უკანა ტერფის ძვლები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. უკანა ტერფის ძვლები Ossa tarsi; Tarsal bones

უკანა ტერფის ძვლები – ossa tarsalia, ორ რიგად განლაგებული 7 ძვალია; პროქსიმალურ რიგს მიეკუთვნება კოჭი – talus და ქუსლის ძვალი –  calcaneus (os calcis); დისტალურ რიგის ძვლებია: ნავისებრი ძვალი – os naviculare, კუბური ძვალი – os cuboideum და სამი სოლისებრი ძვალი – ossa cuneiformia. უკანა ტერფის ძვლები ენაწევრებიან წვივის ძვლებს.

ტერფის ძვლები

კოჭი – talus აკავშირებს კანჭის ძვლებს ტერფთან; იგი შედგება სამი ნაწილისაგან: კოჭის სხეული – corpus tali, კოჭის ყელი – collum tali და კოჭის თავი – caput tali. კოჭის სხეულის ზედა ზედაპირზე მდებარეობს ჭაღის ფორმის სასახსრე ზედაპირი, ე. წ. კოჭის ჭაღი – trochlea tali, რომლითაც კოჭი კანჭის ძვლებს ენაწევრება. სხეულის გვერდით ზედაპირებს აქვთ ლატერალური და მედიალური გოჯისმხრივი ზედაპირები – facies malleolaris lateralis et facies malleolaris medialis. ლატერალური გოჯისმხრივი ზედაპირი ვრცელდება კოჭის ძვლის ლატერალური მორჩის – processus lateralis tali ზედა ზედაპირზე. კოჭის ძვლის სხეულის უკანა ზედაპირს ზევიდან ქვევით კვეთს ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთის მყესის ღარი – sulcus tendinis musculi flexoris hallucis longi. ღარი ძვლის უკანა კიდეს ყოფს ორ ბორცვად – დიდი, მედიალური ბორცვი – tuberculum mediale და შედარებით პატარა – ლატერალური ბორცვი – tuberculum laterale. ღარით გაყოფილი ორივე ბორცვი წარმოქმნიან კოჭის ძვლის უკანა მორჩს – processus posterior tali. კოჭის უკანა მორჩის ლატერალური ბორცვი – Tuberculum laterale processus posterioris tali ზოგჯერ წარმოადგენს ცალკე სამკუთხედ ძვალს – os trigonum. სხეულის ქვემო ზედაპირის უკანა ლატერალურ ნაწილზე არის ქუსლისეული უკანა სასახსრე ზედაპირი – facies articularis calcanea posterior. ამ ზედაპირის წინა მედიალური ნაწილები შემოსაზღვრულია კოჭის ღარით – sulcus tali. ამ ღარის წინ და გარეთ მდებარეობს ქუსლისეული შუა სასახსრე ზედაპირი – facies articularis calcanea media. მის წინ კი –  ქუსლისეული წინა სასახსრე ზედაპირი – facies articularis calcanea anterior. კოჭის ძვალი თავისი ქვემო ზედაპირის სასახსრე ზედაპირებით ენაწევრება ქუსლის ძვალს. კოჭის ძვლის თავს – caput tali წინა ნაწილში აქვს სფერული ფორმის ნავისებრი სასახსრე ზედაპირი – facies articularis navicularis ნავისებრ ძვალთან შესანაწევრებლად.

