ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. საზარდულის არხი Canalis inguinalis Inguinal canal
საზარდულის არხი – canalis inguinalis წარმოადგენს ნაპრალს მუცლის კედლის ქვემო ნაწილში. მამაკაცებში მასში მოთავსებულია სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, ქალებში – საშვილოსნოს მრგვალი იოგი- lig. teres uteri. არხს აქვს ირიბი მიმართულება. საზარდულის ზედაპირული რგოლიდან, რომელიც მოთავსებულია ბოქვენის ძვლის ზემო ტოტის წინა ნაწილის ზემოთ, არხი მიემართება ირიბად ლატერალურად ზემოთ და რამდენადმე უკან, საზარდულის ღრმა რგოლისაკენ; არხის სიგრძე 4 – 5 სმ-ია.
საზარდულის არხის კედლებს ქმნის: ა) წინას – მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი; ბ) უკანას – მუცლის განივი ფასცია; გ) ქვემოს – საზარდულის იოგის ღარი; დ) ზემოს – მუცლის განივი კუნთისა და შიგნითა ირიბი კუნთების ქვემო კიდეები.
საზარდულის ზედაპირული რგოლი – anulus inguinalis super ficialis, მდებარეობს ბოქვენის ძვლის ზეოთ, აქვს ოვალური ხვრელის ფორმა (2,5 – x 1 – 2,5 სმ), რომელიც ზემოდან და ქვემოდან მოსაზღვრულია საზარდულის იოგის მედიალური და ლატერალური ფეხებით – crus mediale et crus laterale, ლატერალურად – ფეხთაშუა ძაფებით – fibrae intercrurales, მედიალურად და ქვემოდან – შებრუნებული იოგით – lig. reflexum. ამ ხვრელში მდებარეობს სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, (მამაკაცებში), ქალებში – საშვილოსნოს მრგვალი იოგი – lig. teres uteri.
საზარდულის ღრმა რგოლი – anulus inguinalis profundus იქმნება მუცლის განივი ფასციის ძაბრისებრი ჩაღრმავებით, რომელიც მოსაზღვრულია: მედიალურად ორმოთაშორისი იოგით – lig. interfoveolare. საზარდულის იოგის უკანა კედელი გამაგრებულია მუცლის განივი კუნთის აპონევროზის ქვემო კიდის ბოჭკოებით, რომლებიც მაგრდებიან ბოქვენის ძვლის ბორცვსა და ქედზე და ქმნიან საზარდულის ნამგალს [შემაერთებელი მყესი] – falx inguinalis (tendo conjunctions). საზარდულის ღრმა რგოლის მედიალურად მდებარეობს სისხლძარღვები – ქვემო ეპიგასტრული არტერიები და ვენები – a. et vv. epigastricae inferiores, რომლებსაც შეესაბამება ჭიპის ლატერალური ნაოჭი – plica umbilicalis lateralis.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.