შიგნითა საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. შიგნითა საძილე არტერია Arteria  carotis interna Internal carotid artery

ლალი დათეშიძე

შიგნითა საძილე არტერია – a. carotis interna, საერთო საძილე არტერიის მეორე ტოტია. მასში არჩევენ ორ ნაწილს: კისრისა და ქალაშიგა (თავის) ნაწილს. დასაწყისში იგი მოთავსებულია გარეთა საძილე არტერიის უკან და ლატერალურად.

შიგნითა საძილე არტერია

შემდეგ მიემართება მედიალურად და ზევით, აღწევს ქალას ფუძეს და შედის საძილე არხში – Canalis caroticus;  არხში არტერია იდრიკება არხის შესაბამისად და მისგან გამოსვლის შემდეგ foramen lacerum-ის გავლით შედის ქალას ღრუში. აქ არტერია წვება სოლისებრი ძვლის საძილე ღარში – sulcus caroticus ossis sphenoidalis; აქ იგი მღვიმოვან სინუსშია მოქცეული. აქედან არტერია მიემართება თავის ტვინის ქვემო ზედაპირისაკენ.
კისრის ნაწილში შიგნითა საძილე არტერია ტოტებს არ იძლევა. საფეთქლის ძვლის პირამიდის საძილე არხში არტერიას გამოეყოფა მცირე ზომის ტოტი – დაფ – საძილე ტოტი – r. caroticotympanicus, რომელიც გაივლის თანამოსახელე არხს, შედის დაფის ღრუში და კვებავს მის ლორწოვან გარსს. ქალას ღრუში შიგნითა საძილე არტერიას გამოეყოფა თვალბუდის არტერია და ტოტები დიდი ტვინისაკენ.
თვალბუდის არტერია – a. ophthalmica, შიგნითა საძილე არტერიის წყვილი მსხვილი სისხლძარღვია. მხედველობის ნერვთან ერთად მხედველობის არხით შედის თვალბუდეში.

289

თვალბუდეში თვალბუდის არტერია მიემართება თვალბუდის მედიალური კედლისაკენ; აღწევს რა თვალის მედიალურ კუთხეს, თვალბუდის არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ჭაღზედა არტერიას – a. supratrochlearis და ცხვირის დორსალურ არტერიას – a. dorsalis nasi. თავის გზაზე თვალბუდის არტერია იძლევა შემდეგ ტოტებს: ა) საცრემლე არტერია – a. lacrimalis, რომელიც იწყება თვალბუდის არტერიიდან. თვალბუდეში არტერია მიემართება საცრემლე ჯირკვლისაკენ და გზავნის ტოტებს: ზედა და ქვედა ქუთუთოებისაკენ – ქუთუთოების ლატერალურ არტერიებს – aa.. palpebrales laterales და კონიუნქტივისაკენ. ქუთუთოების ლატერალური არტერიები ქმნიან ანასტომოზს ქუთუთოების მედიალურ არტერიებთან – aa.. palpebrales mediales, და წარმოქმნიან ზემო და ქვემო ქუთუთოების რკალებს – arcus palpebrales superior et inferior; ბ) ბადურის ცენტრალური არტერია – a. centralis retinae შედის მხედველობის ნერვში, აღწევს თვალის კაკალს, და სხივისებურად ტოტიანდება ბადურაში; გ) წამწამოვანი უკანა მოკლე და გრძელი არტერიები – aa.. ciliares posteriores breves et longi, მდებარეობენ მხედველობის ნერვის გასწვრივ, აღწევენ თვალის კაკალში და მიემართებიან სისხლძარღვოვანი გარსისაკენ; დ) კუნთოვანი არტერიები – aa. musculares, – იძლევიან უფრო წვრილ ტოტებს და სისხლით ამარაგებენ თვალის კაკლის კუნთებს; ე) წამწამოვანი წინა არტერიები – aa.. ciliares anteriores, (4 – 5) გამოდიან კუნთოვანი არტერიებიდან (ზოგჯერ საცრემლე არტერიიდან), მიემართებიან თვალის კაკლის თეთრი გარსისაკენ, აღწევენ მასში და მთავრდებიან ფერადი გარსში; ვ) თვალბუდის ზედა არტერია – a. supraorbitalis, მოთავსებულია თვალბუდის ზედა კედლის ქვეშ; მიემართება წინ და ზემოთ შუბლის მიდამოში; სისხლით ამარაგებს თვალის ირგვლივ კუნთს – m. orbicularis oculi, კეფა – შუბლის კუნთის შუბლისეულ მუცელს – venter frontalis m. occipitofrontalis და კანს. თვალბუდის ზედა არტერიის საბოლოო ტოტები ქმნიან ანასტომოზს საფეთქლის ზედაპირულ არტერიასთან – a. temporalis superficialis; ზ) ცხავის უკანა არტერია – a. ethmoidalis posterior გამოდის თვალბუდის არტერიიდან, თვალბუდის მედიალური კედლის დონეზე.

