ქვემო კიდურის სარტყლის (მენჯის) კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის სარტყლის (მენჯის) კუნთები  Mm. cinguli membri inferioris;  Muscles of pelvic girdle

ქვემო კიდურის სარტყლის (მენჯის) კუნთები იყოფა შიგნითა და გარეთა ჯგუფის კუნთებად.
მენჯის კუნთები

მენჯის შიგნითა ჯგუფის კუნთები

1. სუკის დიდი კუნთი – m. psoas major –  გრძელი თითისტარისებრი ფორმის კუნთია; იწყება 5 კბილით გულმკერდის XII და წელის ზემო ოთხი მალის გვერდითი ზედაპირებიდან და მალთაშუა ხრტილებიდან. შედარებით ღრმა კონები დასაბამს ღებულობენ წელის ყველა მალის განივი მორჩებიდან. კუნთი მიემართება ქვემოთ და გარეთ, უერთდება თეძოს კუნთის – m. iliacus კონებს და ქმნის საერთო თეძო – სუკის კუნთს – m. iliopsoas.

2. სუკის მცირე კუნთი – m. psoas minor –  თხელი, თითისტარისებრი ფორმის კუნთია და მოთავსებულია სუკის დიდი კუნთის – m. psoas major წინა ზედაპირზე. სუკის მცირე კუნთი იწყება გულმკერდის XII და წელის I მალის გვერდითი ზედაპირებიდან, მიემართება ქვემოთ, თავისი მყესებით გადადის თეძოს ფასციაში – fascia iliaca და მასთან ერთად უმაგრდება ბოქვენის ძვლის ქედს – pecten ossis pubis და თეძო – ბოქვენის მაღლობს – eminentia iliopectinea.
ფუნქცია: ჭიმავს თეძოს ფასციას – fascia iliaca.
ინერვაცია: rr. musculares plexus lumbalis (L1-L2).
სისხლმომარაგება: àà. lumbales.

3. თეძოს კუნთი – m. iliacus – იწყება თეძოს ფოსოს – fossa iliaca კედლებიდან და მთლიანად ავსებს მას. კუნთი თავისი ფორმით ჰგავს სამკუთხედს, რომლის წვერი ქვემოთაა მიმართული. კუნთის შემადგენელი კონები მარაოსებურად იკრიბებიან სასაზღვრო ხაზთან – Linea terminalis,  უერთდებიან სუკის დიდი კუნთის – m. psoas major კონებს და ქმნიან თეძო – სუკის კუნთს – m. iliopsoas.

მენჯის კუნთები4. თეძო – სუკის კუნთი – m. iliopsoas იქმნება თეძოს კუნთისა – m. iliacus და სუკის დიდი კუნთის – m. psoas major დისტალური კუნთოვანი კონების შეერთებით. კუნთი მენჯის ღრუს ტოვებს კუნთოვანი შუალედით – lacuna musculorum, მიემართება ქვემოთ, გაივლის მენჯ-ბარძაყის სახსრის წინა ზედაპირზე და  მოკლე მყესებით უმაგრდება ბარძაყის მცირე ციბრუტს – trochanter minor femoris. სასახსრე ჩანთასა და კუნთის მყესს შორის მდებარეობს თეძო – ქედის აბგა – bursa iliopectinea, რომელიც ხშირად დაკავშირებულია მენჯ – ბარძაყის სასახსრე ღრუსთან.

ფუნქცია: ხრის ბარძაყს მენჯ – ბარძაყის სახსარში, აბრუნებს მას გარეთ; ბარძაყის გამაგრებისას ხრის ტორსს  წინ.

ინერვაცია: rr. musculares plexus lumbalis (L1-L2).

სისხლმომარაგება: àà. iliolumbalis, circumflexa ilium profunda.

5. შიგნითა დამხურავი კუნთი – m. obturatorius internus – თავისი განიერი ბოლოთი იწყება დამხურავი აპკიდან – Membrana obturatoria და მის მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილიდან. კუნთის კონებსა და ბოქვენის ძვლის დამხურავ ღარს – sulcus obturatorius შორის არსებული ნაპრალი გარდაიქმნება დამხურავ არხში – canalis obturatorius, რომელშიც გადიან სისხლძარღვები და ნერვები. შემდეგ კუნთოვანი კონები კონვერგირდებიან, მიემართებიან გარეთ, სტოვებენ მენჯის ღრუს მცირე საჯდომი ხვრელით – foramen ischiadicum minus და მოკლე, ძლიერი მყესებით უმაგრდებიან ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica. ტოპოგრაფიულად შიგნითა დამხურავი კუნთი იყოფა ორ ნაწილად: დიდ, მენჯის შიგნითა და შედარებით პატარა – მენჯის გარეთა ნაწილებად.
ფუნქცია: განზიდავს ბარძაყს, მონაწილეობს მის სუპინაციაში.
ინერვაცია: rr. musculares plexus sacralis [L4-L5; S1-S2 (S3)].
სისხლმომარაგება: aa.glutea inferior, obturatoria, pudenda interna.

