ადამიანის ნორმალური ანატომია. საერთო საძილე არტერია A. carotis communis Common carotid artery
ლალი დათეშიძე
საერთო საძილე არტერია – a. carotis communis, წყვილი სისხლძარღვია; მარცხენა საერთო საძილე არტერია გამოდის აორტის რკალიდან, მარჯვენა კი – მხარ – თავის ღეროდან. ამიტომ, მარცხენა საერთო საძილე არტერია რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია მარჯვენაზე. საერთო საძილე არტერია მიემართება თითქმის ვერტიკალურად ზემოთ და გულმკერდის ზემო ხვრელის – apertura thoracis superior საშუალებით ამოდის კისრის მიდამოზე. აქ ის თავსდება კისრის მალების განივი მორჩებისა და მათი მფარავი კუნთების წინა ზედაპირზე, სასულესა და საყლაპავის გვერდით, მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის – m. stemocleidomastoideus ქვეშ. საერთო საძილე არტერიის გარეთ მდებარეობს შიგნითა საუღლე ვენა – v. jugularis interna, უკან – ცთომილი ნერვი – n. vagus. ეს სამი წარმონაქმნი შეხვეულია შემაერთებელ ქსოვილში და მას ნერვ – ძარღვთა კონა ეწოდება; კონა მდებარეობს კისრის ღრმა კუნთებზე.
ფარისებრი ხრტილის ზემო კიდის დონეზე საერთო საძილე არტერია იყოფა: გარეთა საძილე არტერია – a. carotis externa და შიგნითა საძილე არტერია – a. carotis intema. გაყოფის ადგილზე აღინიშნება საერთო საძილე არტერიის გაფართოებული ნაწილი საძილე სინუსი – sinus caroticus, აქვეა მცირე ზომის კვანძი – საძილე გლომუსი – glomus caroticum. საძილე გლომუსი დაკავშირებულია საძილე არტერიის ადვენტიციასთან და შედგება შემაერთებელი ქსოვილისა და მასში მოთავსებული სპეციფიკური უჯრედებისაგან. საძილე გლომუსი შეიცავს დიდი რაოდენობით სისხლძარღვებსა და ნერვებს. საძილე აგლომუსის კედელი გამოირჩევა იმით, რომ მისი tunica media სუსტადაა განვითარებული, ხოლო tunica adventitia გასქელებულია და შეიცავს დიდი რაოდენობით ელასტიკური ბოჭკოებსა და მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.