ანტიდეპრესანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები 1950-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. 1957 წელს უკვე აღმოჩენილ იქნა იპრონიაზიდი, რომელიც გახდა ანტიდეპრესანტთა ჯგუფის – მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების ჯგუფის ფუძემდებელი, და იმიპრამინი, რომლის საფუძველზე მიღებული იქნა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. თანამედროვე წარმოდგენებით დეპრესიული მდგომარეობების დროს შეიმჩნევა სეროტონინერგიული და ნორადრენერგიული სინაფსური გადაცემების დაქვეითება. ამიტომ ანტიდეპრესანტების მოქმედების მექანიზმის მნიშვნელოვან რგოლად ითვლება მათ მიერ ტვინში სეროტონინისა და ნორადრენალინის დაგროვების გამოწვევა. მაო-ს ინჰიბიტორები ახდენენ მონოამინოქსიდაზას ბლოკირებას. მაო ფერმენტია, რომელიც იწვევს მონოამინების ჟანგვით დეზამინირებას და ინაქტივაციას. ამჟამად ცნობილია მონოამინოქსიდაზას ორი ფორმა – ა -ტიპი და ბ-ტიპი. ა-ტიპის მაო განაპირობებს ძირითადად ნორადრენალინის, ადრენალინის, დოფამინის, სეროტონინის, თირამინის დეზამინირებას, ხოლო ბ-ტიპის მაო – ფენილეთილამინის და ზოგიერთი სხვა ამინის დეზამინირებას. არჩევენ კონკურენტულ და არაკონკურენტულ, შექცევად და შეუქცევად ინჰიბირებას. შეიძლება აღინიშნებოდეს სუბსტრატული სპეციფიკურობა: უპირატესი გავლენა სხვადასხვა ამინების დეზამინირებაზე. ყველაფერი ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მონოამინოქსიდაზას სხვადასხვა ინჰიბიტორების ფარმაკოლოგიურ და თერაპიულ თვისებებზე. მაგალითად, იპრონიაზიდი, ნიალამიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი შეუქცევადად აბლოკირებენ ა-ტიპის მაო-ს, ხოლო პირლინდოლი, ტეტრინდოლი, მეტრალინდოლი, ეპრობემიდი, მოკლობემიდი და სხვა (ანტიდეპრესანტების ახალი თაობა) – ახდენენ მასზე შერჩევით და შექცევად გავლენას. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა თავისი სახელი მიიღეს დამახასიათებელი სამციკლიანი სტრუქტურის გამო. მათი მოქმედების მექანიზმი აიხსნება პრესინაფსური ნერვული დაბოლოებებიდან გამოთვისუფლებული ნეირომედიატორული მონოამინების უკუმიტაცების დათრგუნვით, რის შედეგადაც ხდება სინაფსურ ნაპრალში მედიატორების დაგროვება და სინაფსური გადაცემის აქტივაცია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორც წესი, ამასთან ერთად ამცირებენ სხვადასხვა ნეირომედიატორული ამინების (ნორადრენალინის, სეროტონინის, დოფამინის) უკუმიტაცებას. ბოლო დროს შექმნილია ანტიდეპრესანტები, რომლებიც უპირატესად (შერჩევითად) ახდენენ სეროტონინის უკუმიტაცებას (ფლუოქსეტინი, სერტრალინი, ფლუვოქსამინი და სხვა).

არსებობს, ასევე, ე.წ. “ატიპიური” ანტიდეპრესანტები, რომლებიც განსხვავდებიან “ტიპიურებისაგან” როგორც სტრუქტურით, ასევე მოქმედების მექანიზმით. შეიქმნა ორ- და ოთხციკლიანი სტრუქტურის მქონე პრეპარატებიც, რომელთაც არ აღმოაჩნდათ გამოხატული გავლენა ნეირომედიატორების უკუმიტაცებასა და მონოამინოქსიდაზას აქტივობაზე (მიანსერინი და სხვა).

