სხივის ძვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სხივის ძვალი Radius Radial [spoke] bone

სხივის ძვალი – radius, მიეკუთვნება ლულისებრ ძვლებს; სუპინაციის მდგომარეობაში სხივის ძვალი თავსდება გარეთა მხარეზე, ცერი გასწვრივ, ხოლო იდაყვის ძვალი შიგნითა მხარეზე, ცერის გასწვრივ. სხივის ძვალს აქვს სხეულს და ორი ბოლო: ზემო და ქვემო ბოლოები.

სხივის ძვალი

სხივის ძვლის სხეული – corpus radii, სამწახნაგიანი ფორმისაა, აქვს სამი ზედაპირი: წინა, უკანა და გარეთა, და სამი კიდე: წინა, უკანა და ძვალთაშუა (მედიალური). წინა კიდე – margo anterior, და უკანა კიდე – margo posterior მომრგვალებულია; შიგნითა ანუ მედიალური კიდე მახვილია, მიმართულია იდაყვის ძვლისაკენ და ეწოდება ძვალთაშუა კიდე – margo interosseus. სხივის ძვლის წინა ზედაპირი – facies anterior რამდენადმე ჩაზნექილია, მასზე აღინიშნება მასაზრდოებელი ხვრელი – foramen nutricium, რომელიც გრძელდება პროქსიმალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში – canalis nutricius. ძვლის უკანა ზედაპირი – facies posterior მიმართულია უკან, ხოლო ლატერალური ზედაპირი – facies lateralis – წინამხრის გარეთა მხრისაკენ. სხივის ზემო ბოლოზე ანუ პროქსიმალური ეპიფიზზე – extremitas superior, s. epiphysis proximalis ჩანს  კარგად გამოხატული სხივის ძვლის ხორკლი – tuberositas radii, მხრის ორთავა კუნთის მყესისათვის. ხორკლის ზემოთ მდებარეობს ძვლის შევიწროებული ნაწილი, ე. წ. სხივის ძვლის ყელი – collum radii; მის ზემოთ კი მდებარეობს ცილინდრული ფორმის სხივის ძვლის თავი – caput radii.

სხივის ძვალი

თავის გარშემო გამოხატულია მომრგვალო სასახსრე ზედაპირი, ე. წ.  სხივის საბრუნებელი სასახსრე ზედაპირი – circumferentia articularis radii, რომლითაც იგი იდაყვის ძვლის სხივის ნაჭდევს ენაწევრება. სხივის ძვლის ქვემო ბოლო, დისტალური ეპიფიზი – extremitas inferior s. epiphysis distalis, ლატერალურად გადადის სადგისისებრ მორჩში – processus styloideus, რომელიც კარგად ისინჯება კანიდან. სხივის ძვლის ქვემო ბოლოს შიგნითა ზედაპირზე არის იდაყვის ნაჭდევი – incisura ulnaris, რომელიც თავისი სასახსრე ზედაპირითუკავშირდება იდაყვის ძვლის თავს. სხივის ძვლის ქვემო ბოლოს წინა ზედაპირი სადაა, უკან აქვს მცირე ზომის ქედები. ქვემო ზედაპირს დართული აქვს მაჯის სასახსრე ზედაპირი – facies articularis carpea, რომლითაც სხივის ძვალი ენაწევრება მაჯის ნავისებრ და მთვარისებრ ძვლებს.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.