ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხვირის ძვალი (Os nasale Nasal bone)
ცხვირის ძვალი – os nasale, ოთხკუთხა ფორმის წყვილი ძვალია. მისი ზედა კიდე ერთვის შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილს – pars nasalis, ლატერალური კიდე უერთდება ზედა ყბის შუბლისეული მორჩის – processus frontalis maxillae წინა კიდეს.
ცხვირის ძვალს აქვს ორი ზედაპირი: წინა ზედაპირი სადაა და აქვს ერთი ან რამდენიმე ნახვრეტი (სისხლძარღვებისა და ნერვებისათვის). უკანა ზედაპირი მოდრეკილია და აქვს ცხავის ღარი – sulcus ethmoidalis (ცხავის წინა ნერვისათვის). ცხვირის ორივე ძვლის შიგნითა დაკბილული კიდეები წარმოქმნიან ცხვირის ძვალთაშუა ნაკერს – sulura internasalis, რომელზედაც მოთავსებულია გასწვრივი ღარი. ორივე ძვალი შიგნითა ზედაპირებით ერთვის შუბლის ძვლის ცხვირისეულ წვეტს – spina nasalis და ცხავის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტას – lamina perpendicularis.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.