ქვედა ყბა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ქვედა ყბა (Mandibula; Lower jaw)

ქვედა ყბა – mandibula კენტი ძვალია და ქმნის სახის ქალას ქვედა ნაწილს. ქვედა ყბაში არჩევენ: სხეულს – corpus mandibula და ორ მორჩს, ე. წ. ტოტებს – rami mandibulae, რომლებიც მიემართებიან სხეულის უკანა ბოლოდან ზემოთ. სხეული – corpus, თავის მხრივ შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც სიცოცხლის პირველ წელს ხორცდება და იქცევა ერთ მთლიან ძვლად.

ქვედა ყბა

ქვედაყბის სხეულზე არჩევენ: ქვედა კიდეს – ქვედა ყბის ფუძეს – basis mandibulae, და ზედა კიდეს, ანუ ალვეოლური (კბილბუდეთა) ნაწილს – pars alveolaris. სხეულის გარეთა ზედაპირზე მდებარეობს ნიკაპის შემაღლება – Protuberantia mentalis; შემაღლების ზევით და უკან მოთავსებულია  ნიკაპის ხვრელი – foramen mentale (სისხლძარღვებისა და ნერვების გამოსვლის ადგილი). ეს ხვრელი შეესაბამება მეორე მცირე ძირითადი კბილის ფესვის მდებარეობას. ნიკაპის ხვრელს მისდევს ასწვრივ ტოტზე ამავალი ირიბი ხაზი – linea obliqua, რომელიც გადადის ქვედა ყბის ტოტის წინა კიდეში. ალვეოლური (კბილბუდეთა) ნაწილი – pars alveolaris, ზემოდან მოსაზღვრულია კბილბუდეთა რკალით – arcus alveolaris. ეს მიდამო შეიცავს 16 კბილბუდეს – alveoli dentales, გაყოფილს ერთიმეორესაგან კბილბუდეთა ძგიდეებით – septa interalveolaria, და ორფესვიანი კბილების კბილბუდეთა ღრუებში – ფესვთაშორისი ძგიდეებით – septa interradicularia. ქვედა ყბის სხეულის გარეთა ზედაპირის ზემო კიდეზე აღინიშნება კბილბუდეთა შემაღლებანი – juga alveolaria. სხეულის შიგნითა ზედაპირზე, შუა ხაზთან ახლოს, მდებარეობს ნიკაპის წვეტი – spina mentalis (ნიკაპ-ინისა და ნიკაპ – ენის კუნთების მიმაგრების ადგილი). მის ქვემო კიდესთან არის ორმუცელა ფოსო – fossa digastrics (ორმუცელა კუნთის მისამაგრებლად), ზევით კი, ქვედაყბის ტოტისაკენ, ირიბი მიმართულებით მიდის ქვედაყბა-ინის ხაზი – linea mylohyoidea (აქ იწყება ყბა-ინის კუნთი და ხახის ზემო მომჭერი კუნთის ნაწილი). ამ ხაზის ზევით, მის წინა ნაწილში მდებარეობს ენისქვეშა ღრმული – fovea sublingualis (ენისქვეშა ჯირკვლის მოსათავსებლად), ხოლო ამ ხაზის უკანა ნაწილის ქვემოთ მდებარეობს ხშირად სუსტად გამოხატული ქვედაყბისქვეშა ღრმული – fovea submandibularis (ქვედაყბისქვეშა ჯირკვლისათვის). აღნიშნული ხაზის ამავე უკანა ნაწილის ქვემოთ გადის ქვედაყბა-ინის ღარი – suclus mylohyoideus (ქვედაყბა-ინის სისხლძარღვებისა და ნერვისათვის).

ქვედა ყბა

ქვედაყბის ტოტი – ramus mandibulae, წარმოადგენს ძვლოვან ფირფიტას, რომელიც მიემართება ქვედა ყბის სხეულის ბოლოდან ზემოთ და ირიბად უკან, წარმოქმნის სხეულის უკანა კიდესთან ქვედაყბის კუთხეს – angulus mandibulae. ტოტის გარეთა ზედაპირზე, კუთხის მიდამოში, მდებარეობს ხორკლიანი ზედაპირი, საღეჭი ხორკლი – Tuberositas masseterica, რომელიც წარმოადგენს თანამოსახელე კუნთის მიმაგრების ადგილს. შიგნითა მხარეზე, აღნიშნული ხორკლის შესაბამისად, მდებარეობს ფრთისებრი ხორკლი – tuberositas pterygoidea, – ფრთისებრი მედიალური კუნთის მიმაგრების ადგილი. ტოტის შიგნითა ზედაპირის შუაში მდებარეობს ქვედაყბის ხვრელი – foramen mandibulae, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია ძვლოვანი მორჩით – ქვედაყბის ნაქით – lingula mandibulae. ეს ხვრელი გადადის ქვედაყბის არხში – canalis mandibulae, რომელიც მოთავსებულია ძვლის სისქეში და ბოლოს იხსნება ქვედაყბის სხეულის გარეთა ზედაპირზე ნიკაპის ხვრელით – foramen mentale. ქვედა ყბის ტოტის ზემო ბოლოზე არის ორი მორჩი, რომლებიც ერთმანეთისაგან გაყოფილია ქვედაყბის ნაჭდევით – incisura mandibulae. წინა, გვირგვინისებრი მორჩი – processus coronoideus ხშირად ხორკლიანია, მას ემაგრება საფეთქლის კუნთი; უკანა, როკისებრი მორჩი – processus condylaris ენაწევრება საფეთქლის ძვალს ხრტილით დაფარული ქვედაყბის თავით – caput mandibulae. თავი გადადის ქვედა ყბის ყელში – collm mandibulae, რომლის შიგნითა ზედაპირზე არის ფრთისებრი ღრმული – Fovea pterygoidea, (ფრთისებრი ლატერალური კუნთის მიმაგრების ადგილი)


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.