ქვემო კიდურის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქვემო კიდურის ვენები

ლალი დათეშიძე

ქვემო კიდურის ვენებს ყოფენ ორ ჯგუფად: ზედაპირულ და ღრმა ვენებად. ზედაპირული ვენები ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ღრმა ვენებთან; შედარებით მსხვილ ვენებს აქვთ სარქველები. ტერფის მიდამოში კანქვეშა 

ვენები ვენები ქმნიან ბადეს, რომელსაც ყოფენ: ტერფძირის ვენურ ბადედ – rete venosum plantare და ტერფის დორსალურ ვენური ბადედ – rete venosum dorsale pedis. ტერფძირის ვენური ბადის წარმომქმნელ ვენებს შორის გამოყოფენ ტერფძირის ვენურ რკალს – Arcus venosus plantaris. იგი მოთავსებულია ღარში, რომელიც განაცალკევებს თითებს ტერფის დანარჩენი ნაწილისაგან, ღებულობს ვენებს თითების ტერფძირისმხრივი ზედაპირული ვენების ბადიდან და გზავნის წინა ტერფის ძვალთაშუა სივრცეებში თავებშორის ვენებს – Vv. intercapitales, რომლებიც გადიან ტერფის ზურგზე, უერთდებიან ფეხის თითების დორსალურ ვენებს – vv. digitales dorsales pedis.

ტერფძირის ვენური რკალი და ტერფძირის სხვა ზედაპირული ვენები ტერფის პერიფერიაზე ქმნიან ფართო ანასტომოზურ კავშირს ლატერალურ და მედიალურ განაპირა ვენებთან, რომლებიც შედიან ტერფის დორსალური ვენური ბადის შემადგენლობაში, უერთდებიან ტერფის ვენებს და შემდეგ კი – კანჭის ვენებს. ტერფძირის ზედაპირული ვენები ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ღრმა ვენებთან. ტერფის ზურგზე თითოეული თითის მიდამოში მდებარეობს კარგად განვითარებული ფრჩხილის საწოლის ვენური წნული. ვენები, რომლებსაც გამოაქვთ სისხლი ამ წნულიდან, მიყვებიან თითების დორსალური ზედაპირის კიდეებს და ეწოდებათ ფეხის თითების დორსალური ვენები – vv. digitales dorsales pedis. ისინი ქმნიან ანასტომოზურ კავშირებს ერთმანეთთან და თითების ტერფძირისმხრივი ზედაპირის ვენებთან, ღებულობენ თავებშორის ვენებს – Vv. intercapitales, რის შემდეგაც თითების მომიჯნავე ზედაპირების ვენები ერთდებიან და  წინა ტერფის ძვლების დისტალური ბოლოების დონეზე წარმოქმნიან  ტერფის დორსალურ ვენურ რკალს – arcus venosus dorsalis pedis, რომელიც  წარმოადგენს ტერფის დორსალური ვენური ბადის – rete venosum dorsale pedis ნაწილს. ტერფის ზურგის დანარჩენ ნაწილზე ამ ბადიდან გამოიყოფა წინა ტერფის დორსალური ვენები – vv. metatarseae dorsales pedis; მათ შორისაა შედარებით მსხვილი ვენები, რომლებიც მიემართებიან ტერფის ლატერალური და მედიალური მხარეებისაკენ: წინა ტერფის ლატერალური დორსალური ვენა და წინა ტერფის მედიალური დორსალური ვენა. აღნიშნული ვენებს სისხლი მოაქვთ ტერფის ზურგიდან, ასევე ტერფძირის ვენური ბადიდან და მიემართებიან პროქსიმალურად, უშუალოდ გადადიან ორ მსხვილ ვენაში: წინა ტერფის მედიალური დორსალური ვენა – დიდ საჩინო ვენაში – v. saphena magna, ხოლო წინა ტერფის ლატერალური დორსალური ვენა – მცირე საჩინო ვენაში – v. saphena parva.

