ფილტვი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ფილტვი Pulmo Lung

ფილტვები – pulmo, გულმკერდის ღრუში მოთავსებული წყვილი ორგანოა; ფილტვები თითქმის მთლიანად ავსებენ გულმკერდის ღრუს; დარჩენილ თავისუფალ სივრცეს, რომელიც წინიდან მკერდითაა მოსაზღვრული, უკნიდან – ხერხემლის სვეტით, ქვემოდან – შუასაძგიდის მყესოვანი ნაწილით, ზემოდან კი მიმართულია apertura thoracis superior-კენ, შუასაყარი – mediastinum ეწოდება.

ფილტვი

შუასაყარი სასულესა და ფილტვის ფესვზე გამავალი პირობითი ფრონტალური სიბრტყით იყოფა წინა და უკანა შუასაყარად – mediastinum anterius et posterius. წინა შუასაყარში მდებარეობს: მკერდუკანა ჯირკვალი (თიმუსი), გული, გულის მსხვილი სისხლძარღვები და შუასაძგიდის ნერვები და სისხლძარღვები. უკანა შუასაყარში მდებარეობს: სასულე, საყლაპავი, აორტა, კენტი და ნახევრად კენტი ვენები, ცთომილი ნერვი, სიმპათიკური წველი, ასევე გულმკერდის ლიმფური სადინარი.

თითოეულ ფილტვს აქვს შუაზე გაჭრილი კონუსის ფორმა; მასზე არჩევენ: ფილტვის მწვერვალს – apex pulmonis, რომელიც მიმართულია ზემოთ ლავიწზედა ფოსოში,  და ფილტვის ფუძეს – basis pulmonis, რომელიც ეყრდნობა შუასაძგიდს. მარჯვენა ფილტვი მარცხენაზე უფრო ფართო და მოკლეა. მარცხენა ფილტვის წინა კიდის ქვემო ნაწილში აღინიშნება მარცხენა ფილტვის გულის ნაჭდევი – incisura cardiaca pulmonis sinistri; მისი ქვემო ბოლო მკვეთრადაა ვიწროებული და ეწოდება ფილტვის ენა – lingula pulmonalis sinistri.

ფილტვი

თითოეული ფილტვი შედგება წილებისაგან: მარჯვენა ფილტვი – სამი, მარცხენა კი – ორი წილისაგან. შესაბამისად, მარცხენა ფილტვს აქვს ერთ ირიბი ნაპრალი – fissura obliqua, რომელიც ფილტვს ყოფს ზემო და ქვემო წილებად – lobus superior et lobus inferior. მარჯვენა ფილტვზე გარდა მთავარი ირიბი ნაპრალისა, არის კიდევ ჰორიზონტალური ნაპრალი (მარჯვენა ფილტვისა) – fissura horizontals (pulmonis dextri). ეს ნაპრალები მარჯვენა ფილტვს ყოფენ სამ წილად: ზემო, შუა და ქვემო წილებად – lobus superior, lobus medius et lobus inferior. ფილტვზე არჩევენ შემდეგ ოთხ ზედაპირს: სანეკნე ზედაპირი – facies costalis, შუასაძგიდის ზედაპირი – facies diaphragmatica, წილთაშორისი ზედაპირი – facies interlobares, მედიალური ზედაპირი – facies medialis, რომელზედაც განარჩევენ ხერხემლის ნაწილს – pars vertebralis, შუასაყარის ნაწილს – pars mediastinalis, და გულის ჩანაჭდევს – impressio cardiaca. ფილტვის სანეკნე ზედაპირი გამოდრეკილია; ხშირად მასზე  აღინიშნება ნეკნების ანაბეჭდი.

ფილტვი

ფილტვის მედიალურ ზედაპირზე, მის შუა ნაწილში მოთავსებულია ფილტვის კარი – hilus pulmonum, – ადგილი, საიდანაც ფილტვში შედის ფილტვისა და ბრონქიალური არტერიები, ბრონქი, ნერვები და საიდანაც გამოდის ფილტვისა და ბრონქიალური ვენები და ლიმფური ძარღვები. მარჯვენა ფილტვის კარში წინ და ზემოთ მდებარეობს ბრონქი, უკან და ქვემოთ – ვენები, შუაში – არტერია. მარცხენა ფილტვის კარში ყველაზე მაღლა ძევს არტერია, უკან და ქვემოთ ვენებია მოთავსებული, შუაში – ბრონქი. ყველა ეს წარმონაქმნი (სისხლძარღვები, ლიმფური კვანძები, ნერვები და ბრონქები) შეხვეულია შემაერთებელ ქსოვილში და  ქმნიან ფილტვის ფესვს – radix pulmonis; ყოველ ფილტვში არჩევენ ორ კიდეს: ქვემო კიდე – margo inferior და ზემო კიდე – margo anterior. ნორმალურ მდგომარეობაში ფილტვის ქსოვილი ელასტიკური და განაკვეთზე წვრილფოროვანია. ფილტვის პარენქიმა შედგება ჰაერის შემცველი, დატოტვილი მილაკებისაგან (ბრონქები, მათი ტოტები, ბრონქიოლები, ალვეოლები) და დატოტვილი სისხლძარღვების (არტერიები და ვენები), ლიმფური ძარღვებისა და ნერვებისაგან. ყველა ეს წარმონაქმნი ერთმანეთთან დაკავშირებულია შემაერთებელი ქსოვილით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.