ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ოსტეოლოგია
ანატომიის ნაწილს, რომელიც ძვლებს შეისწავლის ოსტეოლოგია ეწოდება. ძვლები – ossa – წარმოადგენენ სხეულის რბილი ქსოვილების საყრდენს, რომლებიც კუნთებს მოჰყავთ მოძრაობაში; ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა სახის შეერთებებით და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას – ძვლოვან ჩონჩხს – skeletum s. skeleton.
გარედან ძვალი დაფარულია ძვლისაზრდელათი – periosteum-ით. მასში განასხვავებენ ორ შრეს – გარეთა და შიგნითა შრეებს. გარეთა, ანუ ფიბროზული შრე უფრო მდიდარია სისხლძარღვებითა და ნერვებით, ვიდრე შიგნითა შრე. ფიბროზულ შრეშია ლიმფური კაპილარებისა და ლიმფური ძარღვების ქსელი, ასევე ძვლის ნერვები. არტერიული ტოტები ძვლის გარეთა ზედაპირზე არსებული მრავალი წვრილი ხვრელით გაივლის ძვლისაზრდელას ორივე შრეს და ძვლის ნივთიერებაში შეიჭრება ე. წ. მასაზრდოებელი (მკვებავი) ხვრელით – foramina nutricia, რომელიც გრძელდება მკვებავ არხში – canalis nutricia. შიგნითა, ანუ ძვლის წარმომქმნელი – ოსტეოგენური შრე მდიდარია ძვლის წარმომქმნელი უჯრედებით – ოსტეობლასტებით. ძვლისაზრდელათი დაფარული არ არის ძვლის სასახსრე ზედაპირები – facies articulares, მათ ფარავს სასახსრე ხრტილი – cartilago arlicularis.
ფორმის მიხედვით განასხვავებენ გრძელ ანუ ლულისებრ ძვლებს – ossa longa, მოკლე ძვლებს – ossa brevia, ბრტყელ ძვლებს – ossa plana, და შერეულ ძვლებს. ზოგიერთ ძვალს გააჩნია ჰაერით ავსებული ღრუ და მათ ეწოდებათ ჰაეროვანი ანუ პნევმატიკური ძვლები – ossa pneumatica. გრძელ ანუ ლულისებრ ძვლებში განასხვავებენ ძვლის შუა ნაწილს – სხეულს – corpus, ანუ დიაფიზს, და ორ ბოლო ნაწილს extremitates, ანუ ეპიფიზებს.
სხეულთან უფრო ახლოს მდებარე ძვლის ბოლოს უწოდებენ პროქსიმალურს – extermitas proximalis, ხოლო ამავე ძვლის ბოლოს, რომელიც მეტადაა დაშორებული სხეულიდან, უწოდებენ დისტალურ ბოლოს – extremitas distalis. ძვლების ზედაპირზე არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღრმული, ხვრელი, შემაღლება: მორჩები – processus, გამონაშვერები – apophyses, წვეტები – spinae, ქედები – cristae, ბორცვები – tubera, ხორკლები – tubercula, ხორკლიანი ხაზები და რიგი სხვა წარმონაქმნები. ბავშვობისა და ყრმობის პერიოდში (18 – 25 წლამდე) ძვლის ეპიფიზსა და დიაფიზს შორის აღინიშნება ეპიფიზური ხრტილი, რომლის უჯრედების გამრავლების ხარჯზე ძვალი იზრდება სიგრძეში.
ძვალი განაკვეთზე შედგება ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ნივთიერებისაგან: გარეთა მკვრივი კომპაქტური ნივთიერებისა – substantia compacta და შიგნითა ღრუბლისებრი ნივთიერებისაგან – substantia compacta.
ლულისებრი ძვლების დიაფიზის შუაში არსებობს ძვლის ტვინის ღრუ – cavum medullare, რომელიც, ისევე როგორც ღრუბლისებრი ნივთიერების უჯრედები, ამოვსებულია ძვლის ტვინით. ქალას ძვლების კომპაქტური ნივთიერების ორ ფირფიტას (გარეთასა და შიგნითას – lamina externa et interna) შორის არსებულ ღრუბლისებრ ნივთიერებას დიპლოეს უწოდებენ.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება
.