ცხვირის ქვემო ნიჟარა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხვირის ქვემო ნიჟარა (Concha nasalis inferior Inferior nasal concha)

ცხვირის ქვემო ნიჟარა – concha nasalis inferior წყვილი ძვალია; იგი წარმოადგენს თხელ, მოდრეკილ, ფორებიან ძვლოვან ფირფიტას.ნიჟარა მოთავსებულია ცხვირის ღრუში და აქვს სამი მორჩი: ზედაყბისეული მორჩი, საცრემლე მორჩი და ცხავისეული მორჩი. ზედაყბისეული მორჩით – processus maxillaris ქვემო ნიჟარა უმაგრდება ზედაყბის წიაღის შიგნითა კედელს. ძვალთან იგი წარმოქმნის მახვილ კუთხეს, რომელშიც შედის ზედა ყბის ნაპრალის – hiatus sinus maxillaris ქვემო კიდე; მორჩი კარგად ჩანს ზედა ყბის წიაღის მხრიდან მისი გასხნისას. საცრემლე მორჩით – processus lacrimalis ქვემო ნიჟარა უერთდება ცრემლის ძვალს. ცხავისეული მორჩი – processus ethmoidalis მიმართულია ზევით და უკან. მასზე დაბჯენილია ცხავის ძვლის კავისებრი მორჩი – Processus uncinatus.

ცხვირის ნიჟარები

ქვემო ნიჟარა ზემო კიდის წინა ნაწილით მიმაგრებულია ზედა ყბის ნიჟარისეულ ქედზე – Crista conchalis, ხოლო უკანა ნაწილით – სასის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტის თანამოსახელე ქედზე. ცხვირის ქვემო ნიჟარის ქვევით მდებარეობს ცხვირის ქვემო გასავალი –  meatus nasi inferior.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.