიდან გამოდიან შემდეგი ტოტები:
1. ბარძაყის მედიალური შემომხვევი არტერია – a. circumflexa femoris medialis გამოდის ბარძაყის ღრმა არტერიიდან, მიემართება განივად შიგნით გაივლის თეძო – სუკის კუნთსა – m. iliopsoas და ქედის კუნთს – m. pectineus შორის და შედის ბარძაყის მომზიდველ კუნთებში, შემოუვლის ბარძაყის ძვლის ყელს მედიალური მხრიდან. ბარძაყის მედიალური შემომხვევი არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) განივი ტოტი – ã. transversus, მიემართება ქვემოთ და მედიალურად, გაივლის ქედის კუნთსა – m. pectineus და გრძელ მომზიდველ კუნთს – m. adductor longus შორის, წვება მოკლე და გრძელ მომზიდველ კუნთებს შორის და კვებავს ამ კუნთებს, ასევე ნაზ კუნთსა – m . gracilis და გარეთა დამხურავ კუნთს – m. obturatorius externus; ბ) ღრმა ტოტი – ã. profundus, – შედარებით მსხვილი ღეროა; წარმოადგენს ბარძაყის მედიალური შემომხვევი არტერიის – a. circumflexa femoris medialis გაგრძელებას; მიემართება უკან, წვება გარეთა დამხურავ კუნთსა – m. obturatorius externus და ბარძაყის კვადრატულ კუნთს – m. quadratus femoris, შორის და აქ თავის მხრივ იყოფა ასწვრივ და დასწვრივ ტოტებად; გ) ტაბუხის ბუდის ტოტი – ã. acetabularis; დ) ასწვრივი ტოტი – ã. ascendens.
2. ბარძაყის ლატერალური შემომხვევი არტერია – a. circumflexa femoris lateralis,– მსხვილი ღეროა; გამოდის ბაძაყის ღრმა არტერიის დასაწყისში, მისი ლატერალური კედლიდან. იგი გაივლის თერძის, ბარძაყის სწორსა და თეძო – სუკის კუნთებს შორის და იყოფა შემდეგ ტოტებად: ა) ასწვრივი ტოტი – ã. ascendens, მიემართება ზემოთ და ლატერალურად, წვება შუა დუნდულა – m. gluteus medius და განიერი ფასციის გამჭიმავ – m. tensor fasciae latae კუნთების ქვეშ; ბ) დასწვრივი ტოტი – ã. descendens, გამოდის ძირითადი ღეროს ლატერალური ზედაპირიდან, მიემართება ბარძაყის სწორი კუნთის – m. rectus femoris ქვეშ და ეშვება ბარძაყის შუამდებარე განიერი კუნთსა – m. vastus intermedius და ბარძაყის ლატერალური განიერი კუნთს – m. vastus lateralis შორის არსებული ღარით, აღწევს მუხლის მიდამოს ლატერალური კუნთ-სახსრის ტოტის სახით. თავის გზაზე დასწვრივი ტოტი კვებავს ბარძაყის ოთხთავა კუნთის – m. quadriceps femoris თავებსა და გზავნის ტოტებს ბარძაყის კანისაკენ; გ) განივი ტოტი – ã. transversus.
3. გამგმირავი არტერიები – aa.. perforantes, სამია; გამოდიან ბარძაყის ღრმა არტერიიდან სხვადასხვა დონეზე და მიჰყვებიან ბაეძაყის უკანა ზედაპირს, ბარძაყის ძვალზე მომზიდველი კუნთების მიმაგრების ხაზთან. პირველი გამგმირავი არტერია იწყება ქედის კუნთის – m. pectineus ქვემო კიდის დონეზე; მეორე გამოდის მოკლე მომზიდველი კუნთის – m. adductor brevis ქვემო კიდესთან და მესამე – გრძელი მომზიდველი კუნთის – m. adductor longus ქვემოთ. სამივე ტოტი შედის მომზიდველ კუნთებში მათი ბარძაყის ძვალთან მიმაგრების ადგილზე, გამოდიან უკანა ზედაპირზე და კვებავენ: მომზიდველ კუნთებს – mm. adductores, თითისტარა კუნთს – m. semimembranosus, ნახევრად მყესოვან კუნთს – m. semitendinosus, ბარძაყის ორთავა კუნთს – m. biceps femoris და ამ მიდამოს კანს. მეორე და მესამე არტერიები იძლევიან პატარა ტოტებს, რომლებიც კვებავენ ბარძაყის ძვალს.
ვ) კუნთოვანი ტოტები გამოდიან ბარძაყის არტერიის მთელს გაყოლებაზე, მათი რაოდენობა 7-8 და მიემართებიან ბარძაყის წინა ჯგუფის კუნთებისაკენ – გამშლელი, მომზიდველი და თერძის კუნთისაკენ.