ანტიდეპრესანტების გამოყენებისას ერთ-ერთ სერიოზულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს თირამინული სინდრომი. იგი გამოიხატება ჰიპერტენზული კრიზების განვითარებითა და სხვა გართულებებით. თირამინულ სინდრომი გამოვლინდება იპრაზიდთან და თირამინის ან მის წანამორბედის თიროზინს (ყველი, შაშხი და სხვ.) შემცველი კვების პროდიუქტების, ასევე თირამინის მსგავსი სტრუქტურის მქონე წამლების ერთდროულად მიღებით. ამ გართულებების ძირითად მიზეზს წარმოადგენს თირამინის ფერმენტული დაშლის ინჰიბირება, რომელსაც პრესორული აქტივობა გააჩნია. ასეთი გართულებებისა და მაღალი ტოქსიურობის გამო (მავნე ზეგავლენა ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე), პირველი თაობის თითქმის ყველა მაო-ს ინჰიბიტორი ამოღებულია სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან. შეზღუდვით გამოიყენება მხოლოდ ნიალამიდი.
სადღეისოდ მიღებულია ანტიდეპრესანტთა შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მაო-ს ინჰიბიტორები; ა) შეუქცევადი მოქმედების; ბ) შექცევადი მოქმედების. 2. ნეირონული უკუმიტაცების ინჰიბიტორები: ა) ნეირონული უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორები; ბ) ნეირონული უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები. 3. სხვადასხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტები.

მაო-ს ინჰიბიტორები
მაო -ს შეუქცევადი ინჰიბიტორები

ნიალამიდი (Nialamidum)
1 – [2 – (ბენზილკარბამოილი) – ეთილ] – 2 – იზონიკოტინოილგიდრაზიდი. სინონიმები: ნიამიდი, ოვაზიდი,ნურედალი, Espril, Niamid, Niaquitil, Nuredal, Nyazin, Psicodisten და სხვ. ნიალამიდი წარმოადგენს პირველი თაობის მაო-ს ინჰიბიტორ ანტიდეპრესანტს. ნიალამიდი მაო-ს არასელექციური და შეუქცევადი ინჰიბიტორია. მიუხედავად მისი გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებისა, მან, როგორც სამკურნალო საშუალებამ, დღემდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. არსებული მონაცემებით მაო-ს ინჰიბიტორები ხშირად უფრო ეფექტურნი არიან დეპრესიების მკურნალობისას, ვიდრე სხვა ანტიდეპრესანტები (სამციკლიანი). ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ნიალამიდი გამოიყენება სხვადასხვა ნოზოლოგიური ფორმების დეპრესიული მდგომარეობებისას, რომელთაც თან ახლავს მოდუნება, შებოჭილობა, უინიციატივობა, ასევე ეფექტურია ინვოლუციური, ნევროზული და ციკლოტომური დეპრესიებისას. ინიშნება შიგნით მისაღებად (ჭამის შემდეგ) აბების სახით, თავდაპირველად 0,05 – 0,075გ (50 – 75მგ) დღე-ღამეში, უძილობის თავიდან ასაცილებლად უკეთესია 2 მიღებაზე (დილით და შუადღისას); საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან 25 – 50მგ-ით 200 – 350 მგ-მდე დღე-ღამეში. ალკოჰოლიზმისას პრეპარტის მიღება (50-დან 200 მგ-მდე დღე-ღამეში) აუმჯობესებს საერთო მდგომარეობასა და შემეცნებით (კოგნიტიურ) ფუნქციას. ნიალამიდი შედარებით კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები, სისტოლური წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, უძილობა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ყაბზობა და სხვ. გვერდითი მოვლენები. პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე