იმუნოსტიმულატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

იმუნოსტიმულატორები  ცხოველური, მიკრობული, სოკოვანი ან სინთეზური წარმოშობის პრეპარატებია, რომლებიც ხასიათდებიან იმუნური პროცესებისა და იმუნოკომპეტენტური უჯრედების (T- და B-ლიმფოციტების) სტიმულირებისა და იმუნიტეტის დამატებითი ფაქტორების (მაკროფაგების და სხვა) აქტივირების სპეციფიკური უნარით. ორგანიზმის საერთო გამძლეობის გაზრდა ამა თუ იმ ხარისხით  შეიძლება მოხდეს მასტიმულირებელი და მატონიზირებელი საშუალებების (კოფეინი, ელეუტეროკოკი და სხვა), ვიტამინების, დიბაზოლის, პირიმიდინის წარმოებულების – მეთილურაცილის, პენტოქსილის (აჩქარებენ რეგენერაციას, ახდენენ ლეიკოპოეზის ინტენსიფიკაციას), ნუკლეინმჟავათა წარმოებულების და ადაპტოგენების სახელწოდებით ცნობილი ბიოგენური პრეპარატების გავლენით. ამ პრეპარატებს გააჩნიათ უნარი გაზარდონ ორგანიზმის მდგრადობა, დააჩქარონ რეგენერაციის პროცესები,რაც საფუძვლად დაედო მათ ფართო გამოყენებას დუნედ მიმდინარე რეგენერაციული პროცესების, ინფექციური, ინფექციურ-ანთებითი და სხვა დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში. ბოლო წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ენდოგენური ნაერთების – ლიმფოკინების, ინტერფერონების იმუნოლოგიური თვისებების შესწავლა (ზოგი სამკურნალო საშუალებების – პროდიგიოზანი, პოლუდანი, არბიდოლი და სხვა – თერაპიული ეფექტურობა გარკვეულად აიხსნება იმით, რომ ისინი ახდენენ ენდოგენური ინტერფერონის წარმოქმნის სტიმულირებას ანუ წარმოადგენენ ინტერფერინოგენებს). უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს  ასრულებს მკერდუკანა ჯირკვალი (თიმუსი). მასში ხდება სპეციფიკური ნივთიერებების (ჰორმონების) სეკრეცია, რომლებიც გავლენას ახდენენ ლიმფოიდური ქსოვილის გარკვეული უჯრედების განვითარებაზე და მომწიფებაზე. მკერდუკანა ჯირკვლიდან გამოყოფილია პოლიპეპტიდური (თიმოზინი, ჰომეოსტატიკური თიმუსური ჰორმონი, თიმოპოეტინი I და II, თიმუსური ჰუმოროიდალური ფაქტორი) და სტეროიდული (თიმოსტერინი) სტრუქტურები; მიღებულია ექსტრაქტული პრეპარატები (თიმალინი, ტაქტივინი, თიმოპტინი, ვილოზენი), რომლებიც გამოიყენება იმუნოსტიმულატორებად; ისინი შეიცავენ მკერდუკანა ჯირკვლის ზემოთ აღნიშნულ ჰორმონებს (მათ შორის ალფა-თიმოზინს) და მოქმედებით მნიშვნელოვნად ემსგავსებიან ერთმანეთს. იმუნური სისტემის სხვა ორგანოდან – ძვლის ტვინიდან – მიღებულია პრეპარატი B-აქტივინი. სინთეზურ იმუნოსტიმულატორებს მიეკუთვნება ლევამიზოლი, სხვა  პეპტიდური იმუნოსტიმულატორები (თიმოგენი და სხვა).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.