ხერხემლის სვეტის იოგები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტის იოგები Ligg. columnae vertebralis

ხერხემლის სვეტის იოგები – ligg. columnae vertebralis იყოფა ორ ჯგუფად: ხერხემლის გრძელი და მოკლე იოგები.

ხერხემლის გრძელი იოგებია:
1. წინა გასწვრივი იოგი – lig. longitudinale anterius, მიემართება მალების სხეულების წინა, და ნაწილობრივ გვერდითი ზედაპირების გასწვრივ, დაწყებული ატლასის წინა ბორცვიდან გავის ძვლამდე, სადაც იგი იკარგება გავის პირველი და მეორე მალების ძვლისაზრდელაში. წინა გასწვრივი იოგი ხერხემლის ქვემო ნაწილის მალებში გაცილებით ფართო და მტკიცეა; იგი ფაშრადაა შეერთებული მალების სხეულებთან და საკმაოდ მჭიდროდ – მალთაშუა ხრტილებთან; მალების გვერდებზე იოგი გრძელდება მათ ძვლისაზრდელაში. წინა გასწვრივ იოგში არჩევენ ღრმად მდებარე შედარებით მოკლე ბოჭკოებსა და ზედაპირულად მდებარე – გრძელ ბიჭკოებს. ღრმა (მოკლე) ბოჭკოები ერთმანეთთან აერთებენ მომიჯნავე მალებს, ხოლო ზედაპირული, შედარებით გრძელი ბოჭკოები გადადიან 4 – 5 მალაზე. წინა გასწვრივი იოგი ზღუდავს ხერხემლის სვეტის ზედმეტად გაშლას.

ხერხემლის მალთა შეერთებანი

2. უკანა გასწვრივი იოგი – lig. longitudinale posterius, მიყვება მალების სხეულთა უკანა ზედაპირს ხერხემლის არხის მხრიდან. იოგი იწყება ღერძმალის (აქსისის) – AXIS უკანა ზედაპირიდან, და კისრის ზედა ორი მალის დონეზე გრძელდება მფარავ აპკში – membrana tectoria; ქვემოთ ეს იოგი აღწევს გავის არხის დასაწყისს. უკანა გასწვრივი იოგი ხერხემლის სვეტის ზემო ნაწილში შედარებით ფართოა, ვიდრე ქვემო ნაწილში. იგი მჭიდროდაა შეზრდილი მალთაშუა დისკოებთან. მალების სხეულებს იგი ფაშრად უკავშირდება, ამასთან იოგსა და მალის სხეულს შორის შე მაერთებელ ქსოვილში მოთავსებულია ვენური წნული. ამ იოგის ზედაპირული ბოჭკოები შედარებით გრძელია, ვიდრე ღრმა ბოჭკოები.

ხერხემლის მოკლე იოგებია:
1. ყვითელი იოგები – ligg. flaw, მოთავსებულნი არიან მალების რკალებს შორის, აქსისიდან გავის ძვლამდე. ყვითელი იოგები მიემართებიან ზემოთ მდებარე მალის რკალის შიგნითა ზედაპირიდან და ქვემო კიდიდან, ქვემოთ მდებარე მალის რკალის გარეთა ზედაპირისა და ზემო კიდისაკენ და თავისი წინა კიდეებით შემოფარგლავენ მალთაშუა ხვრელებს. ყვითელი იოგები შედგება ვერტიკალური ელასტიკური ბოჭკოებისაგან, რომელიც მათ აძლევს ყვითელ ფერს. ყვითელი იოგები განსაკუთრებით კარგადა არიან განვითარებულნი ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში. ყვითელი იოგები ძალიან მტკიცე და ელასტიკურებია და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. ყვითელი იოგები არ არის ატლასისა და აქსის რკალებს შორის. აქ გაჭიმულია ატლას – აქსისის შემაერთებელქსოვილოვანი აპკი, რომელიც თავისი წინა კიდით უკნიდან შემოფარგლავს მალთაშუა ხვრელებს – foramen intervertebrale, საიდანაც გამოდის კისრის მეორე ნერვი.

ხერხემლის მალთა შეერთებანი

2. წვეტთაშუა იოგები – ligg. interspinalia, თხელი ფირფიტებია, რომლებიც მთლიანად ავსებენ ორი მეზობელი მალის წვეტიანი მორჩებს შორის სივრცეებს. ეს იოგები განსაკუთრებით კარგად არიან განვითარებულნი ხერხემლის სვეტის წელის ნაწილში და ნაკლებად – კისრის მალებს შორის. წინიდან წვეტთაშუა იოგები უერთდებიან ყვითელ იოგებს – ligg. flava, უკან კი – წვეტიანი მორჩის მწვერვალთან გადადიან წვეტზედა იოგში – lig. supraspinale.
3. წვეტზედა იოგი – lig. supraspinale, წარმოადგენს უწყვეტ ჭიმს, რომელიც მიყვება მალების წვეტიანი მორჩების მწვერვალებს გულმკერდისა და წელის ნაწილში. ქვემოთ იგი გადადის გავის მალების წვეტიან მორჩებზე, ზემოთ, წარზიდული მალის დონეზე იგი გადადის რუდიმენტულ ქედის იოგში – liq. nuchae.
4. ქედის იოგი – lig. nuchae, ელასტიკური და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებისაგან შემდგარი ფირფიტაა, რომელიც მიემართება წარზიდული მალის წვეტიანი მორჩიდან კისრის მალების წვეტიანი მორჩების გასწვრივ ზემოთ; იოგი ემაგრება კეფის გარეთა ქედს – Crista occipitalis externa და კეფის გარეთა შემაღლებას – Protuberantia occipitalis externa.
5. განივ მორჩთაშუა იოგები – ligg. intertransversaria, ნაზი ბოჭკოების კონებია, რომლებიც შედარებით სუსტადაა გამოხატული კისრისა და, ნაწილობრივ, გულმკერდის ნაწილებში და კარგად – წელის ნაწილში; ეს იოგები წყვილია და ერთმანეთთან აკავშირებენ მეზობელი მალების განივი მორჩების მწვერვალებს; კისრის ნაწილში განივ მორჩთაშუა იოგები ზოგჯერ გაორებულია, ზოგჯერ კი საერთოდ არ არსებობენ.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.