6. მსხლისებრი კუნთი – m. piriformis –  აქვს ბრტყელი ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძე იწყება გავის წინა ზედაპირიდან. მისი კუნთოვანი კონები კონვერგირდებიან, მიემართებიან გარეთ, სტოვებენ მენჯის ღრუს დიდი საჯდომი ხვრელით – foramen ischiadicum majus, გადადიან მოკლე და ვიწრო მყესში და უმაგრდებიან დიდ ციბრუტს – trochanter major. კუნთის მიმაგრების ადგილზე მდებარეობს მსხლისებრი კუნთის აბგა – bursa musculi piriformis. დიდ საჯდომ ხვრელში გავლისას კუნთი მთლიანად ვერ ავსებს მას და ზემო და ქვემო კიდეებთან რჩება ნაპრალები, რომლებშიც გადიან ნერვები და სისხლძარღვები. მსხლისებრი კუნთის ზემო კიდესთან მდებარე ნაპრალს მსხლისებრი ზემო ხვრელი ეწოდება, ხოლო ქვემო კიდესთან მდებარეს – მსხლისებრი ქვემო ხვრელი.
ფუნქცია: ბარძაყის განზიდვა და სუპინაცია.
ინერვაცია: rr. musculares plexus sacralis [S1-S2 (S3)].
სისხლმომარაგება: aa. gluteae, superior et inferior.

მენჯის კუნთები
7. კუდუსუნის კუნთი – m.coccygeus –  წარმოადგენს თხელ ფირფიტას, რომელიც შეიცავს შედარებით მცირე რაოდენობის კუნთოვან კონებს. კუდუსუნის კუნთი იწყება საჯდომი წვეტიდან – spina ischiadica, მიყვება გავა – წვეტიანი იოგის შიგნითა მხარეს და უმაგრდება გავის ქვემო 2 და კუდუსუნის ზემო 2 – 3 მალის გარეთა ზედაპირებს.

ფუნქცია: ადამიანში ეს კუნთი რუდიმენტულია; შეკუმშვისას მონაწილეობს მენჯის კედლების გამაგრებაში.

ინერვაცია: rr. musculares nervi pudendi.
სისხლმომარაგება: rr. musculares a. pudendae intemae.

მენჯის გარეთა ჯგუფის კუნთები

1. დიდი დუნდულა კუნთი – m. gluteus maximus – რომბისებრი ფორმის, მსხვილბოჭკოვანი, ძლიერი, ბრტყელი კუნთია, სისქით 2 – 3 სმ; იწყება თეძოს ძვლის გარეთა ზედაპირის უკანა ნაწილიდან, გავისა და კუდუსუნის გვერდითი კიდიდან  და გავა – კუკუხოს იოგიდან – lig. sacrotuberale. კუნთოვანი კონები გადაჭიმულია ირიბად ქვემოთ და ლატერალურად და  თავისი ზემო კონებით უმაგრდება განიერ ფასციას – fascia lata, ქვემო კონებით – დუნდულოვან ხორკლს – tuberositas glutea. აქ დიდ ციბრუტსა და კუნთს შორის მდებარეობს დიდი დუნდულა კუნთის ციბრუტისეული აბგა – bursa trochanterica m.glutei maximi.
ფუნქცია: შლის ტორსს მოხრილი მდგომარეობიდან, შლის ბარძაყს, ჭიმავს ბარძაყის განიერ ფასციას.
ინერვაცია: n. gluteus inferior (plexus sacralis) (L5 S1-S2).
სისხლმომარაგება: aa. gluteae superior et inferior, circumflexa femoris medialis, profunda femoris (perforans I).

მენჯის კუნთები
2. შუა დუნდულა კუნთი – m. gluteus medius –  მდებარეობს დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ; არის სამკუთხა ფორმის, სქელი კუნთი და მასში არჩევენ ორ შრეს: ზედაპირულსა და ღრმას. კუნთი იწყება თეძოს ძვლის ფრთის გარეთა ნაწილიდან. კუნთის ბოჭკოები მარაოსებურად იკრიბება საერთო მყესში და უმაგრდება დიდ ციბრუტს – trochanter major; აქვე მდებარეობს შუა დუნდულა კუნთის ციბრუტისეული აბგა – Bb. trochanteric m. glutei medii.

