ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალის გარეთა სასქესო ორგანოები Partes genitales externae; External male genital organs
დიდი სასირცხო ბაგეები – labium majus pudendi ერთმანეთში გარდამავალი კანის ორი მორგვია, რომლებიც უკან, ყითას წინ ერთდებიან, წინ კი ბოქვენის სიმფიზთან ქმნიან ბოქვენის მაღლობს – mons pubis. ბაგეების შეერთების ადგილს შესართავები – commissurae ეწოდება. შესართავის წინ მდებარეობს განივი ნაოჭი – სასირცხო ბაგის ლაგამი – frenulum labiorum pudendi, რომელიც შემოსაზღვრავს საშოს კარიბჭის ფოსოს – fossa vestibuli vaginae. დიდი სასირცხო ბაგეების შიგნით მდებარეობს მცირე სასირცხო ბაგეები – labia minora pudendi.
რომლებიც საშოს ხვრელის წინა ბოლოსთან იყოფა ორ ნაოჭად. ნაოჭთა ერთი წყვილი უმაგრდება კლიტორს ქვემოდან და ქმნის კლიტორის ლაგამს – frenulum clitoridis; მეორე წყვილი კი კლიტორს ფარავს ზემოდან და მას კლიტორის ჩუჩას – preputium clitoridis ეწოდება. კლიტორის – clitoris სიგრძე 3 – 4 სმ-ია; შედგება ბოქვენის ძვლის დასწვრივ ტოტებთან დამაგრებული ორი მღვიმოვანი სხეულისაგან – corpora cavernosa clitoridis. კლიტორში გაგანიერებულ წინა ბოლოს – კლიტორის თავი – glans clitoridis ეწოდება; მის ქვემოთ მდებარეობს შარდსადენის გარეთა ხვრელი. მცირე სასირცხო ბაგეებს შორის მოქცეულ სასქესო ნაპრალის ნაწილს საშოს კარიბჭე – vestibulum vaginae ეწოდება. მცირე სასირცხო ბაგეების ქვეშ მდებარეობს ბოლქვ-მღვიმოვანი კუნთის ბოჭკოები. ამ კუნთის ქვეშ კი ვენური სისხლძარღვების წნულია, რომელსაც კარიბჭის ბოლქვს – bulbus vestibuli უწოდებენ. ბოლქვის უკან, ლორწოვანი ქვეშ მდებარეობს კარიბჭის ჯირკვლები – glandula vestibularis major, რომლებიც გრძელი სადინრით იხსნება ნავისებრ ფოსოში.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.