ვენები

1. დიდი საჩინო ვენა – v. saphena magna, წარმოიქმნება ტერფის დორსალური ვენური ბადიდან – Rete venosum dorsale pedis და წარმოადგენს წინა ტერფის მედიალური დორსალური ვენის გაგრძელებას. მიემართება ზემოთ, მიყვება კანჭს მედიალური გოჯის წინა კიდეზე და შედის კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში. გზაზე იგი ღებულობს კანჭის ზედაპირულ ვენებს. აღწევს მუხლის სახსარს, შემოუვლის მედიალურ როკს უკნიდან და გადადის ბარძაყის წინა მედიალურ ზედაპირზე. დიდი საჩინო ვენა მიმართება პროქსიმალურად, საჩინო ვენის შესავლის – Hiatus saphenus მიდამოში ხვრეტს ბარძაყის განიერი ფასციის – Fascia lata ზედაპირულ ფურცელს და გადადის ბარძაყის ვენაში – v. femoralis. დიდ საჩინო ვენას აქვს რამდენიმე სარქველი. ბარძაყზე იგი ღებულობს ბარძაყის წინა ვენას, რომელსაც მოაქვს სისხლი ბარძაყის წინა ზედაპირიდან, და დამატებით საჩინო ვენას – v. saphena accessoria,  რომელიც იქმნება ბარძაყის მედიალური ზედაპირის კანის ვენებიდან.

2. მცირე საჩინო ვენა – v. saphena parva,  იწყება ტერფის კანქვეშა დორსალური ვენური ბადიდან და წარმოადგენს წინა ტერფის ლატერალური დორსალური ვენის გაგრძელებას. იგი უკანიდან შემოუვლის ლატერალურ გოჯს, მიემართება ზემოთ, გადადის კანჭის უკანა ზედაპირზე, სადაც თავდაპირველად მიემართება ქუსლის მყესის ლატერალური კიდის გასწვრივ, შემდეგ კანჭის უკანა ზედაპირის შუაში. თავის გზაზე მცირე საჩინო ვენა ღებულობეს კანჭის გვერდითი და უკანა ზედაპირების კანქვეშა ვენებს, ქმნის ანასტომოზურ კავშირებს ღრმა ვენებთან. კანჭის უკანა ზედაპირზე, მცირე საჩინო ვენა წვება კანჭის ფასციის – Fascia cruris ფურცლებს შორის, მიემართება კანჭის კანის მედიალური ნერვთან – n. cutaneus surae medialis ერთად, კანჭის ტყუპი კუნთის – m. gastrocnemius თავებს შორის. მცირე საჩინო ვენა აღწევს მუხლქვეშა ფოსოს – Fossa poplitea, წვება ფასციის ქვეშ, შედის ღრმად ფოსოში და იყოფა ორ ტოტად: ერთი ტოტი შედის მუხლქვეშა ვენაში – V. poplitea, მეორე – მიემართება ზემოთ და უერთდება ბარძაყის ღრმა ვენას – V. profunda femoris. მცირე საჩინო ვენას აქვს რამდენიმე სარქველი.

3. ბარძაყ-მუხლქვეშა ვენა იწყება იმ ვენებიდან, რომლებიც კრებენ სისხლს დუნდულა კუნთებიდან. გამოდის რა დიდი დუნდულა კუნთის ქვემო კიდიდან, იგი მიემართება ქვემოთ, ღებულობს ბარძაყის უკან ზედაპირის კანქვეშა ვენებს, აღწევს მუხლქვეშა ფოსოს, ხვრეტს ფასციას და შედის კანჭის მცირე კანქვეშა ვენაში. v. saphena magna და v. saphena parva თავიანთ გზაზე ქმნიან ფართო ანასოტმოზურ კავშირს ერთმანეთთან.

ვენები

ქვემო კიდურის ღრმა ვენები დასაბამს ღებულობენ ტერფის ძირზე თითების პლანტარული ვენებიდან – vv. digitales plantares, რომლებიც ერთდებიან, წარმოქმნიან წინა ტერფის პლანტარულ ვენებს – vv. metatarseae plantares;

