ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. საშვილოსნოს ლულა Tuba uterina (salpinx) Uterine [fallopian] tube
საშვილოსნოს ლულა – tuba uterina (salpinx), ცილინდრული ფორმის, წყვილი ორგანოა; მდებარეობს საშვილოსნოს ორივე მხარეს ჰორიზონტალურად. მისი ლატერალური ბოლო იხსნება პერიტონეუმის ღრუში, მედიალური კი – საშვილოსნოს ღრუში. ზრდასრულ ასაკში ლულის სიგრძე საშუალოდ 10 – 12 სმ-ია, სიგანე 0,5 სმ. მარჯვენა და მარცხენა ლულა არაერთნაირი სიგრძისაა.
ლულაში არჩევენ რამდენიმე ნაწილს: საშვილოსნოს ლულის ძაბრი – infundibulum tubae uterinae, საშვილოსნოს ლულის ამპულა – ampulla tubae uterinae, საშვილოსნოს ლულის ყელი – isthmus tubae uterinae და საშვილოსნოს ლულის საშვილოსნოსეული ნაწილი – pars uterina. ლულის გარეთა ბოლოს, ლულის ძაბრს აქვს მუცლისკენა ხვრელი – ostium ahdominale tubae uterinae, რომელიც შემოქობილია ე. წ. ლულის ფოჩებით – fimbriae tubae. ერთ – ერთი ფოჩი გრძელია და შეერთებულია საკვერცხის გარეთა ბოლოსთან. ლულის მუცლისკენა ხვრელის დიამეტრი 2 მმ-მდეა; ამ ხვრელით პერიტონეუმის ღრუ ლულის, საშვილოსნოსა და საშოს გავლით უკავშირდება გარემოს. ლატერალური, გაფართოებული ნაწილი – საშვილოსნოს ლულის ამპულა – ampulla tubae uterinae, ლულის ყველაზე გრძელი ნაწილია, აქვს მოხრილი ფორმა; მისი სანათური შედარებით ფართოა. ლულის მედიალური, შედარებით ვიწრო და სწორი ნაწილი – ლულის ყელი – isthmus tubae uterinae, მდებარეობს საშვილოსნოს ძირისა და სხეულის საზღვარზე; მისი სანათური ძალიან ვიწროა, სისქე დაახლოებით 3 მმ. იგი გრძელდება საშვილოსნოს კედელში მოქცეულ ლულის საშვილოსნოსეულ ნაწილში – pars uterina, და ლულის საშვილოსნოსკენა ხვრელით – ostium uterinum tubae, იხსნება საშვილოსნოში. საშვილოსნოს ლულა გვერდებიდან და ზემოდან დაფარულია სეროზული გარსით – tunica serosa, ხოლო ლულის ნაწილი, რომელიც მიმართულია განიერი იოგის სანათურში, თავისუფალია პერიტონეუმისაგან. აქ განიერი იოგის წინა და უკანა ფურცლები ერთდება და ქმნის საშვილოსნოს ლულის ჯორჯალს – mesusalpinx.
სეროზული გარსის ქვეშ ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი – ლორწქვეშა გარსია – tunica subserosa; კიდევ უფრო ღრმად მდებარეობს კუნთოვანი გარსი – tunica muscularis, რომელიც შედგება სამ შრედ განლაგებული გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისაგან: გარეთა – შედარებით თხელი, შუა – შედარებით სქელი და შიგნითა გასწვრივი შრეებისაგან. საშვილოსნოს ლულის კუნთოვანი გარსი ყველაზე უფრო გამოხატულია მის მედიალურ და საშვილოსნოსეულ ნაწილში, და თანდათანობით მცირდება დისტალური მიმართულებით. კუნთოვანი გარსი აკრავს ლულის ლორწოვან გარსს – tunica mucosa, რომელზედაც გამოხატულია ლულის ნაოჭები – plicae tubariae; ნაოჭები კარგადაა განვითარებული ლულის ამპულის ლორწოვანზე, შედარებით ნაკლებად – ლულის ყელის ლორწოვანზე, ხოლო საშვილოსნოსეულ ნაწილში ნაოჭები ოდნავაა გამოხატული. ფოჩების კიდეებზე ლულის ლორწოვანი გარსი წარმოქმნილია ერთშრიანი ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმით, რომლის წამწამები ირხევიან ლულის საშვილოსნოსეული ნაწილისაკენ; ეპითელის უჯრედთა ნაწილს კი წამწამები არ აქვს და შეიცავენ სეკრეტორულ ელემენტებს
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.