სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის

ატლას – კეფის სახსარი – arleculatio atlantooccipitalis წყვილია; წარმოქმნილია ატლასის ზემო სასახსრე ფოსოსა – fovea artkularis superior და კეფის როკების – Condylus occipitalis სასახსრე ზედაპირებისაგან. წარმოადგენს კომბინირებულ სახსარს და თავისი ფორმით მიეკუთვნება ელიფსური სახსრების – articulatio ellipsoidea ჯგუფს.

ატლას-კეფის სახსარი

ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სახსარში, რომლებსაც ცალკ-ცალკე აქვთ სასახსრე ჩანთები, მოძრაობა ხორციელდება ერთდროულად, ანუ ისინი წარმოქმნიან ერთ კომბინირებულ სახსარს და შესაძლებელია თავის წინ დახრა და უკან გადახრა, ასევე გვერდითი (შეზღუდულად) მოძრაობები. სახსარი გამაგრებულია ატლანტ – კეფის წინა და უკანა აპკებით:
1. ატლას – კეფის წინა აპკი – membrana atlantooccipitalis anterior გაჭიმულია ატლასის რკალის ზემო კიდესა და კეფის დიდი ხვრელის წინა კიდეს შორის;  შეზრდილია წინა გასწვრივ იოგის – lig. longitudinale anterius ზემო ბოლოსთან.
2. ატლას – კეფის უკანა აპკი – membrana atlantooccipitalis posterior გაჭიმულია კეფის დიდი ხვრელის უკანა კიდესა და ატლასის უკანა რკალის ზემო კიდეს შორის. წინა ნაწილში მას აქვს ხვრელი, რომელშიც გადიან ნერვები და სისხლძარღვები. ეს აპკი წარმოადგენს შეცვლილ ყვითელ იოგს.

ატლას-აქსისის სახსარი

ატლასისა და ღერძმალას (აქსისის) შენაწევრებისას იქმნება სამი სახსარი: ორი წყვილი და ერთი კენტი სახსარი:
1. ატლას – აქსისის გვერდითი სახსარი – articulatio atlantoaxialis lateralis, – წყვილი, კომბინირებული სახსარია; იქმნება აქსისის ზემო სასახსრე ზედაპირისა და ატლასის ქვემო სასახსრე ზედაპირებით; მიეკუთვნება ნაკლებმოძრავ სახსართა ჯგუფს, ვინაიდან მისი სასახსრე ზედაპირები ბრტყელი და თანაბარია. სახსარი უზრუნველყოფს ატლასის მოძრაობას სამივე ღერძის ირგვლივ.
2. ატლას – აქსისის შუა სახსარი – articulatio atlantoaxialis mediana, იქმნება ატლასის წინა რკალის (კბილის ფოსოს – fovea dentis) უკანა ზედაპირისა და აქსისის კბილის შორის. გარდა ამისა, კბილის უკანა სასახსრე ზედაპირი ქმნის სახსარს ატლასის განივ იოგთან. კბილის სახსრები მიეკუთვნება ცილინდრული სახსრების ჯგუფს; სახსარში შესაძლებელია თავის მობრუნება მარჯვნივ და მარცხნივ ატლასთან ერთად.

მფარავი აპკი

აღნიშნული ორი სახსრის იოგოვან აპარატს მიეკუთვნება:
1. მფარავი აპკი – membrana tectoria, – ფართო, ბოჭკოვანი ფირფიტაა, რომელიც გაჭიმულია კეფის დიდი ხვრელის წინა კიდიდან ღერძმალის (აქსისის) სხეულისაკენ. ეს აპკი ხერხემლის არხის მხრიდან ფარავს კბილს, ატლასის განივ იოგსა და ამ სახსრის სხვა წარმონაქმნებს. მას განიხილავნ როგორც ხერხემლის სვეტის უკანა განივი იოგის ნაწილს.
2. ჯვარედინა იოგი – lig. cruciforme atlantis, შედგება ორი კონისაგან: გასწვრივი და განივი კონებისაგან. განივი კონა წარმოადგენს ატლასის ლატერალურ მასის – massa lateralis atlantis შიგა ნაწილებს შორის გაჭიმულ შემაერთებელქსოვილოვან ჭიმს. იგი ეხება ღერძმალის კბილის უკანა სასახსრე ზედაპირს და ამაგრებს მას. ამ კონას ატლასის განივი იოგი – lig. transversum atlantis ეწოდება. გასწვრივი კონა – fasciculus longitudinalis შედგება ორი – ზედა და ქვედა ფეხებისაგან. ზედა ფეხი იწყება ატლასის განივი იოგის შუა ნაწილიდან და აღწევს კეფის დიდი ხვრელის წინა ზედაპირს. ქვედა ფეხი, რომელიც ასევე განივი იოგის შუა ნაწილიდან იწყება, მიემართება ქვემოთ და ემაგრება ღერძმალის სხეულის უკანა ზედაპირს.
3. კბილის მწვერვალის იოგი – lig.apicis dentis, გაჭიმულია ღერძმალის (აქსისის) კბილის მწვერვალსა და კეფის დიდი ხვრელის წინა კიდის შუა ნაწილს შორის. ამ იოგს განიხილავენ როგორც ზურგის სიმის რუდიმენტს;
4. ფრთისებრი იოგები – ligg. alaria, წარმოქმნილია შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების კონისაგან და გაჭიმულია ღერძმალის (აქსისის) კბილის გვერდით ზედაპირებსა და კეფის როკების – condyli occipilales შიგნითა ზედაპირებს შორის.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.