ავადმყოფებში, გულის მოქმედების დეკომპესანციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ორთოსტატიური ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო) დროს. ნიალამიდის დანიშვნა არ შეიძლება აჟიტირებული მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებისათვის. ნიალამიდის დანიშვნისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარება, რაც დაკავშირებულია მაო-ს ინჰიბირებასთან. ნიალამიდის გამოყენების შემდეგ (ან მასთან ერთდროულად) არ ინიშნება იმიპრამინი და სხვა სამციკლიანი სტრუქტურის ანტიდეპრესანტები, ასევე მაო-ს სხვა ინჰიბიტორები; მათ დანიშვნამდე აუცილებელია 2-3 კვირიანი შესვენება. თირამინის სინდრომის თავიდან ასაცილებლად ნიალამიდით მკურნალობისას აუცილებელია რაციონიდან გამოირიცხოს კვების პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ თირამინს და სხვა სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მონოამინებს (ფენილეთილამინი და სხვ.), მათ შორისაა ყველი, ნაღები, ყავა, ლუდი, ღვინო, შაშხი. ნიალამიდი არ შეიძლება დაინიშნოს რეზერპინთან ერთად, რადგან შესაძლოა მკვეთრი აგზნებადობა. ღამის ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული არ არის ნიალამიდის მიღება საღამოს საათებში. გასათვალისწინებელია, რომ მაო-ს სხვა ინჰიბიტორთა მსგავსად, ნიალამიდი პოტენცირებას უკეთებს ბარბიტურატების, ანალგეტიკების, ადგილობრივი საანესთზიო საშუალებების, ჰიპოტენზიურ და სხვა პრეპარატთა მოქმედებას. ამიტომ მათი კომბინირებულად გამოყენება უნდა ტარდებოდეს, (აუცილებლობის შემთხვევაში), გარკვეული სიფრთხილით. გამოშვების ფორმებია: აბები (დრაჟეები) 0,025გ (25მგ). შენახვა: მშრალი, გრილი და ბნელი ადგილი.

მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორები

მოკლობემიდი (Moclobemide). 4 – ქლორ – N – (2 – მორფოლინოეთილი) – ბენზამიდი
სინონიმი: Aurorix.
მოკლობემიდი წარმოადგენს მაო-ს შექცევად ინჰიბიტორს და გავლენას ახდენს უპირატესად ა ტიპის მაო-ზე. გამოიყენება სხვადასხვა ეთიოლოგიის დეპრესიების სამკურნალოდ. სამკურნალო დოზა შეადგენს 250 – 400მგ დღეში. შესაძლო გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები იგივეა, რაც ბეფოლის გამოყენებისას.

ბეფოლი (Befolum). 4 – ქლორ – N – (3 – მორფოლინოპროპილი) – ბენზამიდის ჰიდროქლორიდი. ბეფოლი წარმოადგენს ა ტიპის მაო-ს შექცევად ინჰიბიტორს. მოქმედების ამ ტიპის სხვა ანტიდეპრესანტთა მსგავსად, იგი ზრდის ცნს-ში ნეირომედიატორული მონოამინების რაოდენობას, ახდენს ანტირეზერპინულ მოქმედებას, პოტენცირებას უკეთებს ფენამინის ეფექტს. ინიშნება მოზრდილებში სხვადასხვა ეთიოლოგიის დეპრესიების დროს (ენდოგენური დეპრესიები მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზები და შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმები; სენილური და ინვოლუციური დეპრესიები; რეაქტიული და ნევროზული დეპრესიები; ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულთა დეპრესიები). ბეფოლი გამოიყენება ნევროზისმაგვარი და არამკვეთრად გამოხატული იპოქონდრული სიმპტომატიკით მიმდინარე არაღრმა დეპრესიებისას. ინიშნება შიგნით მისაღებად (ჭამის შემდეგ), ვენაში (წვეთობრივად ან ნაკადით) ან კუნთებში. პერორალურად ინიშნება 30 – 50მგ (100 – 150მგ-მდე) დღეში 2-ჯერ. სადღეღამისო დოზაა 400მგ-მდე. ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მეორეჯერადი მიღება უნდა ხდებოდეს არაუგვიანეს 18 საათისა. გახანგძლივებული და რეზისტენტული დეპრესიების დროს მკურნალობას იწყებენ პრეპარატის ვენაში შეყვანით წვეთობრივად (40–60 წვეთი წუთში) ან ჭავლურად (1-2 წუთის განმავლობაში). წვეთობრივად შეყვანისას ბეფოლის სადღეღამისო დოზას ხსნიან 250-500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. მკურნალობას იწყებენ 50მგ-დან, შემდგომში დოზას ზრდიან 200-250მგ-მდე. კუნთებში შეყვანისას ბეფოლის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-25მგ, სადღეღამისო – 20-50მგ-ს. ბეფოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავის არეში სიმძიმის შეგრძნება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება. შესაძლებელია აგრეთვე აფორიაქებისა და გაღიზიანებადობის მომატება. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად საჭიროა ბეფოლის მიღება ნეიროლეპტიკებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად. ბეფოლი უკუნაჩვენებია თირკმელებისა და ღვიძლის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, ნარკოტიკული, საძილე და ანალგეზიური საშუალებებით მოწამვლისას, ასევე მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციისას. გამოშვების ფორმებია: თეთრი ფერის აბები 10მგ (0,01გ) და 25მგ (0,025გ) შეკვრაში 50 ცალი; 0,25%-იანი ხსნარი ამპულებში 2მლ.
შენახვა: ბ სია. ქიმიური აგებულებითა და მოქმედებით ბეფოლი ახლოსაა მოკლობემიდთან.

ინკაზანი (Incazanum). 3 – მეთილ – 8 – მეთოქსი – 3H – 1, 2, 5, 6 ტეტრაჰიდროპირაზინო – [1, 2, 3 – a,b]b – კარბოლინის ჰიდროქლორიდი. სინონიმები: მეტრალინდონი, Metralindolum, Metralindon. ქიმიური სტრუქტურითა და ფარმაკოლოგიური მოქმედებით ახლოსაა პირაზიდოლთან. მსგავსად პირაზიდოლისა, წარმოადგენს ა ტიპის მაო-ს შექცევად ინჰიბიტორს, ააქტიურებს ცნს-ში ნორადრენერგულ და სეროტონინერგულ პროცესებს. ნაწილობრივ ახდენს ბ ტიპის მაო-ს ინჰიბირებასაც. ავლენს რეზერპინის მოქმედების ანტაგონიზმს, აძლიერებს ფენამინის, L – დოფა, 5 – ოქსიტრიფტოფანის ეფექტს. პირაზიდოლისაგან განსხვავებით აძლიერებს ფენილეთილამინის ცენტრალურ ეფექტებს, აინჰიბირებს მონოამინების შექცევად ნეირონულ უკუმიტაცებას. პრეპარატს ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება არ ახასიათებს. ინკაზანის ფსიქოტროპულ აქტივობაში შედის თიმოანალეფსიური მოქმედება, რაც შერწყმულია მასტიმულირებელ კომპონენტთან. ინკაზანს იყენებენ სხვადასხვა გენეზის დეპრესიებისას (შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ციკლოტომია, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები და სხვ.). განსაკუთრებით ნაჩვენებია დუნედ მიმდინარე, ადინამიური დეპრესიებისას, ასევე ნევროზისმაგვარი და ნაკლებგამოხატული იპოქონდრული სიმპტომატიკის არაღრმა დეპრესიებისას. ალკოჰოლიზმით დაავადებულ ავადმყოფებში პრაპარატს ნიშნავენ ასთენიური და ადინამიური სუბდეპრესიული მდგომარეობებისას რემისიის პერიოდში (მწვავე აბსტინენციური სინდრომის გარეშე პერიოდი). ინკაზანს ღებულობენ პერორალურად და პარენტერულად – ვენაში (წვეთობრივად ან ჭავლურად) ან კუნთებში. პერორალურად ღებულობენ აბების სახით, დაწყებული 25-50მგ-დან 2-ჯერ დღეში (დილით და შუადღეს) და თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში, დოზის მომატებით 250-300 მგ-მდე დღე-ღამეში. უძილობის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის ბოლო მიღება არ უნდა ხდებოდეს 17 საათზე გვიან. გახანგრძლივებული და რეზისტენტული დეპრესიების დროს, ასევე აბების გაძნელებული ყლაპვისას, ან შიგნით მისაღების უკუჩვენებისას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები), ინკაზანი შეიძლება შევიყვანოთ წვეთობრივად ვენაში (40–60 წვეთი წუთში), ან ჭავლით 1,25%-იანი ინკაზანის საინექციო ხსნარის სახით. წვეთობრივად შეყვანისას ინკაზანის დღე-ღამურ დოზას ხსნიან 250–500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. მკურნალობას იწყებენ 50მგ-ით, შემდეგში დოზას თანდათანობით ზრდიან 200–250მგ-მდე; ავადმყოფის მდგომარეობის, პრაპარატის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით, ინკაზანის ინტრავენურ შეყვანას აგრძელებენ 5–15 დღის განმავლობაში. ჭავლით ვენში შეყვანისას ინკაზანის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50–150მგ-ს (შეყვანა ხდება ნელა, 1–2 წუთის განმავლობაში). მკურნალობის კურსი გრძელდება 5–15 დღე. კუნთებში ინკაზანი შეჰყავთ 1–2-ჯერ დღეში (დღის პირველ ნახევარში) 25მგ-დან 150 – 200მგ-მდე 1–3 კვირის განმავლობაში, შემდგომში აგრძელებენ პერორალურად. მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია, ერთდროულად კუნთებში შეყვანა და პერორალური მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში ინკაზანი ინიშნება ტრანკვილიზატორებთან და ნეიროლეპტიკებთან ერთად (შიზოფრენიისას), ან სხვა ანტიდეპრესანტებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად (ღრმა, გახანგრძლივებული რეზისტენტული ენდოგენური დეპრესიებისას, ასევე ინვოლუციური მელანქოლიისას). ინკაზანი კარგად გადაიტანება. ქოლინომაბლოკირებელი მოქმედების არ არსებობა საშუალებას იძლევა პრაპარატი დაინიშნოს იმ ავადმყოფებში, (გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია), რომელთათვისაც უკუნაჩვენებია ქოლინომაბლოკირებელი აქტივობის მქონე ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი და სხვ.). ცალკეულ შემთხვევებში, ინკაზანის მიღების პირველ დღეებში, შესაძლებელია აღინიშნებოდეს პირის სიმშრალე, გულისრევა, არტერიული წნევის მერყეობა, ბრადიკარდია. ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირებისას. მასტიმულირებელი მოქმედების გამო, ინკაზანი უკუნაჩვენებია აჟიტირებული დეპრესიებისა და აგზნებით მიმდინარე მდგომარეობებისას. პრეპარატი არ ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დაავადებების დროს, ალკოჰოლური აბსტინენციის დროს. რეკომენდირებული არ არის ინკაზანის დანიშვნა სხვა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან პირველი 14 დღის განმავლობაში. გამოშვების ფორმებია: აბები 0,025გ (25მგ), შეკვრაში 150 – 250 ცალი; 1,25%-იანი ხსნარი 2მლ(25მგ) და 1,25%-იანი ხსნარი ამპულებში 10მლ (125მგ) შეკვრაში 10 ამპულა. შენახვა: ბ სია. ბნელ ადგილზე.

