შუბლის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. შუბლის ძვალი

შუბლის ძვალი – os frontale შეადგენს ქალასარქველის წინა ნაწილს და ნაწილობრივ მის ფუძეს; შუბლის ძვალი შედგება ოთხი ნაწილისაგან: შუბლის ქიცვი – squama frontalis, თვალბუდის ნაწილები – partes orbitales, და ცხვირის ნაწილი – pars nasalis. შუბლის ქიცვი – squama frontalis გამობურცულია წინ და აქვს გარეთა ანუ შუბლის ზედაპირი, ორი გვერდითი, ანუ საფეთქლის ზედაპირები, და შიგნითა ანუ სატვინე ზედაპირი.

frontal

გარეთა ზედაპირი – facies externa სადა, წინ გამოდრეკილია და შუა ხაზზე აქვს შემაღლება, რომელიც ყოველთვის არ შეინიშნება. ეს არის მეტოპიური ნაკერი – sutura metopica – შუბლის ძვლის ნახევრების შეზრდის კვალი ადრეულ ბავშვობის ასაკში. ქიცვის შუბლის ზედაპირი წინა ნაწილში გადადის თვალბუდის ზედაპირში – facies orbitalis და წარმოქმნის თვალბუდის ზედა კიდეს – margo supraorbitalis. მის ზემოთ და პარალელურად რელიეფურად აღინიშნება რკალისებრი შემაღლება – წარბზედა რკალი – arceus superciliaris. თითოეული წარბზედა რკალის ზემოთ მდებარეობს გამოწეული  შუბლის ბორცვი – tuber frontale. წარბზედა რკალების შორის მოთავსებულია მცირე ზომის ჩაღრმავება – გლაბელა – glabella. თვალბუდის ზედა კიდეზე მდებარეობს თვალბუდის ზედა ხვრელი – foramen supraorbitale. შუა ხაზთან ახლოს კი შედარებით სუსტად გამოხატული შუბლის ნაჭდევი – incisura frontalis (თვალბუდის ზედა ხვრელში გაივლის თვალბუდის ზედა ნერვის ლატერალური ტოტი და სისხლძარღვები, შუბლის ნაჭდევში – იმავე ნერვის მედიალური ტოტი და სისხლძარღვები). აღნიშნული ნაჭდევის ადგილზე შესაძლებელია იყოს შუბლის ხვრელი – foramen frontale. თვალბუდის ზედა კიდე ლატერალურად გადადის სამკუთხა ფორმის ყვრიმალის მორჩში – processus zygomaticus; მისი დაკბილული კიდე უერთდება ყვრიმალის ძვლის შუბლისეულ მორჩს შუბლ-ყვრიმალის ნაკერით – sutura frontozygomatica. ყვრიმალის მორჩის უკან და ზემოთ რკალისებურად მიემართება საფეთქლის ხაზი – linea temporalis; იგი განაცალკევებს ქიცვის შუბლის ზედაპირს საფეთქლის ზედაპირისაგან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საფეთქლის ფოსოს წინა ზემო ნაწილს, სადაც იწყება საფეთქლის კუნთის ნაწილი. შუბლის ქიცვის შიგნითა ზედაპირი –  facies interna, შედრეკილია; მასზე აღინიშნება სუსტად გამოხატული ღარისებრი ჩაღრმავებები – impressiones girorum,  ღარებშუა შემაღლებები და არამუდმივი, არამკაფიო არტერიული ღარები – sulci arteriosi. შუბლის ქიცვის შიგნითა ზედაპირის შუა ნაწილში მდებარეობს ზემო საგიტალური სინუსის ღარი – sulcus sinus sagittalis superioris. მისი ორივე კიდე, რომლებიც მიემართებიან ზემოთ და უკან, უერთდებიან თხემის ძვლების თანამოსახელე ღარებს, ხოლო ქვევით – ერთდებიან შუბლის ქედში – crista frontalis (მას ემაგრება ტვინის მაგარი გარსის მორჩი, დიდი ტვინის ნამგალი – falx cerebri). ქედი ქვედა ნაწილში ცხავის ძვლის მამლის ბიბილოს ფრთასთან – ala cristae galli ossis ethmoidalis ერთად წარმოქმნის ბრმა ხვრელს – foramen cecum, რომელიც შევსებულია ტვინის მაგარი გარსის მორჩით. შუბლის ძვლის ქიცვის ზედა, ანუ უკანა კიდე – თხემისეული კიდე – margo parietalis დაკბილულია, უერთდება თხემის ძვლების შუბლისეულ კიდეებს, წარმოქმნის გვირგვინოვან ნაკერს – sutura coronalis. ქიცვის ქვედა ნაწილები სამკუთხა ფორმისაა და უერთდება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთების შუბლისეულ კიდეს. შუბლის ძვლის თითოეული თვალბუდის ნაწილი – pars orbitalis, შედის თვალბუდის ზედა კედლის შემადგენლობაში. შუბლის ძვლის ქიცვის თვალბუდის ზედა კიდიდან იგი მიემართება უკან და ჰორიზონტალურად. მასში განარჩევენ ქვედა, თვალბუდისა, და ზედა – სატვინე