ცხავის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხავის ძვალი

ცხავის ძვალი – os ethmoidale (Ethmoidal bone), კენტი ძვალია; მისი უდიდესი ნაწილი მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, მცირე ნაწილი – ქალას ფუძის წინა ნაწილში. ცხავის ძვალი შედგება ჰაეროვანი უჯრედებისაგან და მიეკუთვნება პნევმატიკურ ძვლებს – ossa pneumatica. ცხავის ძვალი შედგება ორი ურთიერთპერპენდიკულარული ფირფიტისაგან: დაცხრილული და პერპენდიკულარული ფირფიტებისაგან. დაცხრილული ფირფიტა – lamina crihrosa, წარმოადგენს ცხვირის ღრუს ზედა კედელს; მდებარეობს ჰორიზონტალურად შუბლის ძვლის ცხავის ნაჭდევში და წარმოქმნის შუბლ-ცხავის ნაკერს – sutura frontoethmoidalis.

ცხავის ძვალი

მისი ზედაპირი დაცხრილულია 30 – 40 პატარა ხვრელით, რომლებშიც გადიან ნერვები და სისხლძარღვები. პერპენდიკულარული ფირფიტა – lamina perpendicularis, იყოფა ორ ნაწილად: პატარა, ზედა, დაცხრილული ფირფიტის ზემოთ მდებარე ნაწილი და დიდი, ქვედა, დაცხრილული ფირფიტის ქვემოთ მდებარე ნაწილი. ზედა ნაწილი წარმოქმნის მამლის ბიბილოს – crista galli, და მიმართულია ქალას ღრუსაკენ (ბიბილოზე მიმაგრებულია დიდი ტვინის ნამგალი – ტვინის მაგარი გარსის მორჩი). მამლის ბიბილოს წინა ქვედა კიდე მოსაზღვრულია ორივე მხრიდან მამლის ბიბილოს ფრთებით – аlа cristae galli. ეს მორჩები შემოსაზღვრავენ შუბლის ძვლის ბრმა ხვრელს – foramen cecum უკნიდან და ზევიდან. პერპენდიკულარული ფირფიტის ქვედა ნაწილი მიმართულია ქვევით, ცხვირის ღრუში და მონაწილეობს ცხვირის ძვლოვანი ძგიდის წარმოქმნაში. ზევიდან იგი ესაზღვრება შუბლის ძვლის ცხვირის წვეტს – spina nasalis, წინიდან – ცხვირის ძვლებს, უკნიდან – სოლისებრი ძვლის ქედს – crista sphenoidalis, ქვევიდან – სახნისს – vomer, წინ და ქვევით – ცხვირის ძგიდის ხრტილოვან ნაწილს. ცხავის ლაბირინთი – labyrinthus ethmoidalis, წარმოადგენს წყვილ ძვლოვან კოლოფს; მდებარეობს პერპენდიკულარული ფირფიტის ორივე მხარეზე. თითოეული ლაბირინთი შედგება მრავალრიცხოვანი ჰაეროვანი ცხავის უჯრედებისაგან – cellulae ethmoidales, რომლებიც უკავშირდებიან როგორც ერთმანეთს, ასევე ცხვირის ღრუს. უჯრედები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც წარმოადგენს ცხვირის ღრუს ლორწოვანის უშუალო გაგრძელებას. ცხავის უჯრედები იყოფა: ცხავის წინა უჯრედები – cellulae ethmoidales anteriores, რომლებიც იხსნება ცხვირის შუა გასავალში და შუა და უკანა – cellulae ethmoidales mediae et posteriores, რომლებიც უკავშირდებიან ცხვირის ზემო გასავალს. ლაბირინთის გარეთა კედელი თხელი, სადა და პრიალაა და მას თვალბუდის ფირფიტა – lamina orbitalis ეწოდება. იგი მონაწილეობს თვალბუდის შიგნითა კედლის უდიდესი ნაწილის წარმოქმნაში. ფირფიტა ზემოთ უკავშირდება შუბლის ძვალს შუბლ-ცხავის ნაკერით – sutura frontoethmoidalis, ქვევით – ზედა ყბას ცხავ-ზედაყბის ნაკერით – sutura ethmoideomaxillaris და სასის ძვალის თვალბუდის მორჩს სასა-ცხავის ნაკერით – sutura palatoethmoidalis,  წინ – ცრემლის ძვალს ცრემლ-ცხავის ნაკერით და უკან – სოლისებრ ძვალს სოლისებრ-ცხავის ნაკერით – sutura sphenoelhmoidalis.

ცხავის ძვალი

ლაბირინთის ზედა კიდესთან მდებარეობს ორი პატარა ღარი – ცხავის წინა და უკანა ღარები. რომლებიც შუბლის ძვლის თანამოსახელე ღარებთან წარმოქმნიან არხებს, რომლებიც იხსნებიან ცხავის წინა და უკანა ხვრელებით – foramina ethmoidalis anterius et posterius (ამ ხვრელებში გაივლის თანამოსახელე ნერვები და სისხლძარღვები). ლაბირინთის მედიალური კედელი წარმოადგენს ხორკლიან ფირფიტას, რომელიც წარმოქმნის ცხვირის ღრუს ლატერალური კედლის უდიდეს ნაწილს. პერპენდიკულარული ფირფიტისაკენ მიმართულ მის ზედაპირზე აღინიშნება ორი თხელი მორჩი: ზედა – ცხვირის ზემო ნიჟარა – concha nasalis superior, და ქვედა – ცხვირის შუა ნიჟარა – concha nasalis media. ზოგჯერ ზემო ნიჟარის ზემოთ მდებარეობს რუდიმენტული მორჩი – ცხვირის ზემდებარე ნიჟარა – concha nasalis suprema. ლაბირინთის მედიალური კედლის ზედა უკანა ნაწილში, ცხვირის ზედა და შუა გასავლებს შუა მდებარეობს ნაპრალის ფორმის სივრცე, რომელსაც ეწოდება ცხვირის ზემო გასავალი – meatus nasi superior.  ცხვირის შუა ნიჟარის ქვეშ მდებარე ნაპრალს ეწოდება ცხვირის შუა გასავალი – meatus nasi medius. თითოეული ლაბირინთის ქვედა წინა ზედაპირიდან წარიზიდება უკან მიმართული კავისებრი მორჩი – processus uncinatus. იგი უერთდება ცხვირის ქვემო ნიჟარის ცხავისეულ მორჩს – processus ethmoidalis. კავისებრი მორჩის უკან და ზემოთ მდებარეობს ერთ – ერთი ყველაზე დიდი უჯრედი, ე. წ. ცხავის ბუშტულა – bulla ethmoidalis. კავისებრ მორჩსა და ცხავის ბუშტულას შორის არის ნაპრალი ცხავის ძაბრი – infundibulum ethmoidale, რომლის ზედა კიდე უერთდება შუბლის ძვლის წიაღის ხვრელს. კავისებრი მორჩის უკანა კიდესა და ცხავის ბუშტულას ქვედა ზედაპირს შორის წარმოიქმნება ნამგლისებრი ნაპრალი – hiatus semilunaris, რომელიც აკავშირებს ზედა ყბის წიაღს ცხვირის შუა გასავალთან.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.