ტეტრინდოლი (Tetrindolum). 2, 3, 3a, 4, 5, 6 – ჰექსაჰიდრო – 8 – ციკლოჰექსილ – 1H – პირაზინო (3, 2, 1 – j,k) კარბაზოლის ჰიდროქლორიდი. ფარმაკოლოგიური თვისებებით ტეტრინდოლი ახლოსაა პირაზიდოლთან. ისიც ასევე წარმოადგენს ხანმოკლე მოქმედების შექცევად, სელექციურ ა ტიპის მაო-ს ინჰიბიტორს. პრაპარატი აქტიურად ახდენს ნორადრენალინისა და სეროტონინის დეზამინირების ინჰიბირებას და ნაკლები ხარისხით – თირამინისა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს თირამინული სინდრომის განვითარებას. ტეტრინდოლი, პირაზიდოლის მსგავსად, არ ახდენს ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. ასუსტებს რეზერპინის ეფექტს, ახდენს ფენამინის, L – დოფა, 5 – ოქსოტრიპტოფანის ეფექტების პოტენცირებას. შიგნით მიღებისას პრეპარატი ადვილად შეიწოვება, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში, შედარებით მაღალი კონცეტრაციებით აღინიშნებს ტვინის ქსოვილებში. ტეტრინდოლის სამკურნალო მოქმედების მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მისი სწრაფი ეფექტი, განსხავავებით სხვა ანტიდეპრესანტებისაგან, რომელთა მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან მე-7–10 დღეს, და უფრო გვიან. ტეტრინდოლის მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2–3 დღეში. ტეტრინდოლის მოქმედების სპექტრში შერწყმულია მასტიმულირებელი (ფსიქომაენერგეზირებელი) და საკუთრივ ანტიდეპრესიული (თიმოლეფსიური ) მოქმედება. პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა გენეზის დეპრესიების დროს: ენდოგენური და ფსიქოგენური (რეაქტიული, ნევროზული), თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული დეპრესიები, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ ავადმყოფებში განვითარებული დეპრესიები. ტეტრინდოლის გამოყენება მიზანშეწონილია ციკლოტომური დონის დეპრესიული მდგომარეობებისას (მარტივი მელანქოლიური სინდრომი, ასთენიური და ადინამიური დარღვევები, დეპრესიები იდეატორული და მოძრაობითი შებოჭილობით, უპირატესად იპოქონდრული სიმპტომატიკის დეპრესიული დარღვევები). ალკოჰოლიზმის კლინიკაში ტეტრინდოლი გამოიყენება მწვავე აბსტინენციის გარეშე პერიოდში ასთენოდეპრესიული მდგომარეობების, ადინამიური სუბდეპრესიების დროს, რომელიც მიმდინარეობს გუნება-განწყობის დაქვეითებით, დათრგუნვით, აპათიით, მომატებული დაღლილობით, როდესაც გამოხატული არაა მღელვარება, უძილობა, დისფორიული დარღვევები; ტეტრინდოლი ინიშნება პერორალურად აბების სახით, დაწყებული დოზებით 0,025–0,05გ (25–50მგ) 2 მიღებაზე დღე-ღამეში (დილით და შუადღეს), თანდათანობით დოზის ინდივიდუალურად მომატებით, ეფაქტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით 0,2–0,4გ-მდე (200–400მგ) დღე-ღამეში. ოპტიმალური დოზების შერჩევა, მკურნალობის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და მიმდინარეობაზე, პრეპარატის ეფექტურობასა და ამტანობაზე. ტეტრინდოლი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, მათ შორის ხანში შესულ და მოხუცებულ ავადმყოფებში. ქოლინომაბლოკირებელი თვისებების არარსებობა საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისა და სხვა დაავადებების დროს, როდესაც სამციკლიანი სტრუქტურის ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, იმიპრამინი) უკუნაჩვენებია , ვინაიდან ისინი ახდენენ ანტიქოლინერგულ მოქმედებას. ცალკეულ შემთხვევებში ტეტრინდოლით მკურნალობისას შესაძლებელია გაძლიერდეს შფოთვა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. საღამოს საათებში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს უძილობა. ტეტრინდოლი უკუნაჩვენებია თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას გამწვავების პერიოდში, ასევე, მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციის დროს. გამოშვების ფორმებია: აბები 0,025 და 0,05გ (25–50მგ), დაფარული ვარდისფერი გარსით, შუშის ქილებში 50 ცალი; შენახვის წესი: ბ სია. მშრალი, ბნელ ადგილზე.