287

გაივლის თანამოსახელე ხვრელს და იტოტება ცხავის უკანა უჯრედების ლორწოვან გარსში;  გზავნის რამდენიმე პატარა ტოტს ცხვირის ძგიდის უკანა ნაწილის ლორწოვან გარსში; თ) ცხავის წინა არტერია – a. ethmoidalis anterior, თანამოსახელე ხვრლით გადის ქალას ღრუში და ქალას წინა ფოსოს მიდამოში იძლევა ტოტს – წინა მენინგეალურ არტერიას – a. meningea anterior; შემდეგ არტერია მიემართება ქვემოთ, ცხავის ძვლის დაცხრილული ფორფიტის ხვრელით შედის ცხვირის ღრუში და სისხლით ამარაგებს ცხვირის ძგიდისა და გვედითი კედლების წინა ნაწილების, ასევე წინა ცხავის უჯრედების ლორწოვან გარსს; ი) ქუთუთოების მედიალური არტერიები – aa.. palpebrales mediales, განლაგებულია ქუთუთოების თავისუფალი კიდის გასწვრივ; ანასტომოზით უკავშირდებიან ქუთუთოების ლატერალურ არტერიებს – aa.. palpehrales lateralis და წარმოქმნიან ზემო და ქვემო ქუთუთოების რკალებს – arcus palpebrales superior et inferior; კ) ჭაღზედა არტერია – a. supratrochlearis, – თვალბუდის არტერიის ერთ – ერთი საბოლოო ტოტია; გაივლის თვალბუდის ნაჭდევს, მიემართება ზემოთ, კვებავს შუბლის მედიალური ნაწილის კანსა და კუნთებს. მისი ტოტები ქმნიან ანასტომოზს მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიის ტოტებთან; ლ) ცხვირის დორსალური არტერია – a. dorsalis nasi, წარმოადგენს თვალბუდის არტერიის საბოლოო ტოტს. მიემართება წინ, ქუთუთოს მედიალური იოგის – lig. palpebrale mediale ზემოთ, გზავნის ტოტს საცრემლე პარკისაკენ და გამოდის ცხვირის ზურგზე. აქ იგი უერთდება კუთხის არტერიას – a. angularis, და ამგვარად წარმოქმნის ანასტომოზს შიგნითა და გარეთა საძილე არტერიათა სისტემებს შორის.

დიდი ტვინის არტერიები

1. დიდი ტვინის წინა არტერია – a. cerebri anterior, – იწყება შიგნითა საძილე არტერიის საბოლოო ტოტებად გაყოფის დონეზე; მიემართება წინ და მედიალურად, თავსდება მხედველობის ნერვის ზემოთ. შემდეგ იგი წვება დიდი ტვინის გასწვრივ ნაპრალში – fissura longitudinalis cerebri, ნახევარსფეროს მედიალურ ზედაპირზე. თავისი გზის დასაწყისში არტერია იძლევა რიგ წვრილ ტოტებს. მხედველობის ჯვარედინის – chiasma opticum,  დონეზე ერთი მხარის არტერია ქმნის ანასტომოზს მეორე მხარის თანამოსახელე არტერიასთან წინა შემაერთებელი არტერიით – a. communicans anterior. თავის გზაზე დიდი ტვინის წინა არტერიას გამოეყოფა ქერქის (კორტიკალური) ტოტები – rr. corticales, საიდანაც გამოდიან: თვალბუდის ტოტები – rr. orbitales, შუბლის ტოტები – rr. frontales, თხემის ტოტები – rr. parietales, ასევე ცენტრალური ტოტები – rr. centrales, რომლებიც კვებავენ თხემისა და შუბლის წილების მედიალური ზედაპირების ქერქს, კორძიან სხეულს, ყნოსვის ბოლქვსა და ყნოსვის ტრაქტს.

290

2. დიდი ტინის შუა არტერია – a. cerebri media, შიგნითა საძილე არტერიის ერთ – ერთი მსხვილი ტოტია. არტერია შედის დიდი ტინის ლატერალური ღარის სიღრმეში და გამოდის დიდი ტვინის ნახევარსფეროს ზემო ლატერალურ ზედაპირზე. დიდი ტვინის შუა არტერიდან გამომავალი ტოტები: ქერქის ტოტები – rr. corticales, თვალბუდის ტოტები – rr. orbitales, შუბლის ტოტები – rr. frontales, თხემის ტოტები – rr. parietales, საფეთქლის ტოტები – rr. temporales, ცენტრალური ტოტები – rr. centrales და ზოლიანი სხეულის ტოტები – rr. striati, კვებავენ დიდი ტვინის ნახევარსფეროს საფეთქლის, თხემისა და შუბლის წილების ზემო ლატერალურ ზედაპირებსა და კუნძულს – insula.
3. უკანა შემაერთებელი არტერია – a. communicans posterior, იწყება შიგნითა საძილე არტერიიდან, მიემართება უკან, დიდი ტვინის უკანა არტერიისკენ – a. cerebri posterior. უკანა შემაერთებელი არტერია მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე არტერიასთან ერთად მონაწილეობს დიდი ტვინის არტერიული წრის – circulus arteriosus cerebri  შექმნაში.
სისხლძარღვთა წნულის წინა არტერია – a. chorioidea anterior იწყება შიგნითა საძილე არტერიის უკანა ზედაპირიდან და მიემართება საფეთქლის წილის წინა ქვემო ნაწილებისაკენ. აქ არტერია შედის ტვინის ნივთიერებაში, იტოტება გვერდითი პარკუჭის ქვემო რქის კედელში და თავისი ტოტებით შედის გვერდითი პაკუჭის სისხლძარღვოვან წნულში – plexus chorioideus ventriculi lateralis.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.