ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. უკანა ტერფის სახსრები Articulationes tarseae
უკანა ტერფის შემადგენელი ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან შემდეგი სახსრებით:
1. კოჭქვეშა სახსარი – articulatio subtalaris, – იქმნება ქუსლის ძვლის კოჭისეული უკანა სასახსრე ზედაპირით – Facies articularis talaris posterior, და კოჭის ძვლის ქუსლისეული უკანა სასახსრე ზედაპირით – Facies articularis calcanea posterior. სასახსრე ჩანთა – capsula articularis სუსტადაა დაჭიმული და ფიქსირებულია სასახსრე ხრტილების კიდეზე.
კოჭქვეშა სახსარს ამაგრებენ შემდეგი იოგები:
ა) კოჭ-ქუსლის ძვალთაშუა იოგი – lig. talocalcaneum interosseum, – მდებარეობს უკანა ტერფის წიაღში – Sinus tarsi და თავისი ბოლოებით ფიქსირებულია კოჭის ღარში – sulcus tali და ქუსლის ღარში – Sulcus calcanei;
ბ) კოჭ – ქუსლის ლატერალური იოგი – lig. talocalcaneum laterale, – გაჭიმულია კოჭის ძვლის ყელის ზედა ზედაპირსა და ქუსლის ძვლის ზემო ლატერალურ ზედაპირს შორის;
გ) კოჭ – ქუსლის მედიალური იოგი – lig. talocalcaneum mediale, – მიემართება კოჭის ძვლის უკანა მორჩიდან ქუსლის ძვლის მორჩისაკენ.
2. კოჭ – ქუსლ – ნავისებრი სახსარი – articulatio talocalcaneonavicularis, – იქმნება კოჭის თავის – Caput tali, ქუსლისა და ნავისებრი ძვლის შენაწევრებით. სახსარში კოჭის ძვალი ნავისებრი სასახსრე ზედაპირით – Facies articularis navicularis უკავშირდება ნავისებრი ძვლის პროქსიმალურ სასახსრე ზედაპირს, ქუსლის ძვლის კოჭისეული სასახსრე ზედაპირი კი უკავშირდება კოჭის ძვლის ქუსლისეულ სასახსრე ზედაპირს. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ემაგრება სასახსრე ხრტილების კიდეებს.
სახსარე გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
ა) კოჭ – ნავისებრი იოგი – lig. talonaviculare, – გაჭიმულია კოჭის ძვლის ყელსა და ნავისებრ ძვალს შორის;
ბ) ქუსლ – ნავისებრი პლანტარული იოგი – lig. calcaneonaviculare plantare, – მიემართება კოჭის საბჯენიდან – Sustentaculum tali ნავისებრი ძვლის ტერფძირის მხრივი ზედაპირისაკენ. ამ იოგის ზედა ნაწილი გადადის ნავისებრ ფიბროზულ ხრტილსი, რომელიც მონაწილეობს სასახსრე ღრმულის წარმოქმნაში.
კოჭ – ქუსლ – ნავისებრი სახსარი მიეკუთვნება სფერულ სახსრებს – articulatio spheroidea.
3. ქუსლ – კუბური სახსარი – articulatio calcaneocuboidea, – იქმნება კუბური ძვლის უკანა სასახსრე ზედაპირითა – facies articularis posterior ossis cuboidei და ქუსლის ძვლის კუბურის სასახსრე ზედაპირით – facies articularis cuboidea calcanei. ქუსლ – კუბური სახსრის სასახსრე ზედაპირებს უნაგირისებრი ფორმა აქვთ. სასახსრე ჩანთა – ñàðsula articularis, – მედიალურ ნაწილში ფიქსირებულია სასახსრე ხრტილის კიდეზე და დაჭიმულია, ხოლო ლატერალურ ნაწილში – ხრტილისაგან მცირედ დაცილებულია.
სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
ა) ტერფძირის გრძელი იოგი – lig.plantare longum, – საკმაოდ კარგად განვითარებული იოგია; იწყება ქუსლის ბორცვის – Tuber calcanei ქვემო ზედაპირზე, მიემართება წინ, გადაუვლის კუბური ძვლის ღარს – sulcus ossis cuboidei, და წარმოქმნის ძვალ – ფიბროზულ არხს; იოგი აღწევს წინა ტერფის II-V ძვლების ფუძეებს. ამ იოგის ღრმა კონები უფრო მოკლეებია და ემაგრებიან კუბური ძვლის ხორკლს – Tuberositas oss. cuboidei.
ბ) ქუსლ – კუბური პლანტარული იოგი – lig. calcaneocuboideum plantare, – მდებარეობს უფრო ღრმად, წინა იოგთა შედარებით. მისი კონები უშუალოდ ესაზღვრებიან სასახსრე ჩანთას და აკავშირებენ ქუსლისა და კუბური ძვლების ტერფძირისმხრივ ზედაპირებს.
ქუსლ – კუბური სახსარი თავისი ფორმით უახლოვდება უნაგირა სახსარს – articulatio sellaris, ფუნქციურად კი იგი ერთღერძიანი სახსარია.
4. უკანა ტერფის განივი სახსარი – articulatio tarsi transversa, – აერთიანებს ორ სახსარს: კოჭ – ქუსლ – ნავისებრ სახსარს – articulatio talocalcaneonavicularis, და ქუსლ – კუბურ სახსარს – articulatio calcaneocuboidea. სასახსრე ხაზს S-ებრი ფორმა აქვს. ანატომიურად ეს ორი სახსარი განცალკევებულია, მაგრამ აქვთ საერთო ორკაპი იოგი – lig. bifurcatum. ეს იოგი იწყება ქუსლი ძვლის დორსალურ ზედაპირზე, მის წინა კიდესთან და მაშინვე იყოფა ორ იოგად: ლატერალურად მდებარე – ქუსლ – კუბურ იოგად – lig. calcaneocuboideum, რომელიც მიმართულია კუბური ძვლის დორსლური ზედაპირისაკენ, და მედიალურად მდებარე – ქუსლ – ნავისებრ იოგად – lig. calcaneonaviculare, რომელიც მიემართება ნავისები ძვლისაკენ. ორკაპ იოგს – lig. bifurcatum უკანა ტერფის განივი სახსრის ,,გასაღებს” უწოდებენ, ვინაიდან ამ სახსრის ირგვლივ მდებარე ყველა იოგის გადაკვეთის შემდეგაც იგი იკავებს ძვლებს აღწერილი შენაწევრებით და მხოლოდ მისი გაკვეთის შემდეგ ახდენენ ტერფის ამპუტაციას ქირურგიული ოპერაციების დროს.
5. სოლისებრ – ნავისებრი სახსარი – articulatio cuneonavicularis, – რთული სახსარია და მის წარმოქმნაში მონაწილობენ ნავისებრი, კუბური და სამივე სოლისებრი ძვალი. წარმოქმნილი სახსრებია: სოლისებრ – ნავისებრი სახსარი – articulatio cuneonavicularis, – იქმნება ნავისებრი ძვლის წინა სასახსრე ზედაპირსა და მედიალური, შუამდებარე და ლატერალური სოლისებრი ძვლების უკანა სასახსრე ზედაპირებს შორის; ასევე კუბურ, ნავისებრ და სოლისებრ ძვლებს შორის არსებული სახსრები.
ნავისებრ და სოლისებრ ძვლებს შორის, ფრონტალურ სიბრტყეში, მდებარეობს სასახსრე ღრუ, საიდანაც წინისაკენ მიემართება სამი სასახსრე ნაპრალი კუბურ და ლატერალურ სოლისებრ ძვლებსა და თავად სოლისებრ ძვლებს შორის. ეს სახსრები ბრტყელი ფორმისაა და გამაგრებულია იოგებით. სასახსრე ჩანთა – capsula articularis, ემაგრება სასახსრე ხრტილის კიდეს. სასახსრე ღრუ მედიალურ შუამდებარე და ლატერალურ სოლისებრ ძვლებს შორის არსებული ნაპრალით უკავშირდება ტერფშორის სახსრებს – articulatio tarsometatarsea წინა ტერფის მეორე ძვლის მიდამოში.
სოლისებრ – ნავისებრი სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
ა) სოლისებრ – ნავისებრი დორსალური იოგები – ligg. cuneonavicularia dorsalia, მდებარეობს სახსრის დორსალურ ზედაპირზე ნავისებრ და სამ სოლისებრ ძვლებს შორის;
ბ) კუბურ – ნავისებრი დორსალური იოგი – lig. cuboideonaviculare dorsale, მდებარეობს წინა იოგის ლატერალურად და ერთმანეთთან აკავშირებს კუბური და სოლისებრი ძვლების დორსალურ ზედაპირებს.
გ) სოლისებრ ძვალთა დორსალური იოგები – ligg. intercuneiformia dorsalia – განლაგებულია სახსრის დორსალურ ზედაპირზე მედიალურ, შუამდებარე და ლატერალურ სოლისებრ ძვლებს შორის.
დ) კუბურ – ნავისებრი პლანტარული იოგი – lig. cuboideonaviculare plantare, – მდებარეობს სახსრის ტერფძირისმხრივ ზედაპირზე, კუბურსა და ნავისებრ ძვლებს შორის.
ე) სოლისებრ – კუბური პლანტარული იოგი – lig. cuneocuboideum plantare, ერთმანეთთან აკავშირებს ლატერალურ სოლისებრი ძვლისა და კუბური ძვლის ტერფძირისმხრივ ზედაპირებს.
ვ) სოლისებრ – ნავისებრი პლანტარული იოგები – ligg. cuneonavicularia plantaria, – მდებარეობენ ნავისებრი ძვლისა და სამივე სოლისებრი ძვლების ტერფძირისმხრივ ზედაპირებს შორის.
6. ტერფშორისი სახსრებით – articulationes tarsometatarseae, ერთმანეთს უკავშირდებიან უკანა ტერფისა და წინა ტერფის ძვლები. არჩევენ სამ ტერფშორის სახსარს:
ა) მედიალურ სოლისებრ ძვალსა და წინა ტერფის პირველ ძვალს შორის;
ბ) შუამდებარე და ლატერალურ სოლისებრ ძვლებსა და წინა ტერფის II-III ძვლებს შორის;
გ) კუბურ ძვალსა და წინა ტერფის IV-V ძვლებს შორის.
მედიალურ სოლისებრ ძვალსა და წინა ტერფის პირველ ძვალს შორის არსებული სახსარი წარმოქმნილია უნაგირისებრი ფორმის სასახსრე ზედაპირებით, დანარჩენი სახსრების სასახსრე ზედაპირები ბრტყელი ფორმისაა. ტერფშორისი სახსრების სასახსრე ნაპრალის ხაზი არათანაბარია, ვინაიდან წინა ტერფის მეორე ძვალი დანარჩენებზე გრძელია, ხოლო ლატერალური სოლისებრი ძვალი კი წინაა გამოწეული კუბური ძვლის წინა ნაწილთან შედარებით.
თითოეული ტერფშორისი სახსრის სასახსრე ჩანთა – capsula articularis დამაგრებულია სასახსრე ხრტილების კიდეზე და გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
ა) ტერფშორისი დორსალური იოგები – Ligg. tarsometatarsea dorsalia, – განლაგებულნი არიან სახსრების დორსალურ ზედაპირებზე;
ბ) ტერფშორისი პლანტარული იოგები – Ligg. tarsometatarsea plantaria, – განლაგებულნი არიან სახსრების ტერფძირისმხრივ ზედაპირზე.
გ) წინა ტერფის ძვალთაშუა იოგები – ligg. metatarsea interossea, – განლაგებულნი არიან წინა ტერფის ძვლების ფუძეებს შორის.
დ) სოლისებრ – წინა ტერფის ძვალთაშუა იოგები – ligg. cuneometatarsea interossea, – ერთმანეთთან აკავშირებენ სოლისებრ ძვლებსა და წინა ტერფის ძვლებს. მათგან მედიალური იოგი მედიალურ სოლისებრ ძვალს აკავშირებს წინა ტერფის მეორე ძვლის ფუძესთან და წარმოადგენს ტერფშორისი სახსრების ,,გასაღებს”. ეს სახსრები მიეკუთვნებიან მცირედ მოძრავ სახსრების ჯგუფს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება