სათესლე ჯირკვალი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ჯირკვალი Testis Testicle

სათესლე – testis, ელიფსური ფორმის წყვილი ჯირკვალია; მოთავსებულია სათესლე პარკში. სიგრძე საშუალოდ 4,5 სმ-ია, სიგანე – 3 სმ, სისქე – 2 სმ. წონა სრულასაკოვან მამაკაცებში 20 – 30 გ-მდეა. სათესლე ჯირკვალში განარჩევენ მედიალურ და ლატერალურ ზედაპირებს, – facies medialis et lateralis, წინა და უკანა კიდეებს – margo anterior et posterior, ზემო და ქვემო ბოლოებს – extremitas superior et inferior. სათესლე ჯირკვალი უკანა კიდით დაკიდებულია სათესლეს ბაგირაკზე (მარცხენა უფრო ქვევითაა) ისე, რომ იგი ზემო ბოლოთი დახრილია წინ, ხოლო ლატერალური ზედაპირით – უკან. სათესლე ჯირკვლის უკანა კიდესთან მდებარეობსსათესლე სათესლე ჯირკვლის დანამატი – epididymis. ჯირკვალი გარედან დაფარულია თეთრი ფერის შემაერთებელქსოვილოვან გარსით, რომელსაც სათესლეს თეთრი გარსი ეწოდება – tunica albuginea; თეთრი გარსიდან ჯირკვლის სისქეში წარიზიდება შემაერთებელქსოვილოვანი მორჩები – სათესლეს ძგიდეები – septula testis, რომლებიც ჯირკვალს ყოფენ სათესლეს წილაკებად – lobuli testis. ძგიდეები მდებარეობენ რადიალურად, მიემართებიან წინა კიდიდან და გვერდითი ზედაპირებიდან უკანა კიდისაკენ, რომლის ზემო ნაწილში ისინი ერთდებიან და წარმოქმნიან სამკუთხა ფორმის სხეულს, რომელსაც სათესლის შუასაყარი – mediastinum testis, ეწოდება; შუასაყარი წარმოადგენს გასქელებულ თეთრ გარსს. წილაკების რაოდენობა ჯირკვალში დაახლოებით 100-დან 250-მდეა. წილაკებს კონუსის ფორმა აქვთ და მწვერვალით შუასაყარისაკენ არიან მიქცეული. თითოეული წილაკი შეიცავს  თესლის კლაკნილ მილაკს – tubuli seminiferi contorti, (3 – 4)  რომელთა სიგრძე 70 – 100 სმ, ხოლო დიამეტრი კი – 140 მკ-ია. თესლის მილაკები შეიცავენ თესლწარმომქნელ ელემენტებს, საიდანაც წარმოიქმნებიან სპერმატოზოიდები. წილაკის მწვერვალთან 3 – 4 მილაკი ერთდება და გადადის თესლის სწორ მილაკში – tubuli seminiferi recti. სწორი მილაკები შედიან სათესლეს შუასაყარში, უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან სათესლეს ბადეს – rete testis. ბადეს გამოეყოფა დაახლოებით 18-მდე სათესლეს გამომტანი მილაკი – ductuli efferentes testis; მილაკები გაივლიან თეთრ გარსს და შედიან სათესლე ჯირკვლის დანამატის თავში. სათესლესათესლე ჯირკვალი თავის დანამატთან ერთად მოთავსებულია სათესლეს ბუდისებრ გარსში – tunica vaginalis testis. გარედან სათესლე ჯირკვალი დაფარულია ვისცერული ფურცლით – lamina visceralis, რომელიც გადადის პარიეტულ ფურცელში – lamina parietalis. ვისცერული ფირიფიტა მთელ სიგრძეზე მჭიდროდაა შეზრდილი თეთრ გარსთან და მხოლოდ უკანა კიდესთან რჩება დაუფარავი უბანი, საიდანაც ჯირკვალში შედიან სისხლძარღვები და ნერვები.

სათესლე ჯირკვლის დანამატი – epididymis, წარმოადგენს წაგრძელებული ფრომის წყვილ წარმონაქმნს; მოთავსებულია სათესლე ჯირკვლის უკანა კიდესთან. დანამატი წარმოქმნის თესლის გამომყოფი გზების ძირითად მასას. მასში განარჩევენ: თავს – caput epididymidis, სხეულს – corpus epididymidis და კუდს – cauda epididymidis, რომელიც გრძელდება თესლის გამომტან სადინარში – ductus deferens. დანამატის თავი შედგება სათესლეს დანამატის წილაკებისაგან (კონუსებისაგან) – lobuli epididymidis.

სათესლედანამატის თავზე ზოგჯერ აღინიშნება შემაერთებელქსოვილოვანი რუდიმენტური წარმონაქმნი – სათესლეს დანართი (კეწერი) – appendix testis. დანამატი დაფარულია ვისცერული ფურცლით – სათესლის ბუდისებრი გარსით. დანამატის სხეულსა და სათესლე უკანა კიდეს შორის რჩება ნაპრალისებრი სივრცე, რომელსაც სათესლე დანამატის წიაღს – sinus epididymidis უწოდებენ. ვისცერული ფურცელი დანამატის თავზე და კუდზე გადასვლისას ქმნის სათესლე დანამატის ზემო და ქვემო იოგებს – ligg. epididymidis superius et inferius.

ინერვაცია: plexus celiacus, renalis, aorticus, hypogastricus.
სისხლმომარაგება: a. testicularis.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.