თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ძუძუმწოვართა და ადამიანთა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქი გამოიმუშავებს მრავალ სტეროიდულ ჰორმონს, რომელთაც უწოდებენ კორტიკოსტეროიდებს. ისინი წარმოადგენენ პრეგნანის წარმოებულებს და ქიმიური აღნაგობით იყოფიან 11-დეზოქსისტეროიდებად, 11- ოქსისტეროიდებად და 11,17-ოქსისტეროიდებად.პირველ ჯგუფს მიეკუთვნება დეზოქსიკორტიკოსტერონი. 11,17-ოქსისტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნებიან კორტიზონი, კორტიზოლი (ჰიდროკორტიზონი) და მათი წარმოებულები. კორტიზონი, ჰიდროკორტიზონი, დეზოქსიკორტიკოსტერონი წარმოადგენენ ენდოგენურ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმში. ისინი გამოყოფილია კრისტალური სახით და შეიძლება მიღებულ იქნენ სინთეზურადაც.  სამკურნალო საშუალების  სახით გამოიყენება მრავალი სინთეზური კორტიკოსტეროიდული პრეპარატი.  თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ენდოგენური ჰორმონები აუცილებელია ადამიანისა და ცხოველების სიცოცხლისათვის. ცხოველები იღუპებიან თირკმელზედა ჯირკვლების ამოკვეთიდან (ადრენექტომიიდან) რამდენიმე დღეში. თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობას მოსდევს სისხლის შედედება,  არტერიული წნევის  დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ასთენია, სხეულის ტემპერატურის დაწევა და ძირითადი ცვლის დარღვევა; შეიმჩნევა აგრეთვე ჰიპონატრიემია და ჰიპერკალიემია, ჰიპოგლიკემია, სისხლში აზოტოვანი ნაერთების შეკავება. ადრენექტომირებულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების შეყვანა ხელს უშლის ამ პათოლოგიური მოვლენების განვითარებას. ნივთიერებათა ცვლაზე გავლენის მიხედვით კორტიკოსტეროიდები პირობითად იყოფიან ორ ჯგუფად: გლუკოკორტიკოიდები და მინერალოკორტიკოიდები. გლუკოკორტიკოიდების ძირითადი წარმომადგენლებია კორტიზონი და ჰიდროკორტიზონი, მინერალოკორტიკოიდებისა – დეზოქსიკორტიკოსტერონი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.