ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ხახა Pharynx
ხახა – pharynx, წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი მილის ნაწილს, რომლის გავლითაც დაღეჭილი და ლორწოთი გაჟღენთილი საჭმლის გუნდა გადადის საყლაპავში; ამავე დროს, ხახის საშუალებით ჰაერი გაივლის ცხვირის ღრუდან ხორხში და პირიქით. ხახა მდებარეობს ხერხემლის კისრის ნაწილის წინ და თავისი უკანა კედლით ესაზღვრება კისრის ფასციის ხერხემლისწინა ფირფიტას – lamina prevertebralis, და ვრცელდება ქალას ფუძიდან კისრის მეექვსე მალის დონემდე, სადაც იგი ვიწროვდება და გადადის საყლაპავში. ხახა უკავშირდება მის წინ მდებარე ცხვირის, პირისა და ხორხის ღრუებს. ხახის სიგრძე 12 – 15 სმ-ია. მისი უკანა კედლის ზემო ნაწილი ეყრდნობა ძირითადი ძვლის სხეულის ქვედა ზედაპირს და მას ხახის თაღი – fornix pharyngis ეწოდება. ხახის გვერდით კედლებს ესაზღვრება საერთო და შიგნითა საძილე არტერიები, შიგნითა საუღლე ვენები, ნერვები, ინის ძვლის დიდი რქები და ფარისებრი ხრტილის ფირფიტები.
ხახის ღრუ იყოფა სამ ნაწილად: ზემო – ცხვირის ნაწილი – pars nasalis, შუა – პირის ნაწილი – pars oralis, და ქვემო – ხორხის ნაწილი – pars laryngea. ხახის ზემო ნაწილი მდებარეობს ხახის თაღიდან რბილ სასამდე. წინიდან მასში იხსნება წყვილი ქოანა – choanae; გვერდით კედლებზე მდებარეობს ძაბრისებრი ფორმის სასმენი ლულის ხახისკენა ხვრელები – ostium pharyngeum tubae auditivae, რომლებიც ხახას აკავშირებენ შუა ყურთან.
ხახის შუა ნაწილი ვრცელდება რბილი სასიდან ხორხის შესავლის დონემდე. ამ ნაწილის უკანა კედელი შეესაბამება კისრის მესამე მალის სხეულს. მის წინა კედელზე მდებარეობს ხახის პირი – isthmus faucium, რომელიც აკავშირებს პირის ღრუსთან. ყლაპვის დროს რბილი სასა იწევს ზევით და უკან და ხურავს ხახის ზემო – ცხვირის ნაწილს; ენის ძირი და ხორხსარქველი კი ხურავს ხორხში შესავალ ხვრელს და შედეგად, საჭმლის გუნდა გადადის პირის ღრუდან ხახის პირში, ხახაში და საყლაპავ მილში.
ხახის ქვემო ნაწილი მდებარეობს ხორხის უკან, ხორხის შესავლის დონეზე, ხორხის ბეჭდისებრი ხრტილის ქვემო კიდემდე, სადაც იგი გადადის საყლაპავში. უკანა კედელი შეესაბამება კისრის IV-VI მალებს. მის წინა კედელზე დებარეობს ხორხის შესავალი – aditus laryngis, რომელიც მას აკავშირებს ხორხის ღრუსთან – cavum laryngis.
ხახის კედელი შედგება სამი გარსისაგან: გარეთა ადვენტიციური – tunica adventitia, შუა – კუნთოვანი – tunica muscularis, და შიგნითა – ლორწოვანი – tunica mucosa. კუნთოვან და ლორწოვან გარსებს შორის მდებარეობს ლორწქვეშა ქსოვილი – tela submucosa. ხახის ადვენტიციური გარსი წარმოადგენს ლოყოს კუნთის – m. buccinator მფარავი ლოყა – ხახის ფასციის – fascia buccopharyngea გაგრძელებას და გადადის საყლაპავის ადვენტიციურ გარსში – tunica adventitia. ადვენტიციურ გარსსა და ხახის ირგვლივ მდებარე ორგანოთა შორის მდებარეობს ფაშარი შემაერთებლი ქსოვილის შრე, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ხახის უკანა ზედაპირსა და კისრის ფასციის ხერხემლისწინა ფირფიტას – lamina prevertebralis შორის. აქ მას ეწოდება ხახისუკანა შემაერთებელი ქსოვილი და ავსებს რეტროვისცერულ სივრცეს – spatium retroviscerale.
ხახის კუნთოვანი გარსი წარმოქმნილია ხუთი წყვილი განივზოლიანი კუნთით. მათგან სამი არის ხახის მომჭერი კუნთები, ესენია: ხახის ზემო მომჭერი კუნთი – m. constrictor pharyngis superior, ხახის შუა მომჭერი კუნთი – m. constrictor pharyngis medius და ხახის ქვემო მომჭერი კუნთი – m. constrictor pharyngis inferior. დანარჩენი ორი კუნთი წარმოადგენს ხახის ამწევ კუნთებს. მომჭერი კუნთების სამივე წყვილი უკან, შუა ხაზზე ერთდება, ნაწილობრივ გადადის საპირისპირო მხარეზე და ეწვნება შემაერთებელქსოვილოვან კონაში, რომელიც იწყება ხახის ბორცვიდან და ეწოდება ხახის ნაკერი – raphe pharyngis.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.