საშო

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საშო Vagina

საშო – vagina, წარმოადგენს 8 – 10 სმ სიგრძის ლულას; მდებარეობს შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის; მისი ზემო საზღვარი საშვილოსნოს ყელის დონეზეა, ქვემოთ იგი საშოს ხვრელით – ostium vaginae იხსნება საშოს კარიბჭეში. საშოს აქვს ორი კედელი: წინა კედელი – paries anterior, და უკანა კედელი – paries posterior. წინა კედელი უკანა კედელთან შედარებით სქელია. საშოს ზემო ნაპირი შეზრდილია საშვილოსნოს ყელის შუა ნაწილთან და საშვილოსნოს საშოს ნაწილის წინ და უკან ქმნის ჩაღრმავებას, რომელსაც საშოს თაღს უწოდებენ – fornix vaginae.

ქალის სასქესო ორგანოები

საშოს კედელი შედგება კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილისაგან. კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, შედგება ორი შრისაგან: გარეთა გასწვრივი და შიგნითა ირგვლივი შრეებისაგან. ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, მჭიდროდაა შეზრდილი კუნთოვან გარსთან. იგი გაცილებით უფრო სქელია კუნთოვანზე. ლორწოვანი გარსი კედელზე ქმნის განივი მიმართულების ნაოჭებს – საშოს ნაოჭებს – rugae vaginales. საშოს წინა და უკანა კედლის შუა ნაწილში ლორწოვანი ქმნის გასწვრივი მიმართულების ორ კარგად გამოხატულ შემაღლებას, ე. წ.  წინა და უკანა ნაოჭიან სვეტებს – columnae rugarum anterior et posterior. საშოს ქვემო ნაწილში ეს ნაოჭები უკეთაა განვითარებული, ვიდრე ზემო ნაწილში. წინა სვეტის ქვემო ბოლოს ეწოდება საშოს საშარდე კორძი – carina èãåthralis vaginae. აღნიშნული ნაოჭები განაპირობებენ საშოს ლორწოვანი გარსისა და მასთან ერთად საშოს კედლის ყველა შრის ჭიმვადობას, რაც აადვილებს ნაყოფის გასვლას სამშობიარო გზებში.

ქალის შარდ-სასქესო სისტემა

საშოს წინა კედელი ფაშრადაა შეზრდილი შარდის ბუშტთან და მჭიდრო შემაერთებელი ქსოვილით შარდსადენთან. საშოს წინა გვერდით ნაწილში მდებარეობს შარდსაწვეთი. უკანა კედელი, ზემო ნაწილის გარდა, შეზრდილია სწორი ნაწლავის წინა კედელთან ნაწლავის ამპულის მიდამოში სწორნაწლავ-საშოს ძგიდით. აღნიშნულ ზემო ნაწილში დაახლოებით საშვილოსნოს ხვრელის დონეზე  პერიტონეუმი სწორი ნაწლავიდან გადადის საშოს კედელზე და წარმოქმნის სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავებას – excavatio rectouterina. ქალწულებს საშოს შესავალი შემოსაზღვრული აქვთ ლორწოვანი გარსის დუბლიკატურის თხელი ნაოჭით – საქალწულე აპკით – hymen, რომელსაც ხშირად ნახევარმთავარისებრი ფორმა აქვს. მისი მთლიანობის დარღვევის შემდეგ რჩება ე. წ. საქალწულე აპკის კორძები – carunculae hymenales.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.