ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ღვიძლი Hepar Liver
ღვიძლი – hepar, ყველაზე მსხვილი ჯირკვალია; იგი მდებარეობს მუცლის ღრუს ზემო ნაწილში, შუასაძგიდის ქვეშ, ძირითადად მარჯვნივ. ღვიძლი მურა-წითელი ფერის, რბილი კონსისტენციის ორგანოა, რომლის წონა დაახლოებით წონით 1500 გ-ია. ღვიძლში არჩევენ ზემო, გამოდრეკილ შუასაძგიდის ზედაპირს – facies visceralis, ქვემო ვისცერულ ზედაპირს – facies visceralis, ქვემო კიდეს – margo inferior, რომელიც განაცალკევებს ზემო და ქვემო ზედაპირებს, და შუასაძგიდის ზედაპირის გამოდრეკილ უკანა ნაწილს – pars posterior. ღვიძლის ქვემო კიდეზე მდებარეობს მრგვალი იოგის ნაჭდევი – incisura ligamenti teretis, მარჯვნივ კი ნაღვლის ბუშტის ნაჭდევი.
შუასაძგიდის ზედაპირი – facies diaphragmatica, გამოდრეკილია და შეესაბამება შუასაძგიდის გუმბათის ფორმას. ღვიძლის შუასაძგიდის ზედაპირიდან ზემოთ, შუასაძგიდისაკენ მიიმართება ღვიძლის ნამგლისებრი იოგი – lig. falciforme hepatis; უკან იოგის ფურცლები იშლებიან მარჯვნივ და მარცხნივ და გადადიან ღვიძლის გვირგვინოვან იოგში – lig. coronarium hepatis. ნამგლისებრი იოგი ღვიძლის ზემო ზედაპირს ყოფს ორ ნაწილად – ღვიძლის მარჯვენა წილი – lobus hepatis dexter, და ღვიძლის მარცხენა წილი – lobus hepatis sinister. მარჯვენა წილი მდებარეობს შუასაძგიდის მარჯვენა გუმბათის ქვეშ, მარცხენა წილი – მარცხენა გუმბათის ქვეშ. მარცხენა წილის ზემო ზედაპირზე აღინიშნება გულის ჩანაჭდევი – impressio cardiaca, რომელიც თავისი მდებარეობით შეესაბამება გულს.
ღვიძლის შუასაძგიდის ზედაპირზე არჩევენ ზემო ნაწილს – pars superior, რომელიც მიმართულია შუასაძგიდის მყესოვანი ცენტრისაკენ, წინა ნაწილს – pars anterior, რომელიც მიმართულია წინ, შუასაძგიდის ნეკნებისეული ნაწილისაკენ, და მუცლის წინა კედლისაკენ, მარჯვენა ნაწილს – pars dextra, რომელიც მიმართულია მარჯვნივ მუცლის გვერდითი კედლისაკენ, და უკანა ნაწილს – pars posterior, რომელიც მიმართულია ზურგისაკენ.
ღვიძლის ვისცერულ ზედაპირს – facies visceralis, აქვს უსწორმასწორო ბრტყელი, მცრედ შედრეკილი ზედაპირი, რომელიც შეესაბამება მასთან მომიჯნავე ორგანოთა კონფიგურციას. ქვემო ზედაპირზე მდებარეობს სამი ღარი, რომელიც ამ ზედაპირს ყოფს ოთხ ნაწილად: ღვიძლის მარცხენა წილი – lobus hepatus sinister, ღვიძლის მარჯვენა წილი – lobus hepatus dexter, კვადრატული წილი – lobus quadratus და კუდიანი წილი – lobus caudiatus. ორ ღარს აქვს საგიტალური მიმართულება და მიიმართებიან ღვიძლის ქვემო ზედაპირზე ერთმანეთის პარალელურად, წინა კიდიდან უკანა კიდისაკენ; დაახლოებით შუა ნაწილში მათ აერთებს მესამე – განივი ღარი. მარცხენა ღარი შედგება ორი ნაწილისაგან – წინა და უკანა ნაწილებისაგან. წინა – შედარებით ღრმა ნაწილი მრგვალი იოგის ნაპრალი – fissura ligamenti teretis, იწყება ღვიძლის ქვემო კიდეზე მრგვალი იოგის ნაჭდევიდან – incisura lig. teretis; მასში მოთავსებულია ღვიძლის მრგვალი იოგი – lig. teres hepatis. მარცხენა ღარის უკანა ნაწილი – ვენური იოგის ნაპრალი – fissura