330

მათგან გამომავალი გამგმირავი ტოტები გადიან ტერფის ზურგზე და ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ღრმა და ზედაპირულ ვენებთან. წინა ტერფის პლანტარული ვენები – vv. metatarseae plantares მიემართებიან პროქსიმალურად, შედიან ტერფძირის ვენურ რკალში – arcus venosus plantaris. ამ რკალიდან სისხლი გაედინება ტერფძირის ლატერალური ვენებით. ტერფძირის ლატერალური ვენები უერთდებიან ტერფძირის მედიალურ ვენებს და ქმნიან დიდი წვივის უკანა ვენებს – vv. tibiales posteriores. ტერფძირის ვენური რკალიდან სისხლი გაედინება ტერფძირის ღრმა ვენებით. ტერფის ღრმა ვენები იწყება წინა ტერფის დორსალური ვენებიდან – vv. metatarseae dorsales pedis, რომლებიც შედიან ტერფის დორსალურ ვენურ რკალში – arcus venosus dorsalis pedis, საიდანაც სისხლი გაედინება დიდი წვივის წინა ვენებში – vv. tibiales anteriores.
დიდი წვივის უკანა ვენები – vv. tibiales posteriores, წყვილი სისხლძარღვია; მიემართებიან პროქსიმალურად, ახლავთ თანამოსახელე არტერია და ღებულობენ რიგ ვენებს, რომლებიც გამოდიან კანჭის უკანა ზედაპირის ფასციებიდან, კუნთებიდან და ძვლებიდან, მათ შორის საკმაოდ მსხვილ მცირე წვივის ვენებს – vv. peroneae (fibulares). კანჭის ზემო მესამედში დიდი წვივის უკანა ვენები ერთდებიან დიდი წვივის წინა ვენებთან და წარმოქმნიან მუხლქვეშა ვენას – v. poplitea.

დიდი წვივის წინა ვენები – vv. tibiales anteriores, იქმნება წინა ტერფის დორსალური ვენების – vv. metatarseae dorsales pedis შერწყმის შედეგად. ვენები გადადიან კანჭზე, მიყვებიან ზემოთ თანამოსახელე არტერიებს, გადიან კანჭის ძვალთაშუა აპკში – Membrana interossea cruris და გადიან კანჭის უკანა ზედაპირზე; მონაწილეობენ მუხლქვეშა ვენის წარმოქმნაში. წინა ტერფის დორსალური ვენები – Vv. metatarseae dorsales pedis ქმნიან ანასტომოზს ტერფძირის ვენებთან გამგმირავი ტოტებით, ღებულობენ სისხლს არა მხოლოდ ამ ვენებიდან, არამედ უპირატესად წარმოიქმნებიან თითების ბოლოების წვრილი ვენური სისხლძარღვებისგან, რომლებიც ერთდებიან და იძლევიან წინა ტერფის დორსალურ ვენებს – vv. metatarseae dorsales pedis.

მუხლქვეშა ვენა – v. poplitea, შედის მუხლქვეშა ფოსოში, წვება მუხლქვეშა არტერიის ლატერალურად და უკან. მის ზემოთ და ლატერალურად მდებარეობს დიდი წვივის ნერვი – n. tibialis. მუხლქვეშა ვენა მიყვება არტერიას ზემოთ, გადაუვლის მუხლქვეშა ფოსოს და შედის მომზიდველ არხში – canalis adductorius, სადაც მას უკვე ბარძაყის ვენა – v. femoralis ეწოდება. მუხლქვეშა ვენა ღებულობს წვრილ ვენებს – vv. genus მუხლიდან,  ასევე ამ მიდამოს კუნთებიდან, ასევე მცირე საჩინო ვენას – v. saphena parva.

331

ბარძაყის ვენა – v. femoralis, ზოგჯერ წყვილია, ახლავს თანამოსახელე არტერიას მომზიდველ არხში – canalis adductorius, შემდეგ ბარძაყის სამკუთხედში – trigonum femorale,  გაივლის საზარდულის იოგის ქვეშ და შედის სისხლძარღვოვან შუალედში – lacuna vasorum, სადაც გადადის თეძოს გარეთა ვენაში – v. iliaca externa. ბარძაყის ვენა მომზიდველ არხში მდებარეობს ბარძაყის არტერიის უკან და ლატერალურად, ბარძაყის შუა მესამედში – მის უკან და სისხლძარღვოვან შუალედში – lacuna vasorum – არტერიის მედიალურად. თავის გზაზე ბარძაყის ვენა ღებულობს რიგ ვენებს, რომლებიც თან ახლავან თანამოსახელე არტერიებს.

