ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. წინა ტერფის ძვლები Ossa metatarsalia Metatarsal bones
წინატერფის ძვლები – ossa metatarsalia, წარმოდგენილია 5 გრძელი ლულისებრი ძვლით, რომლებიც მდებარეობენ უკანა ტერფის – tarsus წინ. თითოეულ ძვალს აქვს სხეული – corpus, და ორი ბოლო: უკანა, პროქსიმალური, ანუ ფუძე – basis, და წინა, დისტალური, ანუ თავი – caput. ძვლების დათვლა წარმოებს ტერფის მედიალური კიდიდან (ცერიდან ნეკისაკენ). წინა ტერფის 5 ძვლიდან პირველი ძვალი მოკლე, მაგრამ უფრო მსხვილია, მეორე ძვალი – ყველაზე გრძელია.
წინატერფის ძვლების სხეულებს აქვთ სამწახნაგა ფორმა. ზედა, ზურგისმხრივი ზედაპირი გამოდრეკილია, დანარჩენი ორი, ქვედა ზედაპირები (ტერფძირის) ქვემოთ ერთდებიან და ქმნიან ქედს. წინა ტერფის ძვლების ფუძე წარმოადგენს ძვლის ყველაზე მასიურ ნაწილს. მას აქვს სოლის ფორმა, რომელიც თავისი გაფართოებული ნაწილით წინა ტერფის I-IV ძვლებში მიმართულია ზემოთ, ხოლო წინა ტერფის V ძვალში – მედიალურ მხარეზე. ფუძეების გვერდით ნაწილებს აქვთ სასახსრე ზედაპირები მომიჯნავე ძვლების ერთმანეთთან შესანაწევრებლად. ფუძის უკანა ზედაპირს აქვს სასახსრე ზედაპირი უკანა ტერფის ძვლებთან შესანაწევრებლად. წინა ტერფის პირველი ძვლის ფუძის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს წინა ტერფის პირველი ძვლის ხორკლი – tuberositas ossis metatarsalis I. მეხუთე ძვალს ფუძის ლატერალურ ნაწილზე აქვს წინატეერფის მეხუთე ძვლის ხოკლი – tuberositas ossis metatarsalis V, რომელიც კარგად ისინჯება კანიდან. წინა ტერფის ძვლების წინა ბოლოების, ანუ თავების პერიფერიულ ნაწილს აქვთ სფერული ფორმის სასახსრე ზედაპირები, რითაც ენაწევრებიან თითების ფალანგებს. წინა ტერფის პირველი ძვლის თავის ქვემო ზედაპირზე მდებარეობს ორი სადა ზედაპირი, სადაც მოთავსებულია სესამოიდური ძვლები – ossa sesamoidea. პირველი ძვლის თავი კარგად ისინჯება კანიდან. გარდა ზემოთ აღნიშნული სესამოიდური ძვლებისა, რომლებიც მდებარეობენ ცერის წინატერფ-ფალანგის შესახსრების მიდამოში, გვხვდება ერთი სესამოიდური ძვალი ამავე თითის ფალანგთაშუა შესახსრებაში; გვხვდება ასევე არამუდმივი სესამოიდური ძვლები მცირე წვივის გრძელი კუნთის მყესის სისქეში კუბური ძვლის ტერფძირის ზედაპირის მიდამოში.
ტერფის თითების ძვლები – ossa digiti pedis – 3 რიგად განლაგებული პროქსიმალური, შუა და დისტალური ფალანგებია; გამონაკლისია მხოლოდ ცერი, რომელიც ორი – დისტალური და პროქსიმალური ფალანგისაგან შედგება.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
ტერფის თითების ძვლები – ossa digiti pedis – 3 რიგად განლაგებული პროქსიმალური, შუა და დისტალური ფალანგებია; გამონაკლისია მხოლოდ ცერი, რომელიც ორი – დისტალური და პროქსიმალური ფალანგისაგან შედგება.