ტერფის ძვლები

ნავისებრი ძვალი – os naviculare, მდებარეობს ტერფის მედიალურ მხარეზე. უკანა ზედაპირზე ძვალს აქვს შედრეკილი სასახსრე ზედაპირი, რომლითაც იგი ენაწევრება კოჭის ძვლის სასახსრე ზედაპირს. ძვლის ზემო ზედაპირი გამოდრეკილია. წინა ზედაპირს აქვს სასახსრე სოლისებრი ზედაპირი, სოლისებრ ძვლებთან შესანაწევრებლად. ამასთან, შენაწევრების ადგილი მოსაზღვრულია პატარა ქედებით. ლატერალურ ზედაპირზე არსებული სასახსრე ზედაპირით იგი უკავშირდება კუბურ ძვალს. ნავისებრი ძვლის ქვემო ზედაპირი შედრეკილია; მის მედიალურ ნაწილში მდებარეობს ნავისებრი ძვლის ხორკლი – tuberositas ossis navicularis, რომელიც კარგად ისინჯება კანიდან.
კუბური ძვალი – os cuboideum, მდებარეობს ლატერალური სოლისებრი ძვლის გარეთ, ქუსლის ძვლის წინ და წინატერფის IV და V ძვლების ფუძეების უკან. ძვლის ზემო ზედაპირი ხორკლიანია; მედიალურად მდებარეობს სასახსრე ზედაპირები ლატერალურ სოლისებრ ძვალთან – os cuneiforme laterale და ნავისებრ ძვალთან – os naviculare შესანაწევრებლად. ლატერალურ კიდეზე მდებარეობს ქვემოთ მიმართული კუბური ძვლის ხორკლი – tuberositas ossis cuboidei. მის წინ იწყება მცირე წვივის გრძელი კუნთის მყესის ღარი – sulcus tendinis m.peronei longi, რომელიც გადადის ძვლის ქვემო ზედაპირზე და კვეთს მას ირიბად თანამოსახელე კუნთის მყესის მიმართულების შესაბამისად. ძვლის უკანა ზედაპირს აქვს უნაგირისებრი სასახსრე ზედაპირი ქუსლის ძვლის ასეთივე სასახსრე ზედაპირთან შესანაწევრებლად. კუბური ძვლის წინა ზედაპირს აქვს ქედით გაყოფილი სასახსრე ზედაპირი წინატერფის IV და V ძვლებთან – os metatarsale IV et os metatarsale V.  შესანაწევრებლად.

ტერფის ძვლები

სოლისებრი ძვლები – ossa cuneiformia მდებარეობენ ნავისებრი ძვლის წინ. შუამდებარე სოლისებრი ძვალი შედარებით მოკლეა, ამიტომ ამ ძვლების წინა, დისტალური ზედაპირები ერთ დონეზე არ მდებარეობენ. ძვლებს აქვთ სასახსრე ზედაპირები, რომლებითაც ენაწევრებიან წინატერფის შესაბამის ძვლებს. მედიალურ სოლისებრ ძვალს ფუძე მიმართული აქვს ქვემოთ, ხოლო შუა და ლატერალურ სოლისებრ ძვლებს – ზევით. სოლისებრი ძვლების უკანა ზედაპირებს აქვთ სასახსრე ზედაპირები ნავისებრ ძვალთან შესანაწევრებლად. მედიალურ სოლისებრი ძვალს – os cuneiforme mediale ლატერალურ მხარეზე აქვს სასახსრე ზედაპირები შუამდებარე სოლისებრ ძვალთან – os cuneiforme intermedium და წინატერფის მეორე ძვალთან – os metatarsale II შესანაწევრებლად. შუამდებარე სოლისებრ ძვალს – os cuneiforme intermedium მედიალურ ზედაპირზე აქვს სასახსრე ზედაპირი მედიალურ სოლისებრ ძვალთან – os cuneiforme mediale შესანაწევრებლად, ხოლო ლატერალურ მხარეზე – სასახსრე ზედაპირი ლატერალურ სოლისებრ ძვალთან – os cuneiforme laterale შესანაწევრებლად. ლატერალური სოლისებრი ძვალი – os cuneiforme laterale თავისი სასახსრე ზედაპირებით მედიალური მხრიდან ენაწევრება შუამდებარე სოლისებრ ძვალს – os cuneiforme intermedium და წინატერფის მეორე ძვალს – os metatarsale II, ხოლო ლატერალური მხრიდან – კუბურ ძვალს – os cuboideum.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.