ა) ბარძაყის არტერიის თანამგზავრი ვენები კრებენ სისხლს ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთების ვენური წნულებიდან, თან ახლავან ბარძაყის არტერიას და ქმნიან ანასოტომოზურ კავშირს ერთმანეთთან; ბარძაყის ზემო მესამედში ერთვიან ბარძაყის ვენას; ბ) ბარძაყის ღრმა ვენას – v. profunda femoris, აქვს რამდენიმე სარქველი. მას ერთვიან შემდეგი წყვილი ვენები: გამგმირავი ვენები – vv. perforantes,- მიემართებიან თანამოსახლე არტერიებთან ერთად; დიდი მომზიდველ კუნთის უკანა ზედაპირზე ქმნიან ანასტომოზს ერთმანეთთან, ასევე ქვემო დუნდულოვან ვენასთან – v. glutea inferior, ბარძაყის მედიალურ შემომხვევ ვენასთან – v. circumflexa femoris medialis, და მუხლის ვენასთან – v. poplitea; ბარძაყის შემომხვევი მედიალური და ლატერალური ვენები – vv. circumflexae femoris mediales et laterales. ეს უკანასკნელნი ქმნიან ანასოტომოზურ კავშირს ერთმანეთთან, ასევე გამგმირავ ვენებთან – vv. perforantes, ქვემო დუნდულოვან ვენებთან – vv. gluteae inferiores და დამხურავ ვენასთან – v. obturatoria. გარდა აღნიშნული ვენებისა, ბარძაყის ვენა – v. femoralis, ღებულობს რიგ კანქვეშა ვენებს.
თითქმის ყველა მათგანი მიდის ბარძაყის ვენასთან საჩინო ვენის შესავალის – hiatus saphenus მიდამოში.

332

1. ზედაპირული ეპიგასტრული ვენა – v. epigastrica superficialis, ახლავს თანამოსახელე არტერიას, კრებს სისხლს მუცლის წინა კედლის ქვემო ნაწილებიდან და უერთდება ბარძაყის ვენას – v. femoralis ან დიდ საჩინო ვენას – v. saphena magna. იგი ქმნის ანასოტმოზურ კავშირს გულმკერდ – ეპიგასტრულ ვენებთან – v. thoracoepigastrica, ზემო და ქვემო ეპიგასტრულ ვენებთან და პარაუმბილიკალური [ჭიპისახლო] ვენებთან – vv. paraumbilicales, ასევე მოპირდაპირე მხარის თანამოსახელე ვენებთან.

2. თეძოს  ზედაპირული შემომხვევი ვენა – v. circumflexa ilium superficialis, ახლავს თანამოსახელე არტერიას, მიემართება საზარდულის იოგის გასწვრივ და უერთდება ბარძაყის ვენას.

3. გულმკერდ – ეპიგასტრული ვენები – vv. thoracoepigastricae კრებენ სისხლს მუცლის კედლისა და გულმკერდის გვერდითი ზედაპირის კანქვეშა ვენებიდან; ზემო ბოლოებით გულმკერდის ლატერალური ვენით უერთდებიან იღლიის ვენას, ქვემო ბოლოებით – ზედაპირული ეპიგასტრული ვენით – ბარძაყის ვენას.

4. გარეთა სასირცხო ვენები – vv. pudendae externae ღებულობენ შემდეგ ტოტებს: ა) სათესლე პარკის წინა ვენები – vv. scrolales anteriores (ქალბში – სასირცხო ბაგეების წინა ვენები – vv. labiales anteriores) კრებენ სისხლს სათესლე პარკის კანიდან (დიდი სასირცხო ბაგეებიდან); ბ) სასქესო ასოს ზედაპირული დორსალური ვენა – v. dorsalis penis superficialis (ქალებში – კლიტორის (სავნებოს) ზედაპირული დორსლური ვენა – v. dorsalis clitoridis superficialis, ზოგჯერ ორმაგია; კრებს სისხლს სასქესო ასოს (სავნებოს) კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილიდან; გ) წვრილი ვენები, რომლებიც კრებენ სისხლს ბოქვენის მიდამოს შემაერთებელი ქსოვილიდან.

5. დიდი საჩინო ვენა – v. saphena magna, კანქვეშა ვენებიდან ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია; უერთდება ბარძაყის ვენას; მოაქვს სისხლი ქვემო კიდურების წინა მედიალური ზედაპირიდან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.