პირაზიდოლი (Pyrazidolum).
2, 3, 3a, 4, 5, 6 – ჰექსა – ჰიდრო – 8 – მეთილ 1H – პირაზინო – [3, 2, 1 – j,k] – კორბაზოლის ჰიდროქლორიდი, ან 1, 10 – ტრიმეთილენ – 8 – მეთილ – 1, 2, 3, 4 – ტეტრაჰიდროპირაზინო [1, 2a] – ინდოლის ჰიდროქლორიდი. სინონიმები: პირლინდოლი, Pirlindolum, Pirlindone. პირაზიდოლი წარმოადგენს ორიგინალურ ანტიდეპრესულ პრაპარატს. სტრუქტურულად განსხვავდება სხვა ანტიდეპრესანტებისაგან იმით, რომ წარმოადგენს ოთხციკლიანი სტრუქტურის შენაერთს. ეს არის ინდოლის წარმოებული, რომელსაც აქვს სტრუქტურული მსგავსება სეროტონინთან, ასევე რეზერპინთან და სხვა კონდენსირებულ ინდოლურ წარმოებულებთან. პირაზიდოლს გააჩნია გამოხატული ანტიდეპრესული აქტივობა, ამასთან მისი მოქმედების თავისებურებას წარმოადგენს თიმოლეფსიური ეფექტისა და ცნს-ზე მარეგულირებელი გავლენის ერთმანეთთან შერწყმა, რაც გამოხატულია გამააქტივებელი მოქმედებით აპათიური, ანერგიული დეპრესიების მქონე ავადმყოფებში და სედატიური ეფექტით აჟიტირებული მდგომარეობების მქონე ავადმყოფებში. გარკვეულწილად პირაზიდოლს აქვს აგრეთვე ნოოტროპული აქტივობა და აუმჯობესებს შემეცნებით (კოგნიტიურ) ფუნქციას. პირაზიდოლის მოქმედების ნეიროქიმიურ მექანიზმში ძირითად როლს ასრულებს მისი გავლენა ცნს-ში ნეირომედიატორული მონოამინების შემცველობაზე და ცვლაზე. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ა ტიპის მაო-ს აქტიურობის ინჰიბირებით. პირაზიდოლის თავისებურებაა – ა ტიპია მაო-ს სელექციური ინჰიბირება, რასაც ხანმოკლე და შექცევადი ხასიათი აქვს. ამით იგი არსებითად განსხვავდება იპრონიაზიდის ჯგუფის არასელექციური –მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებისაგან. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, პირაზიდოლის მიერ სხვადასხვა მონოამინების დეზამინირების ინჰიბირების სხვადასხვა ხარისხი. იგი ახდენს სეროტონინისა და ნორადრენალინის დეზამინირების ძლიერ ბლოკირებას და შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს თირამინის დეზამინირებაზე. პირაზიდოლი ნაწილობრივ აინჰიბირებს აგრეთვე მონოამინების შექცევად უკუმიტაცებას, რაც გარკვეული ხარისხით, აახლოებს მას სამციკლიანი სტრუქტურის ანტიდეპრესანტებთან. საერთო ჯამში, პირაზიდოლის გამოყენება იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული აგზნებადობის სინაფსური გადაცემის მნიშვნელოვან აქტივაციას. ფარმაკოლოგიურად პირაზიდოლი ხასიათდება რეზერპინის დეპრესიული ეფექტების შესუსტებით, ფენამინის, L – დოფა, 5 – ოქსიტრიპტოფანის მოქმედებათა პოტენცირებით. განსხვავებით სამციკლიანი სტრუქტურის ანტიდეპრესანტებისაგან, პირაზიდოლი არ ავლენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას. პირაზიდოლს ნიშნავენ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზიან ავადმყოფებში, შიზოფრენიისა და ინვოლუციური ფსიქოზით მიმდინარე დეპრესიის დროს. პრეპარატი ნაჩვენებია ფსიქომოტორული შებოჭილობით მიმდინარე დეპრესიების, ასევე