ზედაპირებს. თვალბუდის ზედაპირი – facies orbitalis თვალბუდის ღრუსკენაა მიქცეული, სადა და ზემოთ გამოდრეკილია. მის გვერდით ნაწილში, ყვრიმალის მორჩის ფუძესთან, მდებარეობს ცრემლის ჯირკვლის ფოსო – fossa glandulae lacrimalis, რომელშიც მოთავსებულია ცრემლის ჯირკვალი. თვალბუდის ზედაპირის მედიალურ ნაწილში არის სუსტად გამოხატული ჭაღის ფოსო – fovea trochlearis, მასთან ახლოს კი – ჭაღის წვეტი – spina trochlearis (აქ ემაგრება ხრტილოვანი რგოლი, რომელიც წარმოადგენს თვალის კაკლის ზედა ირიბი კუნთის მყესის ჭაღს). თვალბუდის ნაწილის შიგნითა ზედაპირზე – facies interna კარგად არის  გამოხატული ტვინის შუბლის წილების ანაბეჭდები ღარისებრი ჩაღრმავებების სახით – impressiones girorum, და ღარებშუა შემაღლებები – juga cerebralia. თვალბუდის ნაწილები ერთმანეთისაგან განცალკევებული არიან ცხავის ნაჭდევით – incisura ethmoidalis, რომელშიც მოთავსებულია ცხავის ძვლის ფირფიტა – lamina cribrosa. ნაჭდევის ლატერალური კიდეების გასწვრივ მდებარეობს სხვადასხვა სიდიდის რამდენიმე ორმო, ე. წ. ცხავის ორმოები – foveolae ethmoidales. ეს ორმოები ზემოდან ფარავენ ცხავის ძვლის ლაბირინთის უჯრედებს. ცხავის ორმოებს შორის გაივლის ცხავის ორი ღარი – წინა და უკანა, რომლებიც ცხავის ძვლის ლაბირინთის თანამოსახელე ღარებთან ერთად ქმნიან არხებს, რომლებიც თვალბუდის შიგნითა კედელზე იხსნება ორი ხვრელით: ცხავის წინა ხვრელით – foramen ethmoidale anterius; მასში გაივლის ცხავის წინა სისხლძარღვები და ნერვი, და ცხავის უკანა ხვრელით – foramen ethmoidale posterius, რომელშიც გაივლის ნერვები და ცხავის უკანა სისხლძარღვები. ცხავის ნაჭდევის კიდეები ერთდებიან ცხავის ძვლის თვალბუდის ფირფიტის – lamina orbitalis  ზედა კიდესთან და წარმოქმნიან შუბლ-ცხავის ნაკერს – sutura frontoethmoidalis, ხოლო წინ ცრემლის ძვალთან – შუბლ-ცრემლის ნაკერს – sutura frontolacrimalis. თვალბუდის ნაწილის უკანა კიდე, თხელი და დაკბილულია, უერთდება სოლისებრი ძვლის მცირე ფრთას სოლისებრ-შუბლის ნაკერით – sutura sphenofrontalis. თვალბუდის ნაწილის ლატერალური კიდე ხორკლიანი, სამკუთხა ფორმისაა, უერთდება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის შუბლისეულ კიდეს, წარმოქმნის სოლისებრ-შუბლის ნაკერის გარეთა ნაწილს. შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილი – pars nasalis, რკალის სახით წინიდან ხურავს ცხავის ნაჭდევს. ცხვირის ნაწილიდან წინ და ქვემოთ მიემართება ცხვირის წვეტი – spina nasalis. მის ირგვლის  წინ და გვერდებზე არის დაკბილული ცხვირისეული კიდე – margo nasalis. წინა ნაწილში იგი უერთდება ცხვირის ძვლის ზედა კიდეს შუბლ-ცხვირის ნაკერით – sutura frontonasalis, უკანა ნაწილში – ზედა ყბის შუბლისეულ მორჩს – processus frontalis, შუბლ-ზედაყბის ნაკერით – sutura frontomaxillaris. ცხვირის ნაწილის ქვედა ზედაპირზე არის ცხავის ორმოები. ცხვირის წვეტის ორივე მხარეზე მდებარეობს შუბლის წიაღის ხვრელი – apertura sinus frontalis. შუბლის წიაღი – sinus frontalis, წარმოადგენს წყვილ ღრუს; მდებარეობს შუბლის ძვლის ფირფიტებშუა, წინა ქვემო ნაწილში. შუბლის წიაღი მიეკუთვნება პარანაზალურ წიაღებს – sinus paranasales. მარჯვენა და მარცხენა წიაღები ერთმანეთისაგან განცალკევებულნი არიან შუბლის წიაღების ძგიდით – septum sinuum frontalium. წიაღების საზღვრები მკვეთად ვარირებს. ზოგჯერ შუბლის წიაღები მიემართებიან ზემოთ შუბლის ბორცვამდე, ქვევით კი – თვალბუდის ზედა კიდეებამდე, უკან – სოლისებრი ძვლის მცირე ფრთებამდე და გვერდით – ყვრიმალის მორჩებამდე. შუბლის წიაღის ხვრელით შუბლის წიაღი უერთდება ცხვირის შუა გასავალს – meatus nasi medius. წიაღების ღრუ ამოფენილია ლორწოვანი გარსით.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.