საყლაპავი მილი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საყლაპავი მილი Esophagus

საყლაპავი მილი – esophagus, კუნთოვანი ლულისებრი ორგანოა; მისი საშუალებით ხახა უერთდება კუჭს. საყლაპავი იწყება კისრის მეექვსე მალის დონიდან; გულმკერდის მეთერთმეტე მალის დონეზე იგი გადადის კუჭში. საყლაპავის სიგრძე 25 სმ-ია; მისი მცირე ნაწილი მდებარეობს კისრის მიდამოში, შემდეგ გულმკერდის ზემო შესავლის –  apertura thoracis superior გავლით ეშვება გულმკერდის ღრუში, გაივლის მას, შუასაძგიდისსაყლაპავი საყლაპავისეული ხვრელის – hiatus esophagus გავლით შედის მუცლის ღრუში და გადადის კუჭში. გამომდინარე აქედან, საყლაპავში არჩევენ სამ ნაწილს: კისრის ნაწილი – pars cervicalis, გულმკერდის ნაწილი – pars thoracica, და მუცლის ნაწილი – pars ahdominalis. კისრის ნაწილი ვრცელდება კისრის მეექვსე მალიდან გულმკერდის პირველ – მეორე მალამდე. ამ ნაწილის სიგრძე 5-დან 8 სმ-მდეა; გულმკერდის ნაწილი ყველაზე გრძელია – 15 – 18 სმ და მთავრდება გულმკერდის X-XI მალების, ანუ საყლაპავის hiatus esophageus-ში შესვლის დონემდე. მუცლის ნაწილი ყველაზე მოკლეა, დაახლოებით 1 – 3 სმ. კუჭში გადასვლისას საყლაპავი რამდენადმე ფართოვდება.
საყლაპავი მოთავსებულია ხერხემლის სვეტის წინ და მსვლელობისას წარმოქმნის 4 ნადრეკს: ორ საგიტალურსა და ორ ფრონტალურს. საყლაპავის საწყისი ნაწილი მდებარეობს შუა ხაზზე. გულმკერდის მეორე მალის დონეზე იგი მარცხნივ იხრება, შემდეგ მეხუთე მალის დონეზე კვლავ შუა ხაზზე თავსდება; ქვემოთ  გულმკერდის VIII მალამდე მარჯვნივაა გადახრილი. დაახლოებით Õ მალამდე იგი კვლავ მარცხნივ იხრება. საყლაპავი სამ ადგილასაა შესამჩნევად შევიწროებული: პირველი ხახის საყლაპავში გადასვლის დონეზეა, მეორე შვიწროება – სასულეს გარკაპების დონეზე და მესამე – შუასაძგის საყლაპავის ხვრელის – hiatus esophageus დონეზე. საყლაპავის კისრის ნაწილი უკანა ზედაპირით ესაზღვრება ხერხემლისწინა ფრიფიტას – lamina prevertebralis და უკავშირდება მას ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით, ხოლო წინა ზედაპირით ესაზღვრება სასულეს აპკისებრ კედელს – paries membranaceus. ამ ნაწილში საყლაპავის გვერდებზე გაივლის საერთო საძილე არტერიები და ხორხის შებრუნებული ნერვები. საყლაპავის გულმკერდის ნაწილი უკანა ზედაპირით ასევე ხერხემლის გასწვრივაა, ხოლო წინა ზედაპირის ზემო მესამედი ნაწილით ესაზღვრება სასულეს აპკისებრ კედელს, შემდეგ IV-V მალების დონეზე იგი გადაკვეთს აორტის რკალს; ქვემოთ  ესაზღვრება მარცხენა ბრონქის უკანა ზედაპირს, უკავშირდება მას ბრონქ-საყლაპავის მილის კუნთით – m.. bronchoesophageus. ქვემო მესამედით საყლაპავი ეხება პერიკარდის უბანს, მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭს და მიიმართება რა ქვემოთ, სპირალურად შემოეხვევა აორტას და გადადის საყლაპავის მუცლის ნაწილში.

საყლაპავის მუცლის ნაწილს წინიდან ფარავს ღვიძლის მარცხენა წილი.
საყლაპავის კედელი შედგება სამი გარსისაგან: ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური გარსებისაგან. მუცლის ნაწილი კი დაფარულია სეროზული გარსითაც. ლორწოვანი გარსი – tunica mucosa, დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით. ლორწოვანი გარსის სისქეს ქმნის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი და ლორწოვანი გარსის კუნთოვანი ფირფიტა – lamina muscularis mucosae. ლორწოვან გარსზე კარგადაა გამოხარტული გასწვრივი ნაოჭები, ლორწქვეშა ქსოვილში საყლაპავის ჯირკვლებია – gl. esophageae, რომელთა სადინრები იხსნება ლორწოვანი  გარსის ზედაპირზე.
საყლაპავის კუნთოვანი გარსი – tunica muscularis,  ორი შრისაგან შედგება: შიგნითა ირგვლივი და გარეთა გასწვრივი. ირგვლივი შრე ზემო ნაწილში უკავშირდება ხახის კუნთებს, ხოლო ქვემოთ იგი გადადის კუჭის კუნთოვანი კედლის ირგვლივ და ირიბ ბოჭკოებში.
საყლაპავის ადვენტიციური გარსი – tunica adventitia, წარმოქმნილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს. ამ გარსით საყლაპავი უკავშირდება მის ირგვლივ მდებარე სხვა ორგანოებს. ადვენტიციური გარსის სისქეში მდებარეობს საყლაპავის მკვებავი ძირითადი სისხლძარღვები, ლიმფური ძარღვები, ნერვული წნულები.
ინერვაცია: plexus esophagei.
კვება: კისრის ნაწილში – a. thyroidea inferior; გულმკერდის ნაწილში – aa.. esophageae, bronchiales; მუცლის ნაწილში – aa.. gastrica sinistra, phrenica inferior sinistra.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.