ზ) მუხლის დასწვრივი არტერია – a. genus descendens, საკმაოდ გრძელი სისხლძარღვია; იწყება ბარძაყის არტერიიდან მომზიდველ არხში – canalis adductorius, მიემართება ქვემოთ, საჩინო ნერვთან – n. saphenus ერთად ხვრეტს მყესოვან ფირფიტას, გაივლის თერძის კუნთის – m. sartorius უკან, შემოუვლის ბარძაყის მედიალურ როკს – Condylus medialis და მთავრდება ამ მიდამოს კუნთებში და მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთაში – Capsula articularis. აღნიშნული არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: 1. კუნთოვან ტოტებს – ირგვლივ მდებარე კუნთებისაკენ 2. საჩინო ტოტს – ã. saphenus, ბარძაყის მედიალური განიერი კუნთის სისქეში; 3. სასახსრე ტოტებს – rr. arliculares, რომლებიც მონაწილეობენ მუხლის სახსრის ბადისა – rete articulare genus და კვირისტავის ბადის – rete patellae წარმოქმნაში.
თ) მუხლქვეშა არტერია – a. poplilea, წარმოადგენს ბარძაყის არტერიის უშუალო გაგრძელებას. მოთავსებულია ღრმად მუხლქვეშა ფოსოში – Fossa poplitea. იწყება მომხიდველი არხის – canalis adductorius ქვემო ხვრელის დონეზე; მუხლქვეშა არტერია თავდაპირველად მიემართება ქვემოთ და ლატერალურად, შემდეგ მუხლქვეშა ფოსოს შუა ნაწილიდან გაივლის კანჭის ტყუპი კუნთის – m. gastrocnemius თავებს შორის ნაპრალში, ხოლო მუხლქვეშა კუნთის – m. popliteus ქვემო კიდის დონეზე იგი მიემართება მასა და კანჭის ტყუპი კუნთის თავებს შორის; ქუსლის კუნთის – m. soleus კიდის ქვეშ იგი იყოფა: დიდი წვივის წინა არტერიად – a. tibialis anterior, და დიდი წვივის უკანა არტერიად – a. tibialis posterior. მუხლქვეშა არტერიას მთელს გაყოლებაზე ახლავს თანამოსახელე ვენა და დიდი წვივის ნერვი – n. tibialis.
მუხლექვეშა არტერია იძლევა მრავალ ტოტს, რომლებიც კვებავენ მუხლის სახსარსა და კუნთებს. ეს ტოტები ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ერთმანეთთან, წარმოქმნიან მუხლის სახსრის ბადეს – rete articulare genus.
მუხლქვეშა არტერიის ტოტებია: 1. ზემო კუნთოვანი ტოტები, მათი რაოდენობა 35; კვებავენ ბარძაყის ორთავა კუნთის – m. biceps femoris, თითისტარა კუნთის – m. semimembranosus, ნახევრად მყესოვანი კუნთის – m. semitcodinosus დისტალურ ნაწილებს; 2. მუხლის ზემო ლატერალური არტერია – a. genus superior laleralis – გამოდის მუხლქვეშა არტერიიდან, მიემართება ლატერალურად, წვება ბარძაყის ორთავა კუნთის – m. biceps femoris ქვეშ და მიდის ლატერალური როკის ზემოთ; იყოფა წვრილ ტოტებად, რომლებიც მონაწილეობენ მუხლის სახსრის ბადის – rete articulare genus წარმოქმნაში; 3. მუხლის ზემო მედიალური არტერია – a. genus superior medialis, მიემართება თითისტარა კუნთისა და დიდი მომზიდველი კუნთის მყესებს ქვეშ, მედიალური როკის ზემოთ, შემოუვლის ბარძაყის ძვალს შიგნითა მხრიდან; მონაწილეობს მუხლის სახსრის ბადის – rete articulare genus წარმოქმნაში; 4. მუხლის შუა არტერია – a. genus media, მიემართება მუხლქვეშა არტერიიდან წინ, გაივლის მუხლქვეშა ირიბი იოგის – lig. popliteum obliquum ზემოთ მუხლის სასახსრე ჩანთას და გზავნის ტოტებს სახსრის სინოვიური გარსისაკენ და ჯვარედინა ოგებისაკენ – Ligg. cruciata genus; 5. მუხლის ქვემო ლატერალური არტერია – a. genus inferior laleralis, იწყება მუხლქვეშა არტერიის დისტალური ნაწილიდან, გაივლის ბარძაყის ორთავა კუნთისა – m. biceps femoris, და კანჭის ტყუპი კუნთის – m. gastrocnemius ლატერალურ თავის ქვეშ, შემოუვლის მუხლის სახსარს მცირე წვივის თავის ზემოთ, გამოდის მუხლის წინა ზედაპირზე და მონაწილეობს მუხლის სახსრის ბადის – rete articulare genus წარმოქმნაში. 6. მუხლის ქვემო მედიალური არეტერია – a. genus inferior medialis, წვება კანჭის ტყუპი კუნთის – m. gastrocnemius მედიალური თავის ქვეშ და შემოუვლის მუხლის სახსრის მედიალურ პერიფერიას; ძევს დიდი წვივის გვერდითი იოგის – lig. collaterale tibiale ქვეშ. არტერიის ტოტები შედიან მუხლის სახსრის ბადის შემადგენლობაში. 7. კანჭის არტერიები – Aa. surales, მათი რაოდენობა 7-ია, გამოდიან მუხლქვეშა არტერიის უკანა ზედაპირიდან და იყოფიან წვრილ ტოტებად, რომლებიც კვებავენ წვივის სამთავა კუნთებს (კანჭისა და ტერფძირის) და წვივის კანს.