ligamenti venosi, ვრცელდება განივი ღარიდან უკან ღვიძლის მარცხენა ვენისაკენ. მარცხენა ღარი თავისი მდებარეობით ქვემო ზედაპირზე შეესაბამება ნამგლისებრი იოგის მიმაგრების ადგილს ღვიძლის ზემო ზედაპირზე, და ამგვარად წარმოადგენს საზღვარს ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა წილებს შორის. მარჯვენა ღარი წარმოადგენს გასწვრივ მდებარე ფოსოს და ეწოდება ნაღვლის ბუშტის ფოსო – fossa vesicae felleae. იგი ნაკლებ ღრმაა, ვიდრე მრგვალი იოგის ღარი, მაგრამ უფრო ფართოა და წარმოადგენს მასში მოთავსებული ნაღვლის ბუშტის – vesica fellea ანაბეჭდს. ნაღვლის ბუშტი მსხვლისებრი ფორმის პარკია; იგი ზემო ზედაპირით შეზრდილია ღვიძლის ნაღვლის ბუშტის ფოსოსთან შემაერთებელი ქსოვილით.
ნაღვლის ბუშტის ძირი – fundus vesicae fellae ღვიძლის ქვემო კიდიდან ორი სმ-ით არის გამოწეული და პროექციულად დევს VIII – IX ნეკნების ხრტილების შეერთების ქვემოთ; ბუშტს აქვს სხეული – corpus vesicas fellae, რომელიც გადადის ბუშტის ყელში – collum vesicae fellae; ყელის გრძელდება ბუშტის სადინარში – ductus cysticus, რომლის სიგრძე 3 – 4 სმ-ია; იგი უერთდება ღვიძლის სადინარს – ductus hepaticus და მასთან ერთად ქმნის ნაღვლის საერთო სადინარს – ductus chodedochus. ნაღვლის ბუშტის ფოსო მიიმართება განივ ღარამდე, საიდანაც იგი გრძელდება ღრუ ვენის ღარში – sulcus venae cavae.
განივი ღარი წარმოადგენს ღვიძლის კარს – porta hepatis, სადაც მდებარეობს: 1. ღვიძლის საკუთარი არტერია – arteria hepatica propria, 2. ღვიძლის სადინარი – ductus hepaticus და 3. კარის ვენა – vena portae.
ზემოთ აღწერილი სამი ღარი ღვიძლის ქვემო ზედაპირს ყოფენ ოთხ წილად. მარჯვენა წილის ვისცერული ზედაპირზე მდებარეობს კოლინჯის ჩანაჭდევი – impressio colica; უკან, მარჯვნივ – თირკმლის ჩანაჭდევი – impressio renalis, მარცხნივ – თორმეტგოჯა ნაწლავის ჩანაჭდევი – impressio duodenalis. კიდევ უფრო უკან, თირკმლის ჩანაჭდევის მარცხნივ, მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის ჩანაჭდევი – impressio suprarenalis.
ღვიძლის კვადრატული წილი – lobus quadratus hepatis, მარჯვნიდან შემოსაზღვრულია ნაღვლის ბუშტის ფოსოთი, მარცხნიდან – მრგვალი იოგის ნაპრალით, წინიდან – ქვემო კიდით, უკნიდან – ღვიძლის კარით. კვადრატული წილის შუაში მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავის ჩანაჭდევი – impressio duodenalis. ღვიძლის კუდიანი წილი – lobus caudatus hepatis, მდებარეობს ღვიძლის კარის უკან, წინიდან მოსაზღვრულია ღვიძლის კარის განივი ღარით, მარჯვნიდან – ღრუ ვენის ღარით – sulcus venae cavae, მარცხნიდან – ვენური იოგის ნაპრალით – fissura ligamenti venosi, და უკან – ღვიძლის უკანა ზედაპირით. კუდიანი წილის წინა ნაწილზე, მარცხნივ მდებარეობს დვრილისებრი მორჩი – processus papillaris. მარჯვნივ კუდიანი წილი წარმოქმნის კუდიან მორჩს – processus caudatus, რომელიც მიიმართება მარჯვნივ, წარმოქმნის ხიდს ნაღვლის ბუშტის ფოსოს უკანა ბოლოსა და ქვემო ღრუს ვენის ღარის წინა ბოლოს შორის და გადადის ღვიძლის მარჯვენა წილში.