ფუნქცია: განზიდავს ბარძაყს, წინა კონები აბრუნებს ბარძაყს შიგნით, უკანა კი – გარეთა მხარეზე; მონაწილეობს წინ მოხრილი ტორსის გაშლაში.

ინერვაცია: n. gluteus superior (plexus sacralis) (L1-L5, S1).

სისხლმომარაგება: aa. glutea superior et circumflexa femoris lateralis.

3. მცირე დუნდულა კუნთი – m. gluteus minimus – დაფარულია შუა დუნდულა კუნთით. იწყება თეძოს ძვლის ფრთის გარეთა ზედაპირიდან, წინა დუნდულოვან ხაზსა – linea glutea anterior და ქვემო დუნდულოვან ხაზს – linea glutea inferior შორის. შემდგომ კუნთის ბოჭკოები იკრიბება. გადადის მყესში და უმაგრდება დიდი ციბრუტის წინა კიდეს; აქვე მდებარეობს მცირე დუნდულა კუნთის ციბრუტისეული აბგა – bursa trochanterica m. glutei minimi.
ფუნქცია: განზიდავს ფეხს და მონაწილეობს მოხრილი ტორსის გაშლაში.
ინერვაცია: n. gluteus superior (plexus sacralis) (L1-L5 S1).
სისხლმომარაგება: aa. glutea superior, circumflexa femoris lateralis.

4. ბარძაყის კვადრატული კუნთი – m. quadratus femoris – იწყება საჯდომი ბირცვის (კუკუხო) – tuber ischiadicum ლატერალური ზედაპირიდან და უმაგრდება ციბრუტთაშუა ქედს – crista intertrochanterica.
ფუნქცია: აბრუნებს ბარძაყს გარეთ.
ინერვაცია: n. ischiadicus (plexus sacralis) (L4-L5, S1)

სისხლმომარაგება: aa. glutea inferior, circumflexa femoris medialis, obturatoria.

5. ზემო ტყუპი კუნთი – m. gemellus superior, – იწყება საჯდომი წვეტიდან – spina ischiadica და უმაგრდება ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica.
ფუნქცია: აბრუნებს ბარძაყს გარეთ.
ინერვაცია: plexus sacralis -ის ტოტები
სისხლმომარაგება: aa. glutea inferior, pudenda interna.

მენჯის კუნთები
6. ქვემო ტყუპი კუნთი – m. gemellus inferior – იწყება საჯდომი ბორცვიდან – tuber ischiadicum და უმაგრდება ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica.
ფუნქცია: აბრუნებს ბარძაყს გარეთ.

ინერვაცია და სისხლმომარაგება ისეთივეა, როგორც ზემო ტყუპ კუნთთან.

7. გარეთა დამხურავი კუნთი – m. obturatorius externus – სამკუთხა ფორმისაა; იწყება დამხურავი აპკიდან – membrana obturatoria და დახურული ხვრელის – foramen obturatum ძვლოვანი კიდიდან; შემდგომ მისი კუნთოვანი კონები გადადიან მყესში, რომელიც ესაზღვრება მენჯ – ბარძაყის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა ზედაპირს; კუნთი უმაგრდება ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica.
ფუნქცია: აბრუნებს ბარძაყს გარეთ.
ინერვაცია: n. obturatorius (plexus lumbalis)
სისხლმომარაგება: aa. obturatoria, circumflexa femoris lateralis.

8. ბარძაყის განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთი – m. tensor fasciae latae –  მდებარეობს მენჯის წინა – ლატერალურ ზედაპირზე და თავისი დისტალური ბოლოთი ჩაწნულია ბარძაყის განიერ ფასციაში. კუნთი იწყება თეძოს ქედის გარეთა ბაგეზე – labium externum cristae iliacae, თეძოს წინა ზემო წვეტთან ახლოს; კუნთოვანი კონები მიემართებიან ვერტიკალურად ქვემოთ და გადადიან განიერი ფასციის თეძო – წვივის ტრაქტში – tractus iliotibialis fasciae latae.
ფუნქცია: ჭიმავს ბარძაყის განიერ ფასციას, მონაწილეობს ბარძაყის მოხრაში.
ინერვაცია: n. gluteus superior (plexus sacralis) (L4-L5, S1).
სისხლმომარაგება: aa. glutea superior, circumflexa femoris lateralis.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.