აფორიაქებების, ბოდვითი კომპონენტის არსებობისას, ასთენიური, იპოქონდრული და ნევროზისმაგვარი სიმპტომატიკით მიმდინარე დეპრესიების დროს. ალკოჰოლიკებში, განსაკუთრებით აბსტინენციის პერიოდში, პირაზიდოლს ნიშნავენ დეპრესიული და აფორიაქებით-დეპრესიული მდგომარეობების შესამცირებლად. კოგნიტიურ ფუნქციაზე დადებით ზეგავლენასთან დაკავშირებით, პირაზიდოლი შესაძლოა სასარგებლო იყოს მოხუცებულთა დემენციის (ალცჰაიმერის დაავადება და სხვ.) კომპლექსურ თერაპიაში. საჭოროების შემთხვევაში პირაზიდოლი შესაძლებელია დაინიშნოს ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან ერთად. პირაზიდოლი ინიშნება შიგნით მისღებად აბების სახით. მკურნალობას იწყებენ 50–75მგ-დან (0,05–0,075გ) დღეში 2 მიღებაზე, დოზის თანდათანობითი გაზრდით 25–50მგ-ით. ჩვეულებრივ, თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან მე-7–14 დღეს დღეში 150–300მგ დოზით მიღებისას. საჭიროებისა და კარგი ამტანობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 400მგ-მდე. თერაპიული ეფექტის დადგომის შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ ინდივიდუალურად შერჩეული დოზით კიდევ 2 – 4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც დოზას თანდათანობით ამცირებენ. ნევროზული და რეაქტიული დეპრესიების დროს პრეპარატი ინიშნება ნაკლები დოზით. პირაზიდოლი კარგად გადაიტანება. ქოლინომაბლოკირებელი მოქმედების არარსებობა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას იმ ავადმყოფებში (გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა და სხვ.), რომელთათვისაც უკუნაჩვენებია ქოლინომაბლოკირებელი აქტიურობის ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა ამიტრიპტილინი, იმიპრამინი და სხვ. იშვიათად, მომატებული მგრძნობელობისას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ხელების ტრემორი, ტაქიკარდია, გულისრევა, თავბრუსხვევა. ეს მოვლენები სწრაფად გაივლის დოზების შემცირებისას. კარგი ამტანობა საშუალებას იძლევა პირაზიდოლი გამოვიყენებული იქნას სომატური დაავადებების მქონე ავადმყოფებში. არსებობს პირაზიდოლის გამოყენების მონაცემები სტენოკარდიით დაავადებულებში. პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე და სისხლმბადი სისტემის დაავადებების დროს. პირაზიდოლი არ შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროულად. პირაზიდოლის დანიშვნა შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ. პრეპარატის ანტიმონოამინოოქსიდაზული აქტიურობის გამო, საჭიროა, გათვალისწინებული იქნას პირაზიდოლის მიღბის პერიოდში შესაძლო მომატებული რეაქციები ადრენალინსა და სხვა სიმპატომიმეტულ ამინებზე; გარდა მწვავე აუცილებლობისა, ამ პრეპარატების შეყვანა პირაზიდოლით მკურნალობისას რეკომენდირებული არ არის. გამოშვების ფორმები: აბები 0,025 და 0,05გ (25 და 50მგ) ღია ყვითელი ფერის, შეკვრაში 50, 100, 500, 1000 ცალი. შენახვის წესი: ბ სია. მშრალ ბნელ ადგილზე.

გაგრძელება იხ. >>