ჰორმონები და ჰორმონული პრეპარატები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ჰორმონული პრეპარატები (ლათ. hormonalis; ლათ. praeparatus (დამზადებული) _ სამკურნალო საშუალებები, რომელთა მოქმედი საწყისია ჰორმონები და სინთეზური ნივთიერებები, რომელთაც, თავის მხრივ, გააჩნიათ ჰორმონების მსგავსი ბიოლოგიური მოქმედება.
მიღების მეთოდებიდან გამომდინარე, განასხვავებენ ჰორმონული პრეპარატების რამდენიმე ტიპს.
1. ნატურალური ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც მიიღებიან ცხოველური ნედლეულიდან _ დაკლული საქონლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიდან, აგრეთვე ზოგიერთი ცხოველის და ადამიანის სისხლიდან და შარდიდან.
2. ჯირკვლებიდან და გამომშრალი ქსოვილებიდან, ექსტრაქტების სახით მიღებული პრეპარატები. ისინი შეიცავენ ჰორმონებს ქსოვილოვანი ნივთიერებების მინარევებით. მაგ., ფარისებრახლო ჯირკვლების (პარათირეოიდინი), თირკმელზედა ჯირკვლების (კორტინი), ჰიპოფიზის (პიტუიტრინი) და სხ. ექსტრაქტების პრეპარატები.
3. ქიმიური სტრუქტურით ნატურალური ჰორმონების და მათი დერივატების იდენტური სინთეზური ნაერთების პრეპარატები. მაგ., თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის (პრედნიზოლინი, კორტიზონი), სასქესო ჯირკვლების (მეთილტესტოსტერონი, ესტრადიოლი) ჰორმონების პრეპარატები.
4. ჰორმონის მსგავსი თვისებების მქონე სინთეზური ნაერთების პრეპარატები, რომლებიც ქიმური სტრუქტურით განსხვავდებიან შესაბამისი ჰორმონებისგან. მაგ., ესტროგენული პრეპარატები, სტილბენის წარმოებულები, დიჰიდროტაქსისტეროლი.
5. კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც წარმოადგენენ ორი ან მეტი ჰორმონული პრეპარატის ნარევს. მაგ., ამბოსექსი, რომელიც წარმოადგენს ქალის და მამაკაცის სასქესო ჰორომონების ნარევს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.