ძვლის ტვინი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ძვლის ტვინი Medulla osseum Bone marrow

ძვლის ტვინი – medulla ossium წარმოადგენს მთავარ სისხლმბად ორგანოს. ახალშობილებში იგი მთლიანად ავსებს ძვლის ტვინის ღრუებს და აქვს წითელი ფერი – medulla ossium rubra. 4 – 5 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზში ძვლის წითელ ტვინს თანდათანობით ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და გარდაიქმნება ძვლის ყვითელ ტვინად – medulla ossium flava. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ძვლის წითელი ტვინი ძირითადად მენჯის ძვლებშია, ნაკლები ხარისხით – გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზში, და კიდევ უფრო ნაკლებად – მალების სხეულებში. მისი საერთო მასა დაახლოებით 2,5 – 3 კგ-ია.

ძვლის ტვინი

ძვლის წითელი ტვინი – medulla ossium rubra წარმოიქმნება მიელოიდური ქსოვილით, რომელიც შეიცავს ღეროვან სისხლმბად უჯრედებს. ეს უჯრედები დასაბამს აძლევენ სისხლის ყველა ფორმიან ელემენტს და მისი მეშვეობით (სისხლით) ხვდებიან იმუნური სისტემის ორგანოებში, სადაც ხდება მათი დიფერენცირება.

ნაწილი ღეროვანი უჯრედებისა ხვდება მკერდუკანა ჯირკვალში (თიმუსი) – THYMUS, სადაც ისინი დიფერენიცირდებიან როგორც T- ლიმფოციტები. შემდგომში ეს უჯრედები ვრცელდებიან გარკვეულ უბნებში. T- ლიმფოციტები შლიან ავთვისებიან უჯრედებს, ასევე ნებისმიერ უცხო უჯრედს, ანუ უზრუნველყოფენ ორგანიზმის უჯრედულ და ქსოვილოვან იმუნიტეტს.

ღეროვანი უჯრედების დანარჩენი ნაწილი ხვდება იმუნური სისტემის სხვა ორგანოებში, სადაც ისინი დიფერენცირდებიან იმუნიტეტის ჰუმორულ რეაქციებში მონაწილე უჯრედებად, ანუ B-ლიმფოციტებად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.