ღვიძლის მარცხენა წილის – lobus hepatis sinister, ქვემო ზედაპირზე მდებარეობს ბადექონისეული ბორცვი – tuber omentale, რომელიც მცირე ბადექონისაკენაა – omentum minus მიმართული. მარცხენა წილის უკანა კიდეზე, ვენური იოგის ნაპრალთან ახლოს მდებარეობს საყლაპავის მილის ჩანაჭდევი – impressio esophagea. ამ წარმონაქმნების მარცხნივ, მარცხენა წილის ქვემო ზედაპირზე მდებარეობს კუჭის ჩანაჭდევი – impressio gastrica.
შუასაძგიდის ზედაპირის უკანა ნაწილი – pars posterior faciei diaphragmaticae, წარმოადგენს საკმაოდ ფართო, მომრგვალებულ, ღვიძლის უკანა ნაწილს, რომელიც დაფარული არ არის სეროზული გარსით და მას შიშველი არე – area nuda ეწოდება. უკანა ნაწილი წარმოქმნის ჩაზნექილობას, რომელიც შეესაბამება ხერხემლის მდებარეობას. მისი ცენტრლური ნაწილი ფართოა, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ ვიწროვდება. მასზე მდებარეობს ღრუ ვენის ღარი – sulcus venae cavae. ამ ღარის ზემო ბოლოსთან ახლოს ღვიძლის ნივთიერებაში ჩანს ღვიძლის ვენები – venae hepaticae, რომლებიც შედიან ქვემო ღრუ ვენაში. ღრუ ვენის ღარის კიდეები ერთმანეთთან შეერთებულნი არიან ქვემო ღრუ ვენის შემაერთებელქსოვილოვანი იოგით.
ღვიძლი თითქმის მთლიანად დაფარულია სეროზული გარსით და ამგვარად ითვლება მეზოპერიტონეულად მდებარე ორგანოდ. სეროზული გარსი (პერიტონეუმი) ფარავს ღვიძლის შუასაძგიდის, ვისცერულ ზედაპირებსა და ქვემო კიდეს. თუმცა რჩება ადგილები, რომლებიც დაფარულნი არ არიან სეროზული გარსით. ასეთია შუასაძგიდის ზედაპირის უკანა ნაწილი, სადაც ღვიძლი ესაზღვრება მუცლის უკანა კედელს და მას რომბის ფორმა აქვს. ასევე, ადგილი სადაც მოთავსებულია ნაღვლის ბუშტი.
ღვიძლი ნამგლისებრი იოგით – lig. faici-forme hepatis ჩამოკიდებულია შუასაძგიდზე. წინ ნამგლისებრი იოგი გრძელდება მუცლის წინა კედელზე საგიტალური ძგიდის სახით, თანდათანობით ვიწროვდება და აღწევს ჭიპს. მის თავისუფალ კიდეში მდებარეობს ღვიძლის მრგვალი იოგი – lig. teres hepatis. უკან ნამგლისებრი იოგის ფურცლები მიიმართებიან ღვიძლის გვირგვინოვანი იოგისაკენ – lig. coronarium hepatis. ეს იოგი თავისი ორი ფურცლით აფიქსირებს ღვიძლის უკანა ზედაპირს მუცლის უკანა კედელთან. ნამგლისებრი იოგი უახლოვდება გვირგვინოვან იოგს, გადადის მასში, ისე, რომ მისი დუბლიკატურის მარცხენა ფურცელი გადადის მარცხენა წილის იოგის ნაწილში, ხოლო მარჯვენა – მარჯვენა წილის იოგის ნაწილში. გვირგვინოვანი იოგი უკან უშუალოდ გადადის უკანა პარიეტულ ფურცლებში. მრჯვენა და მარცხენა ბოლოებთან გვირგვინოვანი იოგი წარმოქმნის სამკუთხა ფორმის დუბლიკატურას, რომელიც მიიმართება ღვიძლის ბოლოებიდან მარჯვნივ და მარცხნივ და აფიქსირებს მას შუასაძგიდთან – მარჯვენა და მარცხენა სამკუთხა იოგები – lig. triangulare dextrum et lig. triangulare sinistrum. ღვიძლის ქვემო ზედაპირის ვისცერული პერიტონეუმიდან გამომავალი იოგები აკავშირებენ: კუჭის მცირე სიმრუდესთან – ღვიძლ -კუჭის იოგი – lig. hepalogastricum, და თორმეტგოჯა ნაწლავთან – ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგი – lig. hepatoduodenale.
