მადესენსიბილიზირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (ლათ. თავსართი de -ამოღება, მოსპობა + sensibilis მგრძნობიარე; სინ. ანტიალერგიული საშუალებები) _ სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა უცხო ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის კლინიკური გამოხატულების თავიდან აცილებას ან შესუსტებას და განაპირობებენ ჰიპერსენსიბილიზაციის მდგომარეობის განვითარებას,
ჰიპერსენსიბილიზაციის ხასიათიდან გამომდინარე, მადესენსიბილიზირებელ საშუალებებს ყოფენ სპეციფიკურ და არასპეციფიკურ საშუალებებად.
სპეციფიკური მადესენსიბილიზირებელი საშუალებები შეიცავენ სხვადასხვა ალერგენებს, რომლებიც გამოიყოფიან მაგ., მცენარეების მტვრიდან, საყოფაცხოვრებო მტვრიდან, ცხოველების ბეწვიდან, სამრეწველო წარმოების პროდუქტებიდან და ა.შ. ასეთი სახის პრეპარატების მოქმედების მექანიზმი უცნობია. ითვლება, რომ მათ შემადგენლობაში შემავალი ალერგენების ზეგავლენით ორგანიზმში გამომუშავდება განსაკუთრებული დამცველობითი (მაბლოკირებელი) ანტისხეულები, რომელთაც არ გააჩნიათ მასენსიბილიზირებელი თვისებები და, რეაგინებისგან _ კან-მასენსიბილიზირებელი ანტისხეულებისგან, განსხვავებით გამოირჩევიან ალერგენებისადმი დიდი მსგავსებით. აქედან გამომდინარე, ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენები უპირატესად უერთდებიან მაბლოკირებელ ანტისხეულებს და არა რეაგინებს; შედეგად ორგანიზმის ქსოვილები არ რეაგირებენ ალერგენებზე და ალერგიული რეაქციებიც არ ვლინდება. დესენსიბილიზაცია სპეციფიკური ალერგენების შემცველი პრეპატების წილადი დოზებით შესაძლებელია და ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ზუსტად არის დადგენილი მომატებული მგრძნობელობა განსაზღვრული ალერგენის მიმართ. დესენსიბილიზაციის ასეთი მეთოდი, აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების (პენიცილინი და სხ.) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
არასპეციფიკური მადესენსიბილიზირებელი საშუალებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია შეუძლებელია, აგრეთვე გაურკვეველი ბუნების ნივთიერებების მიმართ სენსიბილიზაციის და ალერგიული დაავადებების დროს. არასპეციფიკურ მადესენსიბილიზირებელ საშუალებებს მიეკუთვნებიან ანტიჰისტამინური ნივთიერებები, გლუკოკორტიკოიდების პრეპარატები (იხ. კორტიკოსტეროიდული პრეპარატები), ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის პრეპარატები, იმუნოდეპრესიული ნივთიერებები, ციტოსტატიკური საშუალებები და სხ.
აღნიშნული საშუალებების ჰიპომასენსიბილიზირებელი მოქმედების მექანიზმები გასხვავებულია. ასე მაგალითად, ანტიჰისტამინური ნივთიერებები თავიდან იცილებენ და თრგუნავენ ორგანოების და ქსოვილების რეაქციებს ალერგიული და ანაფილაქსიური პროცესების დროს გამოყოფილ თავისუფალ ჰისტამინზე. ზოგიერთი ნივთიერება (მაგ., დინატრიუმ ქრომოგლიკატი) იწვევს ჰიპოსენსიბილიზაციას და ეწინააღმდეგება პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის გამონთავისუფლებას.
იმუნოდეპრესიული (მაგ., იმურანი) და ციტოსტატიკური (ციკლოფოსფანი, მერკაპტოპურინი და სხ.) ნივთიერებების მოქმედება ძირითადად მიმართულია იმუნიტეტის ძირითად უჯრედულ და ჰუმორულ ფაქტორებზე, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის სენსიბილიზაციის პათოგენეზში (იხ. სენსიბილიზაცია). აღნიშნული ნივთიერებები არღვევენ იმუნოციტების პროლიფერაციას, ამცირებენ მოცირკულირე ანტისხეულების კონცეტრაციას, ამუხრუჭებენ ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციას.
გლუკოკორტიკოიდების პრეპარატები (ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და სხ.), გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული თვისებებიდან გამომდინარე, ახდენენ ჰიპომასენსიბილიზირებელ მოქმედებას. გარდა ამისა, ისინი ეწინააღმდეგებიან ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამონთავისუფლებას, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ალერგიულ და ანაფილაქსიურ რეაქციებში. ზოგიერთი ფარმაკოლოგიური საშუალება, ანაფილაქსიური რეაქციების დროს, მოქმედებს სიმპტომატურად, მაგ., ადრენალინი, ეფედრინი, ეუფილინი და სხ.
არასპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის დროს, აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა იმუნური პრეპარატები (ჰისტაგლობულინი, ბაქტერიული მონო- და პოლივაქცინები და სხ.), პიროგენული ნივთიერებები, აგრეთვე ზოგიერთი ანტიშრატები (ანტილიმფოციტური, ანტიმონოციტური, ანტიმაკროფაგური). ზოგჯერ, არასპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის მიზნით გამოიყენება ჰისტამინი, დასაწყისში მცირე, შემდეგ კი თანდათანობით ზრდადი დოზებით.
არასპეციფიკური მადესენსიბილიზირებელი საშუალებებიდან განასხვავებენ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება სწრაფი და შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციების დროს.
სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციების (ჭინჭრის ციება, ალერგიულ რინიტი, თივის ციებ-ცხელება), აგრეთვე ანაფილაქსიური რეაქციების (შრატისმიერი დაავადება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი) დროს გამოიყენება გლუკორტიკოიდების პრეპარატები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ანტიჰისტამინური ნივთიერებები; ანაფილაქსიური რეაქციების კუპირების მიზნით, აღნიშნული პრეპარატების გარდა, გამოიყენება სიმპტომატური საშუალებები _ ადრენალინი, ეფედრინი, ეუფილინი. ზემოთაღნიშნულ საშუალებებთან ერთად, პენიცილინის პრეპარატების მიერ გამოწვეული ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციების დროს ინიშნება პენიცილინაზა.
შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციების დროს (აუტოიმუნური დაავადებები, ქსოვილოვანი შეუთავსებლობა და ა.შ.) მიზანშეწონილია არასპეციფიკური მადესენსიბილიზირებელი საშუალებების გამოყენება, რომელთაც გააჩნიათ გამოხატული იმუნოდეპრესიული თვისებები _ გლუკოკორტიკოიდების პრეპარატები, იმუნოდეპრესიული და ციტოსტატიკური საშუალებები, ანტიშრატები.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები