ჰიპოფიზი – პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია. ჰიპოფიზი

ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას.

პათფიზიოლოგია

ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევას თან ახლავს ჰორმონების ჭარბი ან არასაკმარისი გამომუშავება. აღნიშნული დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს რილიზინგ–ჰორმონების ჰიპერსტიმულაცია, რასაც თან სდევს შესაბამისი უჯრედების ჰიპერფუნქცია და მათი შემდგომი ჰიპერპლაზია, რაც შესაძლებელია დასრულდეს ადენომის ჩამოყალიბებით, აგრეთვე ჰიპოფიზის პირველადი სიმსივნეები.

ჰიპოფიზის ჰორმონმაპროდუცირებებლი ფუნქციის დარღვევის დროს ვლინდება სხვადასხვა სინდრომები. ასე მაგალითად, ჰიპოფიზში სომატოტროპინომის არსებობის ფონზე სომატოტროპინის ჰიპერპროდუქცია ბავშვობის ან ყმაწვილობის ასაკში იწვევს აკრომეგალიის ან გიგანტიზმის განვითარებას; არასაკმარისი პროდუქცია – ქონდრისკაცობის განვითარებას; ფუნქციური ან სიმსივნური გენეზის ჰიპერპროლაქტინემიას თან სდევს გალაქტორეა–ამენორეის სინდრომის და ჰიპოგონადიზმის განვითარება. ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება დაკავშირებულია იყოს ე.წ. ცარიელი თურქული კეხის სინდრომთან, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება მისი ზურგის დაშლის შედეგად. ჩვეულებრივ, აღნიშნული პათოლოგია აღენიშნებათ მსუქან ქალებს, რომელთაც, არც თუ იშვიათად, აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია. ამასთან, კლინიკურად აღინიშნება თავის ტკივილები, თავბუსხვევები, რასაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ზოგჯერ კი მხედველობის მოშლა.

გონადოტროპინების (ლუტროპინის და ფოლიტროპინის) პროდუქციის პირველადი დარღვევა იწვევს სასქესო ფუნქციების მოშლას: ადრეული სქესობრივი მომწიფება ბავშვებში, ხოლო გონადოტროპული ფუნქციის გამოთიშვისას – გონადოტროპული ჰიპოგონადიზმი. სქესობრივი ფუნქციების დარღვევა აგრეთვე ხშირია ქალებში ჰიპოფიზის ციკლური გონადოტროპული ფუნქციის დარღვევის დროს; კორტიკოტროპინების ჰიპერფუნქცია, რაც დაკავშირებულია როგორც რილიზინგ–ჰორმონების ჰიპერსტიმულაციის შედეგად მათ ჰიპერპლაზიასთან, ასევე ჰიპოფიზის პირველად კორტიკოტროპინომასთან, იწვევს იცენკო–კუშინგის დაავადების განვითარებას, ხოლო კორტიკოტროპული ფუნქციის გამოთიშვა – თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობას. ადენოჰიპოფიზის ჰიპოპლაზია და ატროფია, აგრეთვე პათოლოგიური პროცესის მიერ მისი პარენქიმის დაშლა იწვევს პანჰიპოპიტუიტარიზმის განვითარებას, რასაც თან ახლავს პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების გამოვარდნა, და ჰიპოფიზური კახექსიის ჩამოყალიბებას. უკანა წილის დაშლა, ჰიპოფიზის ფეხის დაზიანება ან წინა ჰიპოთალამუსის ბირთვების დაზიანება იწვევს უშაქრო დიაბეტის განვითარებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.