ღვიძლის ზედაპირს ფარავს სეროზული გარსი – tunica serosa, მის ქვეშ მდებარე სუბსეროზული ქსოვილი – tela subserosa, შემდეგ კი ბოჭკოვანი გარსი – tunica fibrosa. გარსის შემაერთებელი ქსოვილი სისხლძარღვებთან ერთად, ღვიძლის კარის გავლით შედის პარენქიმაში ე. წ. პერივასკულური ფიბროზული კაფსულის – capsula fibrosa perivascularis სახით; იგი მიიმართება კარის ვენის წილაკთაშუა ტოტებთან ერთად, როგორც წილაკთაშუა შემაერთებელი ქსოვილი, ფარავს ღვიძლის თითოეულ წილს ცალკ-ცალკე და აკავშირებს მათ ერთმანეთთან.
ღვიძლში არჩევენ შემდეგ სეგმენტებს: ღვიძლის მარჯვენა წილში, lobus hepatis dexter, – პარამედიალური სექტორის წინა და უკანა სეგმენტები და ლატერალური სექტორის წინა და უკანა სეგმენტები; მარცხენა წილში, lobus hepatis sinister, – პარამედიალური სექტორის წინა და უკანა სეგმენტები, ლატერალური სექტორის სეგმენტი და დორსალური სექტორის სეგმენტი.
ღვიძლის შედგება 1 – 2 დიამეტრის მქონე ღვიძლის წილაკებისაგან – lobuli hepatici. წილაკების ირგვლივ განლაგებულია წილაკთაშუა ვენები – venae interlobulares, და წილაკთაშუა არტერიები – arteriae interlobulares. წილაკთაშუა ვენიდან წილაკში შედიან წილაკშიგა კაპილარები, რომლებიც უერთდებიან წილაკთაშუა არტერიებიდან გამომავალ კაპილარებს და ერთვიან ცენტრალურ ვენას. ცენტრალური ვენები ერთვიან შემკრებ ვენებს, ხოლო ეს უკანასკნელნი – ღვიძლის ვენებს – venae hepaticae. ღვიძლის სამი ვენა ერთვის ქვემო ღრუ ვენას – vena cava inferior.
წილაკთა უჯრედებს შორის მდებარეობს ნაღვლის მილაკები – ductuli biliferi; წილაკებს გარეთ ისინი იკრიბებიან წილაკთაშუა მილაკებში – ductuli interlobulares. წილაკთაშუა მილაკები ერთდებიან და წარმოქმნიან ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარს – ductus hepaticus dexter è ductus hepaticus sinister, და კუდიანი წილის მარჯვენა და მარცხენა სადინარს – ductus lobi caudati, რომლებიც ღვიძლის კარიდან გამოსვლის შემდეგ ღვიძლის გარეთ ერთდებიან ერთ ღვიძლის საერთო სადინარში – ductus hepaticus communis. ღვიძლის საერთო სადინარი უერთდება ბუშტის სადინარს – ductus cysticus, და წარმოქმნის ნაღვლის საერთო სადინარს – ductus choledochus, რომელიც იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილში.
ღვიძლიდან ლიმფა გამოდის ზედაპირული და ღრმა ლიმფური ძარღვებით. ზედაპირული ლიმფური ძარღვები გადიან შუასაძგიდში და უერთდებიან შუასაძგიდის ლიმფურ კვანძებს; ღრმა ლიმფური ძარღვები კი უერთდებოან ღვიძლის კარის ლიმფურ კვანძებს.
ღვიძლის ინერვაცია ხორციელდება ცთომილი და სიმპათიკური ნერვებით.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.