საფეთქელ – ქვედაყბის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საფეთქელ – ქვედაყბის სახსარი Articulatio temporomandibularis Temporomandibular joint

საფეთქელ – ქვედაყბის სახსარი – articulatio temporomandibularis წყვილია; სახსრის წარმოქმნაში მონაწილეობენ: ქვედა ყბის თავი – caput mandibulae, ქვედა ყბის ფოსო – fossa mandibularis და საფეთქლის ძვლის ქიცვისეული ნაწილის სასახსრე ბორცვი – tuberculum articulare.  ქვედა ყბის თავებს აქვთ მორგვისებრი ფორმა; საფეთქლის ძვლის ქვედა ყბის ფოსო მთლიანად არაა ჩართული საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის სასახსრე ღრუში. მასში არჩევენ ორ ნაწილს: ქვედა ყბის ფოსოს სასახსრე ჩანთის გარეთა ნაწილს, რომელიც მდებარეობს დაფ – კლდოვანი ნაპრალის – fissura petrotympanica უკან, და სასახსრე ჩანთის შიგნითა ნაწილს, რომელიც მის წინაა. ფოსოს ეს ნაწილი მდებარეობს სასახსრე ჩანთაში, რომელიც ვრცელდება სასახსრე ბორცვზეც და აღწევს მის წინა კიდეს.

საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი

სასახსრე ზედაპირები დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი ხრტილით. სასახსრე ღრუში მოთავსებულია ოვალური ფორმის ბოჭკოვანი სასახსრე დისკო – discus articularis. დისკო მდებარეობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში და თავისი ზედა ზედაპირით ესაზღვრება სასახსრე ბორცვს – tuberculum articulare, ქვედა ზედაპირით კი – ქვედა ყბის თავს – caput mandibulae; დისკო შეზრდილია სასახსრე ჩანთასთან და სასახსრე ღრუს ყოფს ორ ნაწილად: ზედა და ქვედა ნაწილებად. დისკოს შიგნითა კიდეს ემაგრება ფრთისებრი ლატერალური კუნთის – m. pterygoideus lateralis მყესების ნაწილი.
სასახსრე ჩანთა – capsula articularis ემაგრება სასახსრე ხრტილის კიდეს; საფეთქლის ძვალზე იგი ემაგრება – წინ – სასახსრე ბორცვის – tuberculum articulare წინა თავქვეს, ხოლო უკან – დაფ – კლდოვანი ნაპრალის – fissura petrotympanica წინა კიდეს; მედიალურად იგი აღწევს სოლისებრი ძვლის წვეტს – spina ossis sphenoidalis; ქვედა ყბაზე სასახსრე ჩანთა ფიქსირებულია ყელის ირგვლივ.

საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის იოგები სამ ჯგუფად იყოფა:
1. ჩანთის შიგნითა იოგები – მათ მიეკუთვნება მენისკ – საფეთქლის იოგები (წინა და უკანა), რომლებიც მიემართებიან საფეთქლის ძვლიდან დისკოს წინა და უკანა ნაწილებისაკენ, და მენისკ – ყბის იოგები (შიგნითა და გარეთა), რომლებიც მიემართებიან ქვედა ყბის ყელიდან დისკოს ქვემო ნაწილისაკენ.
2. ჩანთის გარეთა იოგები – მათ მიეკუთვნება ლატერალური იოგი – lig. laterale. იგი იწყება ყვრიმალის მორჩის ფუძიდან, მიემართება ქვედა ყბის ყელის გარეთა და უკანა ზედაპირებისაკენ. ამ იოგის კონების ნაწილი ჩაწნულია სასახსრე ჩანთაში. იოგში არჩევენ ორ ნაწილს – წინა (ანუ გარეთას) და უკანა (ანუ შიგნითას);
3. იოგები, რომლებიც მიეკუთვნებიან საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარს, მაგრამ არ უკავშირდებიან სასახსრე ჩანთას:
ა) სოლისებრ – ქვედა ყბის იოგი – lig. sphenomandihulare, – იწყება სოლისებრი ძვლის წვეტიდან – spina ossis sphenoidalis და ემაგრება ქვედა ყბის ნაქს – lingula mandibulae;
ბ) სადგის – ქვედა ყბის იოგი – lig. stylomandibulare, იწყება სადგისისებრი მორჩიდან და მიემართება ქვედა ყბის კუთხისაკენ. საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარი მიეკუთვნება ჭაღისებრი სახსრებს – ginglymus. მარჯვენა და მარცხენა საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრები ერთობლივად ქმნიან ერთ კომბინირებულ სახსარს. სახსრებში მოძრაობისას შესაძლებელია ქვედა ყბის დაწევა და აწევა, ასევე წინ, უკან და გვერდებზე (მარვნივ და მარცხნივ) მოძრაობა.


გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.