ანტიდეპრესანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტიდეპრესანტები (antidepressiva: ბარძ. anti – წინააღმდეგ + ლათ. depressus დათრგუნული) _ პრეპარატების ჯგუფი, რომელიც აუმჯობესებს ავადმყოფების მდგომარეობას დეპრესიით მიმდინარე სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების დროს.
ანტიდეპრესანტებს მიეკუთვნებიან ქიმიური აგებულებით და მოქმედების მექანიზმით განსხვავებული ნივთიერებები. მათ შორისაა ჰიდრაზინული წარმოებულები _ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: იპრაზიდი, ნიალამიდი, ფენელზინი (ნარდილი), იზოკარბოქსაზიდი (მარპლანი); არაჰიდრაზინული წარმოებულები _ მაო-ს ინჰიბიტორები: ინდოპანი; ტრიციკლური ნაერთები: იმიზინი, ამიტრიპტილინი, დესმეტილ-იმიპრამინი, პროტრიპტილინი, სურმონტილი (ტრიმიპრმინი), ფტორაციზინი, ოპიპრამოლი (ინსიდონი), აზაფენი; სხვადასხვა ანტიდეპრესანტები: ჰემოფირინი, პირაზიდოლი.
ქიმიური აგებულების მიუხედავად, ყველა ანტიდეპრესანტის ძირითადი თვისებაა ანტიდეპრესიული აქტივობა ანუ დეპრესიაში მყოფი ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესება.
სხვადასხვა ანტიდეპრესანტების მოქმედების ხასიათი განსხვავებულია: ჰიდრაზინული და არაჰიდრაზინული მაო-ს ინჰიბიტორები, ანტიდეპრესიულ მოქმედებასთან ერთად, ზრდიან მამოძრავებელ და ფსიქიკურ აქტივობას. ზოგიერთი ტრიციკლურ ანტიდეპრესანტს, აგრეთვე გააჩნია მასტიმულირებელი (იმიპრამინი) გავლენა ცნს-ზე ან სედაციური მოქმედება (ამიტრიპტილინი, აზაფენი და სხ.).
დეპრესიული მდგომარეობის ერთ-ერთი პათოგენეტიკური მექანიზმი არის ადრენერგული პროცესების შესუსტება ცნს-ში. ანტიდეპრესანტების გავლენით ხდება ნორადრენალინის კონცეტრაციის მატება თავის ტვინში, რაც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი რგოლი მათი ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმში. როგორც ჩანს, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინში სეროტონინის შემცველობის მომატებას.
სავარაუდოა რომ, დეპრესიის დროს, ანტიდეპრესანტების გავლენით ცენტრალური ადრენერგული პროცესების გაძლიერება, იწვევს მამოძრავებელი და ფსიქიკური შებოჭილობის დაქვეითებას, ხოლო სეროტონინერგული პროცესების გაძლიერება _ ხასიათის გაუმჯობესებას (თიმოლეპტური ეფექტი), შიშის და დაძაბულობის მოხსნას.
ჰიდრაზინული და არაჰიდრაზინული მაო-ს ინჰიბიტორები, მონომინების ჟანგვითი დეზამინირების დამუხრუჭების გზით, იწვევენ ადრენერგული მედიატორის (ნორადრენალინი), აგრეთვე 5-ოქსიტრიპტამინის (სეროტონინი) შემცველობის მომატებას თავის ტვინში.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აგრეთვე იწვევენ ადრენერგული პროცესების სტიმულირებას თავის ტვინში, თუმცა პრესინაფსური (ადრენერგული) ნერვული დაბოლოებების გრანულებით ნორადრენალინის ინაქტივაციის უმთავრესი პროცესის _ მისი “უკუშებოჭვის” _ ბლოკირების გზით. ეს იწვევს აქტიური ნორადრენალინის კონცეტრაციის მატებას ადრენერგული სინაფსების მიდამოებში. თანამედროვე მონაცემებით, მაო-ს ინჰიბიტორებს აგრეთვე გააჩნიათ ნორადრენალინის “უკუშებოჭვის” ბლოკირების უნარი. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ზრდიან სეროტონინის შემცველობას თავის ტვინში. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (ამიტრიპტილინი და სხვა ტრიციკლური ნაერთები) მოქმედებს ქოლინერგულ პროცესებზე _ გააჩნია გამოხატული ცენტრალური და პერიფერიული მ-ქოლინოლიზური მოქმედება. მაო-ს ინჰიბიტორებს გააჩნიათ განგლიომაბლოკირებელი მოქმედება. ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმში ქოლინერგული პროცესების როლი ჯერ კიდევ საბოლოოდ გარკვეველი არ არის, რამეთუ ზოგიერთ პრეპარატს, რომელსაც არ გააჩნია ქოლინერგული მოქმედება, აქვს გამოხატული ანტიდეპრესიული აქტივობა.
ანტიდეპრესანტების მოქმედების თავისებურებები განსაზღვრავენ მათი გამოყენების ძირითად ჩვენებებს. ანტიდეპრესანტები, რომელთაც შერწყმული აქვთ თიმოლეპტური და მასტიმულირებელი თვისებები, გამოიყენება უპირატესად ასთენო-დეპრესიული მდგომარეობების დროს, სედაციური ეფექტის გამომწვევი ანტიდეპრესანტები _ შფოთვით-დეპრესიული მდგომარეობების დროს. თუმცა დეპრესიების კლინიკური სურათის ეტიოლოგიური მრავალფეროვნების და სირთულის შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტები გამოიყენება ერთდროულად ან სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ანტიდეპრესანტების გამოყენების შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები, ნაწილობრივ განპირობებულია მათი ფარმაკოლოგიური თვისებებით. მაგალითად, ამიტრიპიტილინის და იმიზინის ქოლინოლიზური აქტივობის შედეგად აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, თვალბუდის შიდა წნევის მომატება, შარდვის შეკავება, შეკრულობები, ტაქიკარდია; მაო-ს ინჰიბიტორები იწვევენ ჰიპოტენზიას, ძილის დარღვევას, მოუსვენრობას. იპრაზიდს გააჩნია ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე.
მაო-ს ინჰიბიტორები ახდენენ ნარკოტიკული, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებების, პრესორული ამინების და სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს მძიმე გართულებები. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ ტრიციკლური ნაერთების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, აკეთებენ არა ნაკლებ 2 კვირიან შესვენებას. მაო-ს ინჰიბიტორები, აგრეთვე შეუთავსებელია ადრენალინთან, ეფედრინთან და სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან, ალკოჰოლთან, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებზე მოქმედ პრეპარატებთან. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში საკვები რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნას ბიოგენური ამინების შემცველი პროდუქტები (ყველი, პარკოსნები, ბანანი, შებოლილი პროდუქტები).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.