სხივ – იდაყვის დისტალური სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სხივ – იდაყვის დისტალური სახსარი Articulatio radioulnaris distalis Distal [inferior] radioulnar joint (cubitoradial articulation)

სხივისა და იდაყვის ძვლის  დისტალური ბოლოები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან სხივ – იდაყვის დისტალურ სახსარს.
სხივ – იდაყვის დისტალურ, ანუ ქვემო სახსარში – articulatio radioulnaris distalis, იდაყვის ძვლის საბრუნებელი სასახსრე ზედაპირი – Circumferentia articularis ენაწევრება სხივის ძვლის იდაყვისეულ ნაჭდევს – Incisure ulnaris. იდაყვის თავის დისტალურად მდებარეობს სასახსრე დისკო – discus articularis. იგი წარმოადგენს სამკუთხა ფორმის ბოჭკოვან-ხრტილოვან ფირფიტას, რომელიც თავისი ფუძით ფიქსირებულია სხივის ძვლის იდაყვისეულ ნაჭდევთან, წვერით – იდაყვის ძვლის მედიალურ სადგისისებრ მორჩთან – Processus styloideus. დისკო ერთმანეთისაგან აცალკევებს სხივ – იდაყვის დისტალური სახსრის სასახსრე ღრუს სხივ – მაჯის სახსრის სასახსრე ღრუსაგან. სასახსრე ჩანთა – capsula articularis იდაყვისა და სხივის ძვლებს შორის წარმოქმნის პარკისებრ ჯიბეს – recessus sacciformis.
სხივ – იდაყვის დისტალური სახსარი მბრუნველი სახსარია. სხივ – იდაყვის პროქსიმალურ სახსართან ერთად იგი ქმნის კომბინირებულ სახსარს და უზრუნველყოფს სხივის ძვლის ბრუნვას იდაყვის ძვლის ირგვლივ.

სხივ